ჩეჩენ ჟურნალისტს, რომელიც რუსეთმა აწამა, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს
ჩეჩენ ჟურნალისტს, რომელიც რუსეთმა აწამა და სამი წლით ციხეში გამოკეტა, საქართველომ შემოშვებაზე უარი უთხრა. მისთვის მიზეზი არ განუმარტავთ.
ჟალავდი გერიევი, OC Media-ს ყოფილი თანამშრომელი თბილისის აეროპორტში ბუდაპეშტიდან შაბათს დაეშვა, თუმცა მას უთხრეს, რომ ქვეყანაში ვერ შემოუშვებდნენ.
გერიევის თქმით, მას შემდეგ რაც მესაზღვრემ მისი პასპორტიდან დაბადების ადგილი — ჩეჩნეთი ამოიკითხა, მისი საბუთები დამატებით შესამოწმებლად წაიღეს.
"ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც რუსეთის აეროპორტში", — უთხრა გერიევმა OC Media-ს.
ჟურნალისტი ქართველ სამართალდამცავებს "არაპროფესიონალიზმში" და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
"აშკარად რაღაც ბრძანება აქვთ მიღებული ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლების შესახებ და ყველა ადამიანზე, ვის დოკუმენტებშიც ჩრდილოკავკასიაა მითითებული დაბადების ადგილად, პოლიციიდან დამატებითი ნებართვა უნდა გაიცეს", — ამბობს გერიევი.
ლოდინის შემდეგ გერიევი სპეციალურ, კამერებით აღჭურვილ ოთახში შეიყვანეს, სადაც უთხრეს, რომ მას საქართველოში არ შემოუშვებდნენ.
"ვიკითხე, იყო თუ არა [ოფიცრის] კამერა ჩართული და საპასუხოდ ემოციური გზავნილი გავაჟღერე შეურაცხმყოფელი ელემენტებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო", — ამბობს გერიევი.
გერიევმა თქვა, რომ არშემოშვების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან გასულ წელს მის რამდენიმე კოლეგასაც უთხრეს შემოშვებაზე უარი.
"საქართველო მხოლოდ იმ ჟურნალისტებს ეუბნება უარს, რომლებიც რუსეთს აკრიტიკებენ"
ნათია კაპანაძე, კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" თავმჯდომარე ხელისუფლების მოქმედებას გმობს. მისი თქმით, მთავრობა ასე მხოლოდ იმ ჟურნალისტებს ექცევა, რომლებიც რუსეთს აკრიტიკებენ ან უკრაინიდან ჩამოდიან საქართველოში.
"ეს ტრენდი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2021 წელს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტები არ შემოუშვეს. მათ სააკაშვილთან შეხვედრა და მასთან ინტერვიუს ჩაწერა უნდოდათ. ამის შემდეგ უამრავ ისეთ ჟურნალისტს შეექმნა პრობლემა, ვინც ღიად აკრიტიკებს რუსეთს", — ყვება ნათია OC Media-სთან საუბარში.
გერიევი გადაწყვეტილების გასაჩივრებას უფლებადამცველების ჯგუფთან უფლებები საქართველოსთან ერთად აპირებს.
კაპანაძის თქმით, წარმატების შანსი ძალიან მცირეა და წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეუძლია თქვას, რომ ეს "გრძელი და ჩახლართული პროცესი" იქნება.
"ქართველ სამართალდამცავებს ევალებათ, რომ ჟურნალისტის დაკავებისა და მისი თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი ახსნან", — ამატებს ის.
ნათია კაპანაძის თქმით, ასეთი ინციდენტები ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს და ხელს უშლის ჟურნალისტის საქმიანობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გერიევის შემთხვევაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება მხოლოდ ინდივიდუალური მესაზღვრის მოვალეობაა, "გასაჩივრების უფლება კი ყველას აქვს".
ჟალავდი გერიევს 2014 წელსაც უთხრეს უარი ქვეყანაში შემოსვლაზე. ის უფლებადამცველ აქტივისტ ბექან გელგოიევთან ერთად რუსეთში დაადეპორტეს, თუმცა ამის შემდეგ მას არაერთხელ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი.
გერიევი 2016 წლის აპრილში, გამოცემა Caucasian Knot-თან თანამშრომლობის პერიოდში ჩეჩნეთში სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.
ის ტყეში თავზეჩანთაჩამოცმული მიიყვანეს და იმიტირებული მკვლელობა მოუწყვეს. მას ჟურნალისტურ საქმიანობაზე უსვამდნენ კითხვებს. მოგვიანებით ზურგჩანთაში ნარკოტიკები ჩაუდეს და აიძულეს, აღიარებაზე ხელი მოეწერა.
ჟალავდი გერიევი იმავე წელს კანაბისის ფლობისთვის გაასამართლეს. მან ჩერნოკოზოვოს სასჯელაღსრულების კოლონიაში სამი წელი დაჰყო. ჟურნალისტი 2019 წელს გაათავისუფლეს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები