კრუბერის გამოქვაბული აფხაზეთში — დედამიწის მეორე უღრმესი მღვიმე, რომლის ფსკერამდეც არავის ჩაუღწევია
საქართველოში, აფხაზეთში არსებულ არაბიკის მასივზე, კრუბერის გამოქვაბულია განლაგებული, რომელიც მთელს მსოფლიოში სიღრმით მეორე ადგილს იკავებს. პირველობა ვერიოვკინის მღვიმეს ეკუთვნის, რომელიც ასევე ჩვენს ქვეყანაში, გაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს.
კრუბერის გამოქვაბული იმდენად უზარმაზარია, რომ მის ფსკერამდე ჯერ ვერავინ ჩააღწია. მისი ვერტიკალური ღრმულები იმ ზომამდე აღწევს, რომ იქ თავისუფლების ქანდაკებაც კი უპრობლემოდ ჩაეტევა. იქამდე მისასვლელი გზა ძალიან რთულია და შავ ზღვასთან ახლოს მაღლობებისა და დაბლობების გადალახვას მოითხოვს. რაც შეეხება შესასვლელს, ის ისეთი გიგანტური არაა, როგორიც წარმოგვიდგენია, არამედ კლდეზე არსებული 6 პატარა ღრუ ადგილია, რომელსაც ქვემოთ ჩავყავართ.
შიგნით ჩასული ადამიანების თვალწინ გასაოცარი სანახაობა იშლება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, გვირაბები, მომცრო ტბები, წყლის ნაკადები და ა.შ. გამოქვაბულის სიღრმე 2 199 მეტრია და ის ზღვის დონიდან დაახლოებით 2 250 მეტრ სიმაღლეზეა განლაგებული.
ამ წარმოუდგენელი მასშტაბების მღვიმეში რამდენიმე ვერტიკალური ღრმულია, რომელშიც სპეციალური თოკებით ეშვებიან. როგორც ვახსენეთ, უღრმესი წერტილი 2 199 მეტრზეა, რომელიც 2012 წელს უკრაინელმა გენადი სამოხინმა გაზომა. ბევრი ადგილი იქ წყლითაა დაფარული, რაც მათ შესწავლას ართულებს.
ასობით მეტრით ქვემოთ ჩასვლა სერიოზულ რისკთანაა დაკავშირებული და განსაკუთრებულ წვრთნას საჭიროებს, რის გამოც კრუბერის გამოქვაბულში ექსპედიციების განხორციელება ძალიან შრომატევადი პროცესია.
ხშირ შემთხვევაში, სპეციალისტებს გზის გასაგრძელებლად მღვიმის გათხრა უწევთ. ასევე, დაბალი ტემპერატურის მქონე ბნელ გარემოში ზედიზედ რამდენიმე ღამის გათევა და ზედაპირზე, დღის სინათლეზე, მხოლოდ 2 კვირის შემდეგ ამოსვლა.
აღსანიშნავია, რომ ვერიოვკინის მღვიმის სიღრმე კრუბერისას მხოლოდ 13 მეტრით აჭარბებს, ამიტომ არაა გამორიცხული, რომელიმე ექსპედიციამ მომავალში უფრო დაბალ წერტილამდე ჩააღწიოს და კრუბერის გამოქვაბულმა პირველ ადგილზე გადაინაცვლოს.
კომენტარები