ბრალდებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადიან სომხური მანქანები საგუშაგოზე, სადაც მათ აზერბაიჯანის სასაზღვრო კონტროლის ოფიცრები ამოწმებენ.

"როგორც წარმოდგენილი კადრებიდან ჩანს, ხალხის მიერ საზღვრის კვეთა მოწესრიგებულია და თავაზიანად არის ორგანიზებული", — იტყობინება აზერბაიჯანის ITV ადგილიდან.

"ამგვარად, სომეხი ოფიციალური პირების პრეტენზიები ყარაბაღის სომხების "ეთნიკურ წმენდასა" და ლაჩინის გზის "გადაკეტვასთან დაკავშირებით" სხვა არაფერია, თუ არა ცრუ პროპაგანდა", — აცხადებს პროსამთავრობო მედია.

მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლებს რეგიონში შესვლა და გასვლა ძირითადად დეკემბრის შუა რიცხვებიდან ეკრძალებათ, როდესაც აზერბაიჯანის მთავრობის მხარდაჭერილმა ეკოაქტივისტებმა ლაჩინის დერეფანი შუშასთან (შუშში) გადაკეტეს.

აზერბაიჯანის მთავრობა და თავად მომიტინგეები ამტკიცებდნენ, რომ ისინი დამოუკიდებელნი იყვნენ და მთიან ყარაბაღში გარემოსდაცვითი ზიანის წინააღმდეგ დემონსტრირებას აწარმოებდნენ.

აზერბაიჯანის მთავრობა და თავად მომიტინგეები ამტკიცებდნენ, რომ ისინი დამოუკიდებელნი იყვნენ და მთიან ყარაბაღში გარემოსდაცვითი ზიანის წინააღმდეგ დემონსტრირებას აწარმოებდნენ.

ფოტო: Trend

მიუხედავად 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა, რომელიც ითვალისწინებს, რომ დერეფანი რუსეთის სამშვიდობო ძალებმა უნდა გააკონტროლონ, 23 აპრილს აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარები სომხეთის საზღვარზე საგუშაგოს დასაყენებლად შევიდნენ.

ეკოაქტივისტებმა მალევე განაცხადეს, რომ აქციას წყვეტენ. თუმცა, 29 აპრილს, სტეფანაკერტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები შუშასთანაც აზერბაიჯანის პოლიციამ ჩაანაცვლა.

მზარდი კრიტიკა რუსეთის მიმართ

ინსპექტირების ვიდეოს ინტერნეტში გამოქვეყნების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის ოფიციალურმა პირებმა ის უარყვეს, როგორც "იაფფასიანი შოუ".

"ხალხი ორმაგი ბლოკადის ქვეშ მყოფი საგუშაგოს მახლობლად მდებარე სოფლებიდან არიან და სამშვიდობოების ხელშეწყობით იმ გარანტიით გადაადგილდებოდნენ, რომ ხელი არ შეეშლებოდათ", — დაწერა კვირას ტვიტერზე სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, არტაკ ბეგლარიანმა.

ბეგლარიანმა მოიხსენია მთიანი ყარაბაღის შუშას ოლქის სოფლები მეცშენი, ჰინ შენ, ლისაგორი და იეღწახოგი.

რუსი სამშვიდობო სატვირთო მანქანა, რომელიც ლაჩინის დერეფანში, სოფელ მეტ შენთან გადაადგილდებოდა.

რუსი სამშვიდობო სატვირთო მანქანა, რომელიც ლაჩინის დერეფანში, სოფელ მეტ შენთან გადაადგილდებოდა.

ფოტო: Samvel Tavadyan

სოფლებს, რომლებიც მთიანი ყარაბაღის დანარჩენ ნაწილს შუშასთან ბლოკადის დაწყების შემდეგ მოწყდა, ახლა სომხეთთან ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი აშორებს.

კვირას მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრმა, გურგენ ნერსისიანმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გორისში ჩარჩენილი მოსახლეობა "მიუბრუნდა რუს სამშვიდობოებს", რომლებმაც წინასწარ დაარწმუნეს ისინი, რომ "აზერბაიჯანელების საკონტროლო ჩარევას ადგილი არ ექნებოდა".

ნერსისიანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლები ელოდებოდნენ, რომ ლაჩინის დერეფანი კვლავ "ექსკლუზიურად რუსი სამშვიდობოების მიერ უნდა გაკონტროლებულიყო".

ამასთანავე, ერევანმა დერეფანზე აზერბაიჯანის კონტროლი გააკრიტიკა და რუსეთს მოუწოდა, "საბოლოოდ შეასრულოს თავისი ვალდებულება", რომელიც 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და მოხსნას ლაჩინის დერეფნის ბლოკადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზიანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სომხეთი არ მიიღებს მონაწილეობას ლაჩინის დერეფნის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებში და პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

მოსკოვი 12 დეკემბრის შემდეგ ზომიერად აკრიტიკებს საგუშაგოს და ლაჩინის დერეფნის ბლოკადას.

რადიო თავისუფლების კადრებში ჩანს, რომ რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანული საგუშაგოს მშენებლობას უყურებენ.

რადიო თავისუფლების კადრებში ჩანს, რომ რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანული საგუშაგოს მშენებლობას უყურებენ.

ფოტო: RFE/RL


რუსეთის მიერ დერეფნის კონტროლის აღდგენამ სომხეთსა და მთიან ყარაბაღში მზარდი კრიტიკა გამოიწვია.

სტეფანაკერტის ხელისუფლებამ თავი აარიდა რუსეთის პირდაპირ კრიტიკას.

მაგრამ აშკარა ცვლილება იყო 30 აპრილს, მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც მიუთითებდა საბჭოთა ძალების მხარდაჭერასა და მონაწილეობაზე 1991 წლის ოპერაციაში, რასაც მთიანი ყარაბაღსა სომეხი მაცხოვრებლების იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.

გასულ წელს სტეფანაკერტის ხელისუფლებამ ოპერაციის დაწყების წლისთავზე განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო მათ 2021 წლის განცხადებაში პასუხისმგებელ მხარედ მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლება იყო მოხსენიებული.

2021 წელს, სომხეთის პარლამენტის განცხადებაში ასევე არ ყოფილა ნახსენები რუსეთი, რამაც სომხეთში კრიტიკა და ისტორიის "გაყალბების" ბრალდებები გამოიწვია.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.