ახალი კვლევის თანახმად, ჭიანჭველების რაოდენობა და მწერების ბიომრავალფეროვნება გლობალურად მცირდება. ამას უმთავრესად მიწის მეტად აქტიური გამოყენება, კლიმატის ცვლილება და ინვაზიური სახეობების მომრავლება განაპირობებს, რაც ადამიანის საქმიანობის შედეგია. ნაშრომი გამოცემაში Biology Letters გამოქვეყნდა.

ბოლო წლებში მომრავლდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მწერების რაოდენობა გლობალურად მცირდება. სწორედ ამიტომ, სამმა მკვლევარმა ნაშრომის სრულყოფა და გამოქვეყნება გადაწყვიტა.

"ჩვენი მიზანი არ ყოფილა მწერთა პოპულაციების კლების აღრიცხვა, არამედ ამის მიზეზებისა და შედეგების უკეთ გაგება გვსურდა", — აცხადებს ფლორიან მენზელი, მაინცის უნივერსიტეტის მკვლევარი და ნაშრომის ერთ-ერთი რედაქტორი.

თანაავტორები არაერთ მეცნიერს დაუკავშირდნენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ჭიანჭველების შემცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეაგროვეს. მენზელის, გოსნერისა და სიმონსის ნაშრომი 12 კვლევით სტატიას, შეხედულების ტიპის ორ ნაშრომსა და ერთ სარედაქციო სტატიას მოიცავს.

რა იწვევს ჭიანჭველების შემცირებას?

მკვლევრები ამის მთავარ მიზეზებად შემდეგ პრობლემებს ასახელებენ: კლიმატის ცვლილება, მიწის მეტად აქტიური მოხმარება და ინვაზიური სახეობები. მეორე მხრივ, მენზელის თქმით, მწერების გლობალურ შემცირებას არამხოლოდ ჩამოთვლილი ფაქტორები იწვევს, არამედ მათი ურთიერთქმედებაც.

მაგალითისთვის, ადამიანის მიერ დაზიანებული ეკოსისტემა კლიმატის ცვლილებისადმი მეტად მოწყვლადი ხდება თავის მწერებიანად. ამას გარდა, დაზიანებულ ჰაბიტატებში ინვაზიური სახეობები უფრო მარტივად სახლდებიან, შედეგად კი ადგილობრივ სახეობებს ანაცვლებენ. ამის გამო მწერების ზოგიერთი სახეობა რაოდენობრივად იკლებს ანდა სულაც გადაშენდება, ზოგიერთი კი, მათ შორის ინვაზიური სახეობები, მრავლდება. შედეგად სხვადასხვა ჰაბიტატში მწერთა თანასაზოგადოებები ერთმანეთს ემსგავსება.

"როგორც ჩანს, ყველაზე მეტად მწერთა სპეციალიზებული სახეობები ზარალდებიან, უფრო გენერალიზებულები კი გადარჩებიან. სწორედ ამიტომაა, რომ მრავლდებიან ის მწერები, რომელთაც ლამის ყველგან შეუძლიათ ცხოვრება, ხოლო ისინი, რომელთაც კონკრეტული ჰაბიტატები სჭირდებათ, მცირდებიან", — აღნიშნავს მენზელი.

ამ სიტუაციის შედეგები სხვადასხვაგვარი და ეკოსისტემებისათვის, როგორც წესი, საზიანოა. მაგალითისთვის, ბაზების მრავალფეროვნების კლებას იმ მცენარეთა შემცირება მოსდევს, რომლებსაც დამტვერვისთვის ბაზების კონკრეტული სახეობა ესაჭიროებათ.

"ზოგადად, მწერების მრავალფეროვნების შემცირება ეკოსისტემათა სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ნაკლები სახეობა ნიშნავს, რომ ნაკლები მწერი იქნება მცენარეების დამტვერვისა და პარაზიტთა კონტროლისთვის. თავისთავად, ნაკლები საკვები იარსებებს მწერების მჭამელი ჩიტებისა და ცხოველებისთვის. შესაბამისად, მწერების შემცირება მათი შემცირების საფრთხესაც შექმნის", — ხაზს უსვამს მენზელი.

ნაშრომის ფარგლებში მენზელი, გოსნერი და სიმონსი სიტუაციის საპასუხოდ სამოქმედო გეგმასაც გვთავაზობენ. ისინი სამომავლო კვლევისათვის კონკრეტულ მიდგომას ემხრობიან და ფიქრობენ, რომ სტანდარტიზებული ტექნიკები უნდა გამოვიყენოთ, რათა სხვადასხვა ჰაბიტატსა და სახელმწიფოში მწერების მრავალფეროვნებას ვადევნოთ თვალი — ჯერაც უცნობია, რა მდგომარეობაა მწერების მხრივ მსოფლიოს არაერთ წერტილში.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ უნდა შეიქმნას ერთმანეთთან დაკავშირებული ნაკრძალების ქსელი, რათა სახეობებმა ერთი ჰაბიტატიდან მეორეში გადაადგილება შეძლონ. ამ შემთხვევაში სიცხისადმი ნაკლებად ამტანი მწერები ისეთი ტერიტორიებიდან მიგრაციასაც შეძლებენ, სადაც გლობალური დათბობის გამო ტემპერატურა კიდევ უფრო მატულობს. ამას გარდა, საჭიროა შემცირდეს ინვაზიური სახეობების გავრცელებაც, რაც გლობალური ვაჭრობისა და ტურიზმის შედეგია.

"ეს დამატებითი პრობლემაა, რომელიც ბოლო ათწლეულებში უაღრესად სერიოზული გახდა", — დასძენს მენზელი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.