ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის მიმდებარედ წყლის ორთქლი დააფიქსირა — რა არის მისი წყარო?
ასტრონომებმა, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით, შორეული კლდოვანი ეგზოპლანეტის მიმდებარედ წყლის ორთქლის კვალი დააფიქსირეს. ეს შესაძლოა, ციური სხეულის ირგვლივ ატმოსფეროს არსებობაზე მიანიშნებდეს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, არაა გამორიცხული, რომ წყლის ორთქლის პირველწყარო არა აღნიშნული ობიექტი, არამედ მისი ვარსკვლავი იყოს.
GJ 486 b-ის სახელით ცნობილი ეგზოპლანეტა ჩვენგან 26 სინათლის წლის მოშორებით მდებარე წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, რასაც 1.5 დღეს ანდომებს. ის დედამიწაზე სამჯერ მასიურია და მას ზომითაც აღემატება. ვარაუდობენ, GJ 486 b-ის ერთი მხარე ყოველთვის მნათობისკენაა მიმართული, როგორც მთვარის ცალი ნახევარსფერო — დედამიწისკენ.
რაც შეეხება წითელ ჯუჯას, ის ვარსკვლავთა ყველაზე გავრცელებულ ტიპს მიეკუთვნება და ნაკლები მცხუნვარებით გამოირჩევა. მის მახლობლად სასიცოცხლო ზონა, ანუ რეგიონი, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობაა შესაძლებელი, უფრო ახლოსაა. ამგვარ არეალში განლაგებული ეგზოპლანეტებისთვის პრობლემას მძლავრი ულტრაიისფერი და რენტგენული გამოსხივება ქმნის, რომელიც ატმოსფეროსთვის გამანადგურებელია. შესაბამისად იქ აირადი გარსის მქონე ციური სხეულის მიგნება არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.
ამისთვის სპეციალისტებმა ვების ახლო ინფრაწითელი სპექტროგრაფი GJ 486 b-ისკენ მაშინ მიმართეს, როცა მან ჩვენი პერსპექტივიდან მნათობის დისკოს წინ ჩაიარა. იმის მიუხედავად, რომ მისი 430°C-იანი ტემპერატურა თხევადი წყლის არსებობისთვის შეუსაბამო პირობებს ქმნის, იქ წყლის ორთქლი დაფიქსირდა. ეს ნახევარსაათიან 2 ტრანზიტზე, ანუ ჩავლაზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, მონაცემები კი 3 სხვადასხვა მეთოდით გააანალიზეს.
ავტორების განცხადებით, ძნელი სათქმელია, ამ სპექტრული კვალის პირველწყარო ეგზოპლანეტის ატმოსფეროა, თუ ვარსკვლავი, ამიტომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, აქვს თუ არა GJ 486 b-ს აირადი გარსი. შესაძლოა, წყლის ორთქლი მნათობის ლაქიდან მოდიოდეს, მზის ლაქის მსგავსი, შედარებით ცივი რეგიონიდან, სადაც მაგნიტური ველის მაღალი კონცენტრაცია სიღრმიდან ზედაპირზე ინაცვლებს. ეს აჩენს სიგნალს, რომელიც პლანეტის ატმოსფეროსას ჰგავს.
თუკი GJ 486 b-ის ირგვლივ ატმოსფერო მართლაც არის, ის ძლიერი რადიაციის გამო მუდმივად განიძარცვება, ხოლო მის აღდგენას ვულკანური აქტიურობისას ამოტყორცნილი მატერია დასჭირდება. მსგავსი დეტალების შესასწავლად დამატებითი დაკვირვებებია საჭირო, რაც ისევ ვების ტელესკოპით იგეგმება. კერძოდ, გამოიკვლევენ ეგზოპლანეტის ნახევარსფეროს, რომელიც მუდმივად მნათობისკენაა მიბრუნებული და, წესით, განსაკუთრებით ცხელი უნდა იყოს. თუ იქ მაღალი ტემპერატურა რეგულირდება, ესე იგი ნამდვილად ატმოსფეროსთან გვაქვს საქმე.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები