რა უნდა იცოდე, თუ მოსკოვზე შეტევის ამბავი ახლა გაიგე
რა მოხდა: დღეს დილით რუსეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენს მყუდროება დაერღვა და დრონების აფეთქებების ხმამ შეაწუხა.
- კრემლის მედია წერდა, რომ საცხოვრებელ სახლებს უპილოტო საფრენი აპარატები დაეჯახა.
- ტელეგრამ არხები ათეულობით დრონის შეტევაზე იუწყებოდნენ, რომელთაგან 1 სახლში შეფრინდა, მაგრამ არ აფეთქდა, ნაწილი კი ჩამოგდეს.
- სოციალური ქსელები შეშფოთებული რუსების და აფეთქებების ვიდეოებმა მოიცვა.
რა გავიგეთ: ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, "ძლიერი, ძალიან ძლიერი" აფეთქება დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა.
- RBC, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში 10-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.
- კერძოდ, მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს, ისტრასა და კრასნოგორსკის რაიონებში, ასევე ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე.
- ტელეგრამის არხი Shot წერს, რომ თავდასხმაში 32 დრონი მონაწილეობდა — მათგან 19 ჩამოაგდეს მოსკოვის მისადგომებთან, დაახლოებით 10 ხეებში გაიხლართა, სამი კი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.
- რა თქმა, უნდა გაცილებით ნაკლებ, 8 დრონზე საუბრობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
- ჟურნალისტი ფარიდა რუსტამოვა აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი დრონი მოსკოვის მახლობლად სოფელ რაზდორის თავზე ჩამოაგდეს, ანუ პუტინის რეზიდენციიდან არც თუ ისე შორს.
თავდასხმის შედეგები: დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა თქვა, რომ თავდასხმისას რამდენიმე შენობა დაზიანდა და სერიოზულად არავინ დაშავებულა.
- მხოლოდ ორმა ადამიანმა გამოიძახა სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზაცია არავის დასჭირდა.
- კორპუსებიდან, რომელსაც დრონები დაეჯახა, მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
- ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილია.
- რია წერს, რომ ერთ-ერთ სახლში დაინგრა ფასადი და მინა.
- ტელეგრამ არხების ინფორმაციით, შეტევის შემდეგ მოსკოვში სიგნალს ახშობენ.
რა თქვეს რუსეთში: თავდაცვის სამინისტრომ ხელი მაშინვე "კიევის რეჟიმისკენ" გაიშვირა და ამას ტერორისტული ოპერაცია უწოდა.
- მათი მტკიცებით, 8 საფრენი აპარატიდან 3-მა ჩამხშობი სისტემის გამო გადაუხვია სამიზნეებს, 5 კი ჩამოაგდეს.
- მათი მათემატიკური გათვლებიდან გაქრა ის დრონები, რომელიც კორპუსს შეეჯახა.
- სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა თავდასხმას "საინფორმაციო კამპანია" უწოდა, რომლის მიზანიც პანიკის დათესვაა.
- კარტაპოლოვი თავს იმართლებს, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა და "ყოველთვის იქნება ხვრელი, სადაც თვითმფრინავს შეუძლია შეფრენა იმ ტერიტორიების გვერდის ავლით, სადაც განლაგებულია საჰაერო თავდაცვის სისტემები".
რა უპასუხეს უკრაინაში: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა იხუმრა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ და შესაძლოა, "ზოგიერთი დრონი არ იყო მზად უკრაინას დასხმოდა თავს", ამიტომ ხელმძღვანელებს დაუბრუნდა და კითხვა დაუსვა, რატომ გზავნიან უკრაინელ ბავშვებზე და კიევზე შესატევად.
- მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ცდება, ვისაც ჰგონია, რომ ცალმხრივ თამაშს ითამაშებს და სუვერენულ სახელმწიფოს დაუსჯელად დაესხმება თავს.
- ნახეთ თავდასხმის კადრები, რომელიც მედუზამ გააერთიანა.
არქივიდან: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინა რუსეთს საპასუხო დარტყმებს აყენებს და კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოკუპანტი ქვეყნის ძლევამოსილებას.
- მაგალითად, განხორციელდა არაერთი თავდასხმა ბელგოროდზე და უკრაინის იმ ოკუპირებულ რეგიონებზე, რომელსაც რუსეთ აკონტროლებს.
- გარდა ამისა, რამდენიმე კვირის წინ კრემლის სახურავს დრონი დაეჯახა და ცეცხლი გააჩინა.
- უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ არასდროს ამბობს, რომ პასუხისმგებელი თავად არიან, თუმცა მიგვანიშნებენ, რომ ამ მოვლენებთან კავშირი აქვთ.
კომენტარები