ჩინურმა მავალმა მარსზე ჩრდილოეთის ოკეანის კვალს მიაგნო
ჩინეთის მიერ მისია Tianwen-1-ის ფარგლებში მარსზე გაშვებულმა მავალმა Zhurong წითელ პლანეტაზე ჩრდილოეთის ოკეანის კვალს მიაგნო. ეს აპარატი უტოპიის დაბლობის სახელით ცნობილ რეგიონში 2021 წელს დაეშვა და მას შემდეგ ამ არეალს იკვლევს.
მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ უძველესი ოკეანის ადგილმდებარეობის გარკვევა იყო. მავალმა ჩრდილოეთის დაბლობზე სწორედ წყალთან დაკავშირებული დანალექი ქანების არსებობა გამოავლინა. მარსზე ამგვარი ბუნებრივი რეზერვუარის არსებობას მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ და მას პალეო-ოკეანედ მოიხსენიებდნენ. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ გვქონდა მონაცემები, რომლებიც უშუალოდ მარსის ზედაპირზე ჩატარებულ კვლევებს ეფუძნებოდა, ამიტომ ეს საკითხი საკამათო იყო.
ახლა კი ჩვენს ხელსაა სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც Zhurong-ის მულტისპექტრულმა ხელსაწყომ MSCam მოიპოვა. კერძოდ, სანავიგაციო და სახმელეთო კამერების მეშვეობით, აპარატმა პანორამული სურათების 106 წყება გადაიღო და მარსის ამ რეგიონში ზედაპირის მორფოლოგია და ქანების სტრუქტურული მახასიათებლები გამოავლინა. მეცნიერები ამბობენ, რომ წითელი პლანეტის პალეო-ოკეანემ ჩრდილოეთ დაბლობებზე წყლის მიერ წარმოქმნილი გეოლოგიური არეალის ფორმირებას შეუწყო ხელი, რომელსაც Vasitas Borealis Formation-ს უწოდებენ.
იქ განლაგებულია ქვები, რომლებიც ოკეანის ფსკერის გარემოს შეესაბამება და ძალიან განსხვავდება ვულკანური წარმოშობის ნიმუშებისგან, რომლებიც მარსზე გავრცელებულია. ასევე, მათზე შეინიშნება წყლის ისეთი პერიოდული დინების კვალი, რომელიც ე.წ. ლიტორალურ ზონებს, ანუ ნაპირთან ახლომდებარე ფსკერს უკავშირდება. ეს მიუთითებს, რომ შესაძლოა, გამოკვლეული ქანები მარსის ჩრდილოეთის ოკეანის უკან დახევისას გაჩენილიყო.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში National Science Review გამოქვეყნდა.
კომენტარები