ნახეთ: რაკეტა, რომელსაც ატმოსფეროში ადამიანთა ფერფლი უნდა აეტანა, აფრენიდან წამებში აფეთქდა
პირველ მაისს მცირე ზომის რაკეტა SpaceLoft XL-ს ნიუ-მექსიკოს უდაბნოდან ფრენა უნდა შეესრულებინა და დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში NASA-ს ასტრონავტისა და ერთ-ერთი ქიმიკოსის ფერფლი აეტანა. ამის მიუხედავად, ჰაერში აჭრიდან რამდენიმე წამში აპარატი მოულოდნელად აფეთქდა.
მისია კომპანია Celestis-ისა და სტარტაპ UP Aerospace-ის თანამშრომლობით ხორციელდებოდა. პირველი მათგანი საზოგადოებას "კოსმოსური დაკრძალვის" უჩვეულო სერვისს სთავაზობს და დაღუპული ადამიანების ნაშთების ამგვარ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მართალია, ბოლო მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ფერფლი გადარჩა და მას მომდევნო ჯერზე გაუშვებენ.
"120-ივე კაფსულა პერსონალის ხელში უსაფრთხოდაა და შემდეგი ფრენისთვის დაგვიბრუნდება, როგორც კი UP და Spaceport America სათანადო გამოძიებას ჩაატარებს და საჭირო ზომებს მიიღებს", — აცხადებენ Celestis-ში.
გადარჩენილი ნაშთებიდან ერთი NASA-ს ასტრონავტ ფილიპ ჩეპმენს ეკუთვნის, რომელიც მთვარის მისია Apollo 14-ში მონაწილეობდა, მეორე კი ქიმიკოს ლუის ენ ო'დინისაა. Celestis-ს 1990-იანი წლებიდან დღემდე "კოსმოსური დაკრძალვისთვის" 17 მისია აქვს განხორციელებული, აქედან ერთის ფარგლებში კი აპარატი მთვარეს შეაჯახეს.
გარდა ამ ადამიანთა ფერფლისა, რაკეტაში NASA-ს პროექტ TechRise-ის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ტვირთიც იყო მოთავსებული. Celestis-ში ამბობენ, რომ რაკეტის აფეთქების შესახებ დეტალების გარკვევას უკვე ცდილობენ და მომდევნო მისიისთვის ემზადებიან.
კომენტარები