ეს წიგნები მომწამლავია და შესაძლოა, თქვენს თაროებზეც ეწყოს
შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ზოგიერთი წიგნი, პირდაპირი მნიშვნელობით, მომწამლავია. საქმე ისაა, რომ ისინი შესაძლოა, არც მეტი, არც ნაკლები, დარიშხანს შეიცავდეს, რომლის მავნებლობის შესახებაც, ალბათ, ყველას სმენია.
ყველაფერი მწვანე ყდის მქონე წიგნით დაიწყო, რომელშიც სწორედ ეს ქიმიური ელემენტი აღმოაჩინეს. მას შემდეგ დღემდე, ვინტერთურის მუზეუმის პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით კიდევ 101 ასეთი ნიმუში გამოვლინდა, ბევრი კი შესაძლოა, თაროებზე ჯერ კიდევ შეუმჩნევლად ეწყოს.
"დამნაშავე" პიგმენტია, რომელიც ზურმუხტისფერი მწვანეა, იგივე სპილენძის აცეტოარსენიტი, რომელშიც დარიშხანს ვხვდებით. ის ძველად წიგნების ყდების დასამზადებლად გამოიყენებოდა. მისი, როგორც პიგმენტის წარმოება 1814 წლიდან დაიწყო, თუმცა მწერების საწინააღმდეგო საშუალებადაც მოიხმარდნენ.
აღნიშნული ფერის პოპულარობა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში 1850-იან წლებში გაიზარდა, შესაბამისად, ამგვარი ყდის მქონე წიგნები მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშიც გაიფანტა. ერთ-ერთი ასეთი ნიმუში 1857 წელს გამოქვეყნებული წიგნია, სახელად "Rustic Adornments for Homes and Taste", რომლის ყდაზეც შავი წებოვანი ლაქა იყო გამოყოფილი. მისმა რენტგენულმა და სპექტროსკოპულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის დარიშხანს შეიცავდა.
ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ ის ადამიანები არიან, რომელთაც მსგავს წიგნებთან უწევთ მუშაობა, მაგალითად, ბიბლიოთეკარები და მკვლევრები. სპეციალისტები მათ ნიტრილის ხელთათმანების გამოყენებას ურჩევენ. ასევე, ყდიდან ნებისმიერი გამოყოფილი ნივთიერების მოწმენდას ერთჯერადი ქაღალდით.
შეგახსენებთ, რომ დარიშხანით მოწამვლა საკმაოდ სერიოზულია და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. ხანმოკლე სიმპტომებს შორისაა გულისრევა, დიარეა და კიდურების დაბუჟება, ხოლო ხანგრძლივი ეფექტია კანის დაზიანებები და სიმსივნის გაზრდილი რისკი.
ასე რომ, თუ თქვენს ბიბლიოთეკაში ზურმუხტისფერი გარეკანის მქონე ძველ წიგნს გადააწყდებით, ფრთხილად იყავით.
კომენტარები