"მედიაში ჩვენი ხმა არ ისმის", — გვითხრეს ეთნიკურად აზერბაიჯანელმა და სომეხმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც რეგიონებში TDI-ის ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრაზე ვესაუბრეთ. მართლაც ასეა. პრობლემები, რომლებიც გაგვიზიარეს, პრიორიტეტი არც მეინსტრიმ მედიისთვის და, როგორც ჩანს, არც სახელმწიფოსთვისაა. საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობა, დისკრიმინაცია, ინტეგრაცია — ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში განვიხილავდით. თემა, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღება დაუთმეს, განათლება და მასზე ხელმისაწვდომობაა.

ამ სტატიაში სტუდენტები გარიკი, არზუ და სუსანა გამოცდილებას გვიზიარებენ. გვესაუბრებიან გამოწვევებსა და იმ გზაზე, რომელიც ქართული ენის შესასწავლად და განათლების მისაღებად გამოიარეს.

გარიკი

გარიკ გასპარიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია წითელსოფლიდან. შეხვედრების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. როცა ინტერვიუსთვის შევუთანხმდით, სასაუბროდ უნივერსიტეტში მიგვიწვია, იქ სადაც დღის დიდ ნაწილს ატარებს და ქართულ ენას სწავლობს.

ფოტო: თათია შურღაია / On.ge

ქართულისა და სომხურის გარდა, კიდევ 2 ენაზე, ინგლისურად და რუსულად საუბრობს. მინიმალურ დონეზე იცის აზერბაიჯანულიც, აზერბაიჯანელი კურსელებიც ჰყავს და ასე ავითარებს ამ ენის ცოდნასაც.

"ამით არ დავამთავრებ", — ამბობს და აღნიშნავს, რომ ესპანურის სწავლაც უნდა.

ის მიზანი მაქვს, რომ უნივერსიტეტს, როცა დავამთავრებ, ისე უნდა ვილაპარაკო ქართულად, ვიფიქრო და ვიაზროვნო, დავწერო, როგორც ქართველმა. არა მარტო როგორც ქართველმა, როგორც განათლებულმა ქართველმა.

გარიკი

სახელმწიფო ენის ცოდნა გარიკის მიზანი ყოველთვის იყო. თუმცა გარემო-პირობები სურვილის რეალიზების შესაძლებლობას არ აძლევდა. წითელსოფელში საბავშვო ბაღი არ არის, შესაბამისად, არც გარიკს და არც მის თანატოლებს იქ სიარულის საშუალება არ ჰქონიათ.

ქართული ენის სწავლა სომხურენოვან სკოლაში დაიწყო. მასწავლებელი ეთნიკურად ქართველი ჰყავდა, თუმცა ის საათები, რაც გაკვეთილებისთვის იყო გამოყოფილი, საკმარისი არ აღმოჩნდა. გარიკი გვიხსნის, რომ ამ პროცესს მუდმივი კომუნიკაცია და ბავშვებთან საუბარი სჭირდება.

მე-10 კლასში იყო, როცა პირველად წავიდა ბანაკში, იქ კი ყველა თანატოლი ეთნიკურად ქართველი დახვდა. ენის ბარიერის გამო მათთან კომუნიკაციას თითქმის ვერ ახერხებდა, ამიტომ, ეს პერიოდი მოსაწყენად ახსენდება. სწორედ მაშინ გაიაზრა პირველად ენის სწავლის აუცილებლობა.

"10 დღე ვიყავი იქ და არაფერი გამიკეთებია, ისე გავიდა დღეები. იმ დღეს (დავფიქრდი), რატომ არ ვიცი ქართული ენა. ჩემთან ერთად სხვა ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვებიც იყვნენ, ვინც უფრო კარგად იცოდნენ ქართული, იმიტომ, რომ ისეთი სოფლებიდან იყვნენ, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ".

მე-10 კლასიდან სწავლა ჟვანიას სკოლაში გააგრძელა. სკოლის პარალელურად, იქ ენას 4 წლის განმავლობაში ეუფლებოდა — შედეგად A1 დონიდან B2 დონეს მიაღწია.

ჟვანიას სკოლას ქართული ენის სასწავლო პროგრამა აქვს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. სწავლება სამ რეგიონში მიმდინარეობს: ქვემო ქართლი, სამცხე–ჯავახეთი, კახეთი და სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ერთ აკადემიურ ჯგუფში 8-15 ადამიანი შედის. სკოლაში ამბობენ, რომ მათ საკუთრებაში აძლევენ ძირითადი სასწავლო მასალების კრებულს და დამატებითი მასალების ქსეროასლებს, დროებით სარგებლობაში კი — დამხმარე ლიტერატურას.

მსმენელს, რომელიც წარმატებით დაასრულებს პროგრამას, გადაეცემა სერტიფიკატი. ხოლო მათ, ვინც წარმატებით ვერ დაასრულებს — შესაბამისი ცნობა.

იხსენებს, რომ თავდაპირველად ენის შესწავლის მსურველი ბევრი იყო, თუმცა, კოვიდპანდემიისას, მაშინ, როდესაც სწავლება დისტანციური გახდა, რაოდენობამ იკლო და სულ რამდენიმე ბავშვი დარჩა.

"ადვილი არ იყო. იმიტომ, რომ ეროვნებით სომეხი ხარ, მარნეულში ვცხოვრობ, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები არიან, ქართველები კი ნაკლებად. რთული იყო. მე ვფიქრობ, რომ ქართული ენა კარგად არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი".

ჟვანიას სკოლაში სწავლის მეორე წელს ბანაკში კიდევ ერთხელ მოხვდა, ამ დროს ენა მინიმალურ დონეზე უკვე იცოდა, ამიტომ ურთიერთობა უფრო მარტივად გაბედა და მეგობრები შეიძინა. ამის შემდეგ, პროექტებში მონაწილეობაც დაიწყო — თავდაპირველად სომხურ თემში, შემდეგ კი ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად ესწრებოდა ტრენინგებს. პირველისგან სრულიად განსხვავებულად ახსენდება ის გამოცდილება, რომელიც გასულ წელს ეთნობანაკში მიიღო. მასში 60 ეთნიკურად ქართველი და მის გარდა, 1 ეთნიკურად სომეხი მონაწილეობდა.

"იქ გავიგე, რომ მე უკვე ვიცი ქართული ენა, იმიტომ, რომ ბავშვებთან ვისაუბრე, ყველაფერი გავიგე, ჩართული ვიყავი, აქტიური ვიყავი და გავიგე, რომ არა — მე უკვე ვიცი ქართული ენა".

ენის სწავლის მთავარ პრობლემას ინფორმაციის ნაკლებობაში ხედავს. მისი თქმით, რთულად მოიპოვება სიახლეები პროგრამების შესახებ. ასევე, ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმაზე, თუ რატომ არის საჭირო ეს და რა მიზანს ემსახურება.

მის გარშემო ყველა ფიქრობდა, რომ სწავლასა და ცხოვრებას სომხეთში გააგრძელებდა. თავად ბავშვობიდან იცოდა, რომ გეგმები საქართველოს უკავშირდებოდა. მე-11 კლასამდე არ ჰქონდა ინფორმაცია, ქვეყანაში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებზე, საბოლოოდ კი, მოხდვა იქ, რაც პირველივე აირჩია — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 100%-იანი გრანტით. ამ ეტაპზე, 1+4 პროგრამით ქართულ ენას სწავლობს.

1+4 პროგრამა სახელმწიფომ 2010 წელს შემოიღო. ეს გამარტივებული სისტემაა, რომელიც ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და მაღალი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. სტუდენტები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, აგრძელებენ სწავლას სასურველ ფაკულტეტზე.

პროგრამის პლუსებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოება და თემის წარმომადგენლები ხარვეზებზეც საუბრობენ. იმ სტუდენტებს, რომლებიც მაღალ ქულებს და გრანტს ვერ იღებენ, მოსამზადებელ კურსზე, საქართველოში ქართული ენის სასწავლად, 2 250 ლარის გადახდა უწევთ.

გარიკი თბილისში, უნივერსიტეტში ყოველდღე მარნეულიდან დადის, ლექციებს ესწრება და უკან ბრუნდება. სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლის გაგრძელების შემდეგ, დედაქალაქში გადმოსვლასაც გეგმავს.

სურს, მაგისტრატურა ესპანეთში გააგრძელოს, შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. უნდა, ელჩი გახდეს, მაგრამ ჯერ ზუსტად არ იცის, პოლიტიკა და დიპლომატიაც მოსწონს.

უნივერსიტეტი ერთადერთი არ არის, რასაც დროს უთმობს. აქტიურადაა ჩართული არაფორმალურ განათლებაშიც. მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წევრია. სწავლას ტრენერობასა და სპიკერობასაც უთავსებს და ტრენინგებს ტოლერანტობაზე, აქტივიზმსა და მოხალისეობაზე ატარებს.

ჩვენ რომ მივდივართ სომხეთში, ჩვენ ვართ სომხები საქართველოდან, ან ქართველი სომხები. აქაც ამბობენ, რომ შენ ხარ სომეხი. ანუ არც იქ ვართ ჩვენ, როგორც ჩვენ და არც — აქ. ჩვენ აქ დავიბადეთ, როგორც სრულფასოვანი მოქალაქეები.

გარიკი

წერს პროექტებსაც, მარტში ერთ-ერთმა, სახელად — აქტიური ახალგაზრდები სოფლებიდან, გამარჯვებაც კი მოუტანა. ახლა ტრენინგები 3 სოფელში უნდა ჩაატაროს. ფიქრობს, ლოკაციას იმის მიხედვით აირჩიოს, რომ ეთნიკურად სომეხმა ახალგაზრდებმა შეძლონ დასწრება. სურს, ამით მოტივაციის გაზრდასა და მათ გააქტიურებას შეუწყოს ხელი.

ფიქრობს, რომ არაფორმალურ განათლებას ახალგაზრდის ცხოვრებაში დიდი როლი უკავია, რადგან იქ ენის გარდა ბევრ რამეს, მათ შორის, ტოლერანტობას სწავლობ, იაზრებ განათლების მნიშვნელობასაც. გარიკი მიიჩნევს, რომ ახლა უფრო ინტეგრირებულია, ვიდრე მაშინ, როცა ქართული ენა არ იცოდა. თავისუფლად ურთიერთობს ეთნიკურად ქართველ თანატოლებთან და მეგობრებიც ჰყავს.

"იყო დრო, ჩემთვის თბილისი ცალკე იყო, მარნეული — ცალკე. ჩვენზე ზოგი ამბობს, რომ ეთნიკურად უმცირესობები არიან, მაგრამ ჩვენც ვართ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენც ვართ საქართველოს მომავალი".

მოუსმინეთ გარიკის ისტორიას:

არზუ

არზუ ჯალალოვა ლაგოდეხიდან, სოფელ კაბლიდან არის. ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს.

არზუ სკოლაში 5 წლის ასაკში შევიდა. დედას თავიდანვე სურდა, შვილს ქართული ენა ესწავლა. სწორედ მისი დამსახურებაა რომ ახლა ენას ასე კარგად ფლობს.

ფოტო: თათია შურღაია / On.ge

პირველიდან მე-6 კლასამდე აზერბაიჯანულ სკოლაში სწავლობდა, მე-7 კლასიდან სწავლა ერთ კილომეტრზე მეტი დაშორებით, სხვა სოფელში მდებარე გიორგიეთის საჯარო სკოლაში გააგრძელა, რასაც გარშემომყოფთა აღშფოთებაც კი მოჰყვა.

"ზოგიერთმა ჩემმა ნათესავმა თქვა კიდეც, რომ ერთადერთი ქალიშვილი როგორ უნდა გაუშვა სხვა სოფელში სასწავლებლად, რომელშიც არ გეცოდინება, რა მოხდება. მაგრამ დედაჩემს სჯეროდა იმის, რომ პატარაობიდან როგორც აღმზარდა, იმას გავყვებოდი".

ენის არცოდნის გამო მე-9 კლასამდე ახალ სკოლაში სწავლა ძალიან უჭირდა, ბევრი შრომაც მოუწია იმისთვის, რომ თანაკლასელებს არ ჩამორჩენოდა. გვიყვება, რომ აზერბაიჯანულ სკოლაში ქართულ ენას ყოველ დღე თითო გაკვეთილი ეთმობოდა, რაც საკმარისი არ იყო. ქართულის სასწავლად ჯერ მე-7 კლასში ემზადებოდა კერძო რეპეტიტორთან, შემდეგ კი აბიტურიენტობისას.

არზუ იმ სტიგმებზეც გვესაუბრება, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით არსებობს. ამიტომ განსაკუთრებით მადლიერია ოჯახის, რომელმაც ამისთვის რესურსი არ დაიშურა.

"ეს არის ერთ-ერთი ურთულესი გზა, რასაც გადიან დღევანდელი ახალგაზრდები", — გვეუბნება არზუ და აღნიშნავს, რომ ხშირად ოჯახები საკუთარ შვილებს სასწავლებლად შორს ვერ უშვებენ, რიგ შემთხვევაში, ამის საშუალება არ აქვთ, უმეტესად კი იმიტომ, რომ სტერეოტიპული დამოკიდებულებები არსებობს.

ზოგიერთი ვერც იღებს განათლებას, ან ზოგიერთი იძულებული ხდება, დატოვოს უნივერსიტეტი, რომელიც მისი ერთ-ერთი ოცნება იყო.

არზუ

აქტიურადაა ჩართული არაფორმალური განათლების საკითხებში, რადგან მისი მოსწავლეობის პერიოდი სწორედ ასეთ აქტივობებში მონაწილეობამ გააფერადა. ერთ-ერთი პირველი ახალგაზრდულ ცენტრის მიერ გამოცხადებული ჩანახატების კონკურსი იყო, რომელშიც 10 გამარჯვებულს შორის მოხვდა. გრამატიკულად გასწორებაში მასწავლებელი დაეხმარა, პირველი ბიძგიც მან მისცა, გამარჯვება კი მისთვის სამომავლოდ სტიმული აღმოჩნდა. ამავე პერიოდში არაერთ პროექტსა და ტრენინგში ერთვებოდა და აქტიურად მონაწილეობდა ბანაკებშიც.

შემდეგ იყო უნივერსიტეტი. იურიდიული სფერო მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა. პატარაობაში მედიცინა აინტერესებდა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი საკუთარი თავის ძებნამ მიიყვანა.

სამართლიანი ადამიანი ვარ და არასდროს არ მიყვარს უსამართლოდ რამის გაკეთება, უსამართლოდ მოქცევა. უსამართლობა არის ჩემი ერთ-ერთი სუსტი წერტილი. დღესდღეობით უსამართლობას ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება შეხვდეს და არ ვიცი, ეგ რთული იქნება, მაგრამ ყველანაირად შევეცდები, წვლილი შევიტანო, რომ სამართლიანობა უფრო მეტი იყოს ჩვენ ქვეყანაში, ვიდრე უსამართლობა.

არზუ

როცა უნივერსიტეტის შერჩევის დრო მოვიდა, ვარიანტებს მეგობართან ერთად განიხილავდა, სიამოვნებით ცვლიდნენ ინფორმაციებსაც.

არზუს 1+4-ით არ უსარგებლია. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც აქვს, ამბობს, რომ ეს პროგრამა ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგია, თუმცა ერთი წელი არაა საკმარისი ენის იმ დონეზე სასწავლად, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად გამოგადგება.

"ეს ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა დღევანდელი ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები დღეს თუ ვერ სწავლობენ აქ, ერთ-ერთი მიზეზი, ქართული ენის არცოდნაა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მაგალითია, ძალიან ბევრ ჩემს მეგობარსაც მოუწია, დაეტოვებინა, იმიტომ რომ ვერ შეძლო და ვერ გააგრძელა, ვერ გადავიდა ფინალურებში და ეს არის ურთულესი".

მოუსმინეთ არზუს ისტორიას:

სუსანა

სუსანა ყოფილი მორბენალია. ახლა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობის ფაკულტეტის სტუდენტია. ახალციხეში ქართულ და სომხურენოვან ბაღში დადიოდა. იქ ეთნიკურად ქართველებიც სწავლობდნენ, ამიტომ ენის სწავლა მისთვის რთული არ ყოფილა.

ფოტო: Facebook

რუსული მეორე საჯარო სკოლა დაამთავრა, სადაც ქართული და რუსული სექტორები იყო. ამბობს, რომ როგორც სხვაგან, არც იქ ეთმობოდა ენის შესწავლას დიდი დრო. მაშინ ვერ იაზრდებდა, რომ ეს სამომავლოდ ხელს შეუშლიდა, თუმცა, როცა აბიტურიენტი გახდა, მიხვდა, რომ პროგრამას სათანადოდ ვერ უმკლავდებოდა და ყველაფრის სწავლა თავიდან მოუწია.

ჟვანიას სკოლაში სიარული უნდოდა, მაგრამ მსურველის ნაკლებობის გამო ვერ შეძლო.

"ბევრმა არ იცის ინფორმაცია ჟვანიას სკოლაზე, ამიტომაც ვერ მიდიან და ვერ სწავლობენ. მაგრამ დედაჩემი სწავლობდა ონლაინ, კოვიდი არ იყო. არჩევითი იყო და რადგან სოფლებიდანაც იყვნენ ონლაინ ტარდებოდა. მეც ვისმენდი და საკმაოდ კარგ დონეზე ასწავლიდნენ".

ენის სწავლისსას მთავარ პრობლემას კომუნიკაციის ნაკლებობაში ხედავს. ამბობს, რომ ახალგაზრდები სომხურენოვან წიგნებს უფრო ხშირად კითხულობენ, ვიდრე ქართულს. გამოცდილებით კი იცის, რომ წიგნების კითხვა ენის სწავლისთვის მნიშვნელოვანია.

არ იცის საქართველოში გააგრძელებს თუ არა ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ ენის ცოდნა აუცილებელია, რადგან სხვაგვარად კომუნიკაციის დამყარებას ვერ შეძლებს.

ქართული საჭიროა, თან ადვილი იქნება განათლების მიღება, რაც ჩემთვის მთავარია.

სუსანა

თავდაპირველად კურსელებთან კომუნიკაციის რცხვენოდა, თუმცა ახლა ეს ბარიერიც გადალახა. აპირებს, სწავლა მაგისტრატურაზე გააგრძელოს.

სუსანას შეფასებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა ენის სწავლა რომ შეძლონ, სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. მისი აზრით, სკოლის პროგრამა უნდა გაუმჯობესდეს და ის პროგრამაც დაემატოს, რაც ეროვნული გამოცდებისთვისაა საჭირო.


ახალგაზრდების პრობლემების მოსმენის შემდეგ, ვცადეთ გაგვერკვია, რამდენად ეფექტურია ის პროგრამები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისთვის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლაზე, ასევე, ზოგადად, განთლების მიღებაზეა ორიენტირებული. დავინტერესდით, რა ხელშესახები შედეგები მოიტანა სახელმწიფო პოლიტიკამ.

განათლების სამინისტროდან გამოვითხოვეთ ოფიციალური სტატისტიკა, რამდენმა ახალგაზრდამ ისარგებლა ამ პროგრამით. ასევე, მივმართეთ კითხვით, რა გამოწვევები არსებობს და იგეგმება თუ არა მათი გაუმჯობესება. საჯარო ინფორმაციის მიწოდების ოფიციალური ვადის ამოწურვისა და კომუნიკაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, უწყებიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

განათლების საკითხთა მკვლევარი, შალვა ტაბატაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში განათლებაზე ხელმისაწვდომობა 69%-ია, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში კი ეს მაჩვენებელი 20%-დან 45%-მდე მერყეობს, რაც ძალიან დაბალია.

ამავდროულად, პრობლემურია სახელმძღვანელოების საკითხიც. ტაბატაძის თქმით, მაშინ, როცა სკოლებში 2011-2018 წლის სასწავლო გეგმითა და წიგნებით სწავლობდნენ, ეთნიკური უმცირესობებისთვის მათი თარგმნა და მიწოდება უზრუნველყოფილი არ იყო და სწავლა 2006-2011 წლის გამოშვებებით უწევდათ.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

გვესაუბრა მასწავლებლების კვალიფიკაციის პრობლემაზეც. მისი განმარტებით, არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლები პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან და სახელმწიფო ვერ ახერხებს, კურსდამთავრებულები სკოლებში მასწავლებლებად მიიზიდოს.

მისივე თქმით, ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ აზერბაიჯანულ სკოლებში დგას. განმარტავს, რომ იქ მასწავლებლების ასაკი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო საგნებში, ამ საგნების ჩამნაცვლებელი კვალიფიციური კადრები კი არ არიან.

მასწავლებელთა კომპეტენციის დონის პრობლემა მთელ საქართველოში არსებობს, მაგრამ უფრო მკვეთრად, მათ შორის, სახელმწიფო ენის არ ცოდნის გამო.

შალვა ტაბატაძე

ტაბატაძე მიიჩნევს, რომ უმაღლეს განათლების ხელმისაწვდომობაზე პრობლემები 1+4 პროგრამით მოიხსნა. მის შემოღებას, რაოდენობრივი თვალსაზრისით, პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ თუ 2010 წელს 300-მდე ჩარიცხული ფიქსირდებოდა, ახლა ეს რიცხვი 1 000-ს აჭარბებს.

ექსპერტი განმარტავს, რომ ამ პროგრამის მიზანი მხოლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვა არ არის და ის, როგორც ზოგადად განათლებაზე ხელმისაწვდომობა, საინტეგრაციო პოლიტიკის ნაწილია. აღნიშნავს იმასაც, რომ აზერბაიჯანულ თემში მაღალია სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობა და ეს, გარკვეულწილად, 1+4 პროგრამის დამსახურებაცაა.

მკვლევარი გვეუბნება, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სისტემური და კომპლექსური ხედვაა საჭირო. მნიშვნელოვანია ერთიანი რეფორმა და არა ისეთი წერტილოვანი პროგრამები, როგორიც დღესაა. გარდა ამისა, საჭიროა ყველა სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობა.

"სხვადასხვა საკითხი უნდა წყდებოდეს საინტეგრაციო თუ განათლების პოლიტიკის ჭრილში მთავრობის დონეზე და იყოს გადაჭრილი. ამას სჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი და ნუ რაც მთავარია, ძლიერი სკოლის დირექტორი, ძლიერი მასწავლებელი, კარგი ინფრასტრუქტურა, სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა და არა იმ თვალსაზრისით, რომ ბაღები აშენდეს ყველა სოფელში, რაც წარმოუდგენელია დღევანდელ რეალობაში.

ფინანსური რესურსი ამისთვის შეუძლებელია, არამედ სწორედ ალტერნატიული სკოლამდელი განათლების და სკოლას მიბმული ინსტრუმენტებით, ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დანაკლისს ვერ აღმოვფხვრით", — ამბობს ტაბატაძე.

მასალა მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის "ეროვნული უმცირესობების ინკლუზიური და პლურალისტური გაშუქების გაძლიერება მედიაში" ფარგლებში, ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის პოზიციას.

ფოტო: თათია შურღაია / On.ge