ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ატომი რენტგენულად შეისწავლეს
მეცნიერთა გუნდი ახალ მიღწევას გვიზიარებს — მათ, ისტორიაში პირველად, ერთადერთი ატომის რენტგენული სიგნალი დააფიქსირეს, რაც მატერიის უმცირესი კომპონენტების დონეზე შესწავლისა და მათი ქიმიური მდგომარეობის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს.
1895 წლიდან დღემდე, რენტგენი მრავალ სფეროში აქტიურად გამოიყენება, მათ შორის მედიცინასა და ასტრონომიაშიც. დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად, ამ გზით გამოსაკვლევი ნიმუშების ზომა ნელ-ნელა მცირდებოდა. მაგალითად, ასეთი უმცირესი ობიექტის წონა ატოგრამია, ანუ 10−18 გრამი, რაც დაახლოებით 10 000 ატომს მოიაზრებს. მეცნიერებს დიდი ხანი სურდათ, რომ ამ მეთოდით მხოლოდ ერთ ატომს დაჰკვირვებოდნენ, მაგრამ მას ძალიან სუსტი სიგნალი აქვს, რაც საქმეს ართულებდა.
"ეს გარემოსა და მედიცინაზე დიდ გავლენას იქონიებს და შესაძლოა, დაავადებების განკურნების გზასაც მივაგნოთ, რაც კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ეს აღმოჩენა მსოფლიოს შეცვლის", — აცხადებენ ავტორები.
სპეციალისტებმა აშშ-ში მდებარე არგონის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული სინქროტრონული რენტგენის აპარატი გამოიყენეს, დემონსტრაციისთვის კი რკინისა და ტერბიუმის ატომები შეარჩიეს. მათ ტრადიციული ხელსაწყოები სათანადო დეტექტორით აღჭურვეს, რომელიც ნიმუშთან უკიდურესად მიახლოებული ლითონის ბასრი წვერია. ამგვარად, მათ ელექტრონების რენტგენული სხივები შეაგროვეს, რაც მატერიის ელემენტარული ტიპის იდენტიფიცირებას ხდის შესაძლებელს, რადგან თითის ანაბეჭდის მსგავსად უნიკალურია.
ავტორებმა დაადგინეს, რომ ტერბიუმის ატომი, რომელიც დედამიწის ქერქში იშვიათი ელემენტია, უფრო იზოლირებულია და ქიმიურ მდგომარეობას არ იცვლის. მეორე მხრივ, რკინის ატომი გარემოსთან მეტად ურთიერთქმედებს. ეს სხვაობა ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის, რადგან ტერბიუმის მაგვარი იშვიათი კომპონენტები თანამედროვე ყოველდღიურ ტექნიკაში აქტიურად გამოიყენება. შესაბამისად, მათზე მეტის გაგებით შეგვიძლია, ისინი ჩვენს საჭიროებებს უკეთ მოვარგოთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები