სატურნის თანამგზავრ ენცელადიდან 10 000 კილომეტრის სიმაღლის წყლის გეიზერი იფრქვევა — NASA
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით, მეცნიერებმა სატურნის თანამგზავრ ენცელადზე 10 000 კილომეტრამდე სიმაღლის წყლის გეიზერი დააფიქსირეს. ენცელადი სატურნის ყინულოვანი მთვარეა, რომლის ზედაპირის ქვეშაც ოკეანისა და სიცოცხლის არსებობას ვარაუდობენ. სატურნის ამ პატარა თანამგზავრიდან ამოფრქვეული წყალი რგოლების მქონე პლანეტის ორბიტაზე წყლის ღრუბლებს ქმნის და სატურნის ყინულოვან რგოლებს ამარაგებს.
აღმოჩენის შესახებ რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ, თუმცა ახლა NASA-მ მისი მასშტაბი დააზუსტა და მეტი დეტალიც გავიგეთ.
ასევე იხილეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპმა სატურნის მთვარეზე უზარმაზარი გეიზერი აღმოაჩინა, რომელიც წყალს კოსმოსში აფრქვევს
აღსანიშნავია, რომ აქამდე სატურნის მთვარეზე წყლის ამოფრქვევა 2005 წელს, Cassini-ს კოსმოსურმა ხომალდმა დააფიქსირა. შესაბამისად, ეს მეცნიერებისთვის ახალი ამბავი არ არის. თუმცა, Cassini-ს მიერ მოწოდებული მონაცემებით მეცნიერებმა საკმაოდ შეზღუდული ინფორმაცია მიიღეს გეიზერები სიძლიერისა თუ მასშტაბის შესახებ. ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული წყლის ჭავლის სიმაღლე ნამდვილად სიახლეა. 10 000 კილომეტრამდე სიმაღლით, ეს გეიზერი ენცელადის სიგანეს 20-ჯერ აჭარბებს.
ენცელადი, მზის სისტემაში, სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთი კანდიდატია. ჯეიმს ვების ტელესკოპი კი მეცნიერებს დაეხმარება გაარკვიონ, საიდან და როგორ დააკვირდნენ უკეთ სატურნის ამ ყინულოვან თანამგზავრს.
ვების ახალმა გაზომვებმა აჩვენა, რომ 500 კილომეტრის სიგანის ენცელადიდან წყლის გეიზერის ამოფრქვევის სიჩქარე წამში 360 ლიტრია. NASA აღნიშნავს, რომ ეს საკმარისი სიჩქარეა იმისათვის, რომ ოლიმპიური საცურაო აუზი წყლით რამდენიმე საათში გაივსოს.
მეცნიერები ცდილობდნენ, ვების მეშვეობით ენცელადზე წყალი დაეფიქსირებინათ, მიღებულმა შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა.
"როდესაც დავგეგმეთ [ენცელადზე ვებით დაკვირვება] ვფიქრობდით, რომ მის ზედაპირთან ახლოს მცირე რაოდენობით წყალს შევნიშნავდით. ამ ტიპის წყლის ემისიის ნახვას არ ველოდით", — ამბობს NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის ასტრონომი და კვლევის წამყვანი ავტორი, ჯერონიმო ვილანუევა Space.com-თან საუბარში.
გაზომვებმა აჩვენა, რომ პატარა ზომის მიუხედავად, ენცელადს დიდი ეფექტი აქვს გაზის გიგანტის – სატურნის გარემოზე. წყლის გეიზერი ქმნის უზარმაზარ წყლის ღრუბელს, რომელიც სატურნის ორბიტაზე ნაწილდება და ვრცელდება პლანეტის სხვა მთვარეებისკენ. NASA-ს ცნობით, მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ წყლის მხოლოდ 30% რჩება ადგილზე და ქმნის დონატის ფორმის წყლის ღრუბელს, დანარჩენი, დაახლოებით 70% კი ვრცელდება სატურნის სისტემის დანარჩენ ნაწილზე და მის ფარგლებს გარეთ.
მეცნიერებს ახლა ის აინტერესებთ, რა შეიძლება ვრცელდებოდეს ენცელადიდან მზის სისტემაში. Cassini-ის მიერ მოპოვებულმა მონაცემებმა ადრე აჩვენა, რომ ენცელადიდან ამოფრქვეული ჭავლი შეიცავდა სიცოცხლის ხელწერას. ანუ მეთანს, ნახშირბადს, ჟანგბადსა და ფოსფორს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ პატარა მთვარეს აქვს ყველა საჭირო კრიტერიუმი იმისათვის, რომ სიცოცხლის ფორმებს უმასპინძლოს, მით უფრო მაშინ, როცა მას ყინულის ზედაპირსა და მყარ ბირთვს შორის მოქცეული თხევადი ოკეანე აქვს.
მთვარის სატურნთან სიახლოვე ასევე ნიშნავს, რომ ბირთვი ექვემდებარება უზარმაზარ გრავიტაციულ ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, წარმოქმნის სითბოს მთვარეში და მასთან ერთად, შესაძლოა, ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გაჩენას.
Cassini-ისგან განსხვავებით, ვების ტელესკოპის დაკვირვებებმა, პირველ ჯერზე, ამ წყლის სამყაროში სიცოცხლისთვის აუცილებელი მოლეკულების კვალი ვერ იპოვა. ვილანუევა ამბობს, რომ მათ პოვნას მომავალში ეცდებიან.
კომენტარები