რატომ იყენებს ადამიანების უმეტესობა მარჯვენა ხელს? — ჰიპოთეზა
რამდენადაც ვიცით, ადამიანების უმეტესობა კვების, წერისა თუ სხვა მოქმედებების შესასრულებლად მარჯვენა ხელს იყენებს. მაგრამ რატომ? მეცნიერები ათწლეულების მანძილზე ცდილობდნენ ამ დისბალანსის ახსნას, თუმცა — უშედეგოდ.
ერთ-ერთი ჰიპოთეზა ბრძოლას უკავშირდება. ჰიპოთეზის მიხედვით, ცაციობა ბრძოლაში უპირატესობას იძლევა, თუმცა, მთლიანობაში, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომაც პოპულაციაში ცაციების რაოდენობა მცირეა. მართლაც, კვლევების მიხედვით, მარცხენა ხელის გამოყენება უპირატესობას იძლევა საბრძოლო სპორტსა თუ ისეთ სპორტში, რომელიც ხელისა და თვალის კოორდინაციას მოითხოვს, მაგალითად: ტენისში, კალათბურთსა და ფრენბურთში. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ მოთამაშეები ცაციებთან შეჯიბრს მიჩვეული არ არიან.
თუმცა ბრძოლის ჰიპოთეზის პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მის მიერ წამოყენებული პრობლემა ცაციების ჯანმრთელობის შესახებ, კვლევებით არ დასტურდება. ცაციებს, მარჯვენა ხელის გამომყენებლებთან შედარებით, სულაც არ აწუხებთ უფრო მეტი ჯანმრთელობის პრობლემა და სულაც არ კვდებიან უფრო ადრე.
ამ საკითხთან დაკავშირებით, შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტისა და გაერთიანებული სამეფოს ჩესტერის უნივერსიტეტის კვლევითმა გუნდმა შემოგვთავაზა განახლებული ჰიპოთეზა, რომელიც უკეთ შეესაბამება ბოლოდროინდელ მონაცემებს. ჟურნალ Symmetry-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მაც ლარსონი, ასტრიდ შეპმანი და პოლ როდვეი ამტკიცებენ, რომ მემარჯვენე ადამიანებს რეალურად უფრო მეტი საბრძოლო უპირატესობა ჰქონდათ, რის გამოც ისინი ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი გახდნენ.
"როცა მემარცხენეობა იშვიათი გახდა, მათ მიიღეს მოულოდნელი უპირატესობა და მემარცხენეებისა და მემარჯვენეების პროპორციები პოპულაციაში დასტაბილურდა", — განმარტავენ მკვლევრები.
და მაინც, რატომ ჰქონდათ მემარჯვენეებს ბრძოლაში უპირატესობა? მეცნიერების მიხედვით, ეს უკავშირდება გულის მდებარეობასა და იმ ფაქტს, რომ ადამიანები ბრძოლისას უმეტესად იყენებდნენ წვეტიან იარაღებს, რომლებსაც ხელით ამოძრავებდნენ. გულის, დაახლოებით, სამი მეოთხედი მდებარეობს მარცხენა ჰემითორაქსში, რაც გულმკერდის მარცხენა ნაწილს სასიკვდილო დარტყმის სამიზნედ აქცევს. აქედან გამომდინარე, მარჯვენა ხელში იარაღის ჭერა არა მხოლოდ მიმართავს ამ წერტილს მტრისგან მოშორებით, არამედ ათავისუფლებს მარცხენა ხელს გულმკერდის ამ არეალის დასაცავად.
ჰიპოთეზის ამ ახალი ვერსიის საფუძველზე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ რამდენადაც ცაციობას არ მოაქვს ჯანმრთელობისთვის უარყოფითი ეფექტები, ხოლო იარაღით ბრძოლა ევოლუციურ ზეწოლას აღარ წარმოადგენს, ცაციების რაოდენობა პოპულაციაში უნდა გაიზარდოს.
კომენტარები