რა დაინახა ბოლოს NASA-ს კეპლერის ტელესკოპმა? — გამოვლენილია 3 ობიექტი
პროფესიონალმა და მოყვარულმა მეცნიერებმა NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის თითქმის 1-დეკადიანი მისიის ბოლოს მოპოვებული მონაცემები გააანალიზეს და გამოავლინეს ის 3 ობიექტი, რომელიც მას შესაძლოა, ბოლოს დაეფიქსირებინა.
პროექტ Visual Survey Group-ის ფარგლებში მომუშავე გუნდმა ობსერვატორიის მიერ აღბეჭდილი ვარსკვლავების სიკაშკაშის ცვლილება შეისწავლა და 3 სხვადასხვა მნათობის დისკოს წინ (ჩვენი პერსპექტივიდან) ეგზოპლანეტის ტრანზიტის, ანუ ჩავლის კვალი შენიშნა. შედარებით დაბალი ხარისხის მონაცემებში აქედან 2 ტრანზიტის განმეორების ვიზუალურ მტკიცებულებასაც მიაგნეს.
გამოვლენილი ციური სხეულებია K2-416 b, K2-417 b და EPIC 246251988 b, რომელიც ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს, ანუ მისი არსებობა ბოლომდე დადასტურებული არაა. პირველი მათგანი ყველაზე პატარაა, თუმცა დედამიწაზე 2.6-ჯერ დიდია და მისი ორბიტული პერიოდი 13 დღეს შეადგენს. მეორე ჩვენს პლანეტას ზომით 3-ზე მეტჯერ აღემატება და წითელი ჯუჯა ტიპის ვარსკვლავის გარშემო მოძრაობას 6.5 დღეს ანდომებს. მესამე დედამიწაზე 4-ჯერ დიდი უნდა იყოს, დაახლოებით 10-დღიანი ორბიტული პერიოდით.
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი 2009 წელს გაუშვეს. აქედან 4 წლის განმავლობაში ის 150 000 ვარსკვლავს დააკვირდა და ათასობით პოტენციური ეგზოპლანეტა დააფიქსირა. ეს NASA-ს პირველი მისია იყო, რომლის ფარგლებშიც სასიცოცხლო ზონაში მოძრავი, დედამიწის ზომის ციური სხეული ვიპოვეთ.
2014 წელს პირველმა მექანიკურმა პრობლემებმა იჩინა თავი, რამაც ობსერვატორიის დაკვირვებები, ე.წ. კამპანიები, დროებით შეაჩერა, მაგრამ ხარვეზი მალევე გამოსწორდა, რის შემდეგაც ტელესკოპმა 4 წელი კიდევ იფუნქციონირა. ამ დროში მან დამატებით 500 000 მნათობი შეისწავლა. საბოლოოდ, ის ექსპლუატაციიდან 2018 წელს გავიდა, როცა უკვე 2 600 დადასტურებული ეგზოპლანეტა ჰქონდა დაფიქსირებული.
ბოლოს მან 1-თვიანი კამპანია შეასრულა, მაგრამ მაღალი ხარისხის მონაცემები მცირე ოდენობით მოიპოვა. სწორედ ამ პერიოდში შეგროვებული ინფორმაცია გააანალიზეს მეცნიერებმა უკანასკნელი კვლევის ფარგლებში.
მათი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები