ეს აპლიკაცია თქვენს ხმას იწერს და 15 წუთში ერთხელ ჰაკერებს უგზავნის — რა მოვიმოქმედოთ
თუ სმარტფონში ეს აპლიკაცია გაქვთ, აუცილებლად უნდა წაშალოთ.
ზოგჯერ საუკეთესო Android აპლიკაციაც კი შეიძლება, ჩვენთვის საზიანო გახდეს: კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია ESET-ის უწყებით, პროგრამა iRecorder უკვე დისტანციური შეღწევის ტროიანის (RAT) მატარებელია. აპლიკაცია ეკრანის ჩამწერია და iRecorder - Screen Recorder ეწოდება. იგი Google Play Store-იდან 50 ათასჯერ გადმოწერეს.
ჯერ კიდევ 2021-ში, როცა აპლიკაცია Play Store-ზე აიტვირთა, იგი სრულებით ჩვეულებრივად მუშაობდა. პრობლემებმა 2022 წლის აგვისტოში იჩინა თავი, როდესაც iRecorder - Screen Recorder-ის ახალი, 1.3.8, ვერსია გამოვიდა და Android-ების საზიანო პროგრამით, AhRat-ით, ინფიცირება დაიწყო.
გადმოწერის შემდეგ საზიანო პროგრამას შეუძლია, ხმა ჩაიწეროს და იგი C&C სერვერზე ატვირთოს, რომელსაც ჰაკერები მართავენ — ESET-ის მკვლევრის განცხადებით, იგი ჩანაწერებს აპლიკაციის დეველოპერს 15 წუთში ერთხელ უგზავნიდა. შესაძლებელია, მან მოწყობილობიდან ნებისმიერი სახის ფაილი მოიპაროს: ფოტოები, ვიდეოები, დოკუმენტები და შენახული ვებგვერდებიც კი.
ESET-ის უწყების შედეგად Play Store-იდან აპლიკაცია უკვე ამოშლილია. მიუხედავად ამისა, თუკი იგი სმარტფონზე გადმოწერილი გაქვთ, უმჯობესია, ახლავე წაშალოთ.
iRecorder - Screen Recorder ამ ეტაპზე ერთადერთი აპლიკაციაა, რომელიც AhRat საზიანო პროგრამას ავრცელებს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, სამომავლოდ მსგავსი რამ სხვა პროგრამებსაც დაემართოს. ამრიგად, უმჯობესია, სმარტფონში განახლებები დააყენოთ ხოლმე, შესაძლო საფრთხეების შესამოწმებლად კი ანტივირუსებს მიმართოთ.
თუ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თავის უკეთ დაცვა გსურთ, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.
კომენტარები