როგორ ხმას გამოსცემს მზე? — მოუსმინეთ
მზე ჩვენთვის პლაზმის უზარმაზარი ბურთია, რომლისგანაც სინათლესა და სითბოს ვიღებთ. ასეთი მძლავრი კოსმოსური ობიექტის კვალობაზე, ის ძალიან "ჩუმია", რადგან კოსმოსში ბგერითი ტალღები არ გადაადგილდება და, შესაბამისად, დედამიწამდეც ვერ აღწევს.
მაგრამ რა მოხდებოდა, მზის "ჟღერადობის" გაგონება რომ შეგვეძლოს?
ჩვენი ვარსკვლავი, მასში მიმდინარე ბირთვული რეაქციების წყალობით, წარმოუდგენელი ოდენობის ენერგიას გამოყოფს. სითბოსა და სინათლის გარდა, ის ხმასაც გამოსცემს, რომელიც არ გვესმის. სამხრეთ-დასავლურ კვლევით ინსტიტუტში მომუშავე ჰელიოფიზიკოსის, კრეგ დეფორესტის თქმით, კოსმოსის ვაკუუმში ასეთი ვიბრაციები რომ გადაადგილდებოდეს, ძლიერი ხმაური შეგვაწუხებდა.
კერძოდ, მისი გამოთვლებს თანახმად, ხმაურის მაჩვენებელი დაახლოებით 100 დეციბელი იქნებოდა, რაც შეგვიძლია როკკონცერტზე დინამიკის გვერდით დგომისას ან ხალხმრავალ ღამის კლუბში გაგებულ ხმას შევადაროთ. და ეს მაშინ, როცა მზე ჩვენგან 150 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული.
ამ მნათობისთვის დამახასიათებელი ბგერების შესახებ მონაცემები სხვადასხვა სამეცნიერო ხელსაწყოს მეშვეობით მოგვეპოვება, როგორიცაა ზონდ SOHO-ზე დამონტაჟებული Michelson Doppler Imager (MDI). ეს აპარატი მზეს გარს 1.6 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე უვლის.
მზის ხმა ისეთი დაბალი სიხშირისაა, რომ ადამიანის ყური მას ვერ დააფიქსირებს, ასევე, ის ერთი ტონის სახით არაა წარმოდგენილი, არამედ რთული აკუსტიკური სტრუქტურისაა. იმისათვის, რომ ის მოსმენადი გახდეს, საჭიროა, ათობით ათასჯერ ავაჩქაროთ და კვირების განმავლობაში გამოცემული ვიბრაციები რამდენიმე წამში ჩავატიოთ. შედეგად ყრუ ზუზუნს ვიღებთ, მაგრამ დაუმუშავებელი ხმა უფრო ქაოსურია.
კომენტარები