აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ ალცჰაიმერის ფონზე მეხსიერების შესანარჩუნებლად
ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მახსოვრობის გაუარესებაა, რომელსაც, კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, შეგვიძლია, მარტივი ხერხით შევეწინააღმდეგოთ.
ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ღრმა ძილია. სპეციალისტთა თქმით, ის მედეგობას ზრდის ბეტა-ამილოიდური ცილების მიმართ, რომლებთანაც დემენციისთვის დამახასიათებელი მეხსიერების პრობლემებია დაკავშირებული. ასევე, ძილის დარღვევა ტვინში სწორედ მსგავსი ცილების დაგროვებასთან ასოცირდება, რაც ალცჰაიმერის პათოლოგიაა. შესაბამისად, ღამით კარგად გამოძინება ამ დაავადებასთან შებრძოლების საშუალებას გვაძლევს.
"თუკი ვფიქრობთ, რომ ძილი მახსოვრობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეიძლება ის იყოს თავსატეხის უცნობი ნაწილი, რომლითაც ავხსნით, რატომ აქვს იდენტური მწვავე ამილოიდური პათოლოგიის მქონე 2 ადამიანს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მახსოვრობა? თუ ეს ჰიპოთეზა დადასტურდება, გასაოცარი იქნება, რადგან ძილი ისეთი რამაა. რისი შეცვლაც შეგვიძლია, ეს მოდიფიცირებადი ფაქტორია", — ამბობენ ავტორები.
სპეციალისტები 62 ზრდასრულს დააკვირდნენ, რომელთა ნახევარსაც ტვინში დიდი ოდენობით ამილოიდური დანალექი ჰქონდა, მეორე ნახევარს კი — არა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პირველ ჯგუფში შემავალმა ინდივიდებმა, რომლებსაც ღრმად ხშირად ეძინათ, მახსოვრობის ტესტს უკეთ გაართვეს თავი, ვიდრე იმავე პრობლემის მქონე სხვა პირებმა. პათოლოგიის არმქონე მონაწილეებში ეს სხვაობა არ დაფიქსირებულა, რაც გასაკვირი არაა, რადგან მათ მეხსიერებას არაფერი ემუქრებოდა.
ე.წ. კოგნიტიური რეზერვის ამგვარ ფაქტორებს შორის ძილის გარდა ფიზიკური აქტიურობა, სოციალური ჩართულობა და სწავლის პროცესია, თუმცა მათგან ყველაზე ადვილად კონტროლირებადი სწორედ ღრმა ძილია. ამიტომაა მეცნიერთა ახალი კვლევა მნიშვნელოვანი.
მათი ნაშრომი გამოცემაში BMC Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები