წინ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატია — ინტერვიუ რამაზ სვანაძესთან
სულ მალე საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. ფინალი ბათუმში გაიმართება. ეს ტურნირი ჩვენი ქვეყნისთვის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემპიონატი 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. როგორია მოლოდინი ჩემპიონატის მიმართ და როგორ ემზადება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შეჯიბრებებისთვის? — ამ თემაზე ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს ვესაუბრეთ.
ახალგაზრდული ნაკრებისთვის ისტორიული ტურნირი, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება. ეს მოვლენა მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოსთვის, როგორც თანამასპინძლისთვის. როგორია თქვენი მოლოდინი?
რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინით ველით ევროპის ჩემპიონატს. ეს ტურნირი, მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტის გათვალისწინებით — პირველ რიგში, გამოსაყოფია ამ ჩემპიონატის მნიშვნელობის საკითხი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და შემდეგ — მთლიანად, ქვეყნისთვის. ეს კი გულისხმობს უპრეცედენტო ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს საფეხბურთო მეურნეობას მომავალში.
გარდა ამისა, ნებისმიერი დიდი ტურნირის მასპინძლობა მასპინძელ ქვეყანაში საფეხბურთო ზეიმის წინაპირობაა და დარწმუნებული ვარ, ისეთი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს ასეც იქნება.
გაქვთ თუ არა პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი ჩემპიონატისთვის უკვე განსაზღვრული?
ყველაზე მთავარი ჩვენთვის ამ ტურნირზე ღირსეულად გამოსვლაა, ანგარიშგასაწევი ძალა უნდა ვიყოთ ნებისმიერი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მიზნები და ოცნებები, თუმცა ამოსავალი წერტილი იქნება ის, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად წარმოვაჩინოთ.
რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ არ გვაქვს ფინალურ ეტაპებზე ხშირად თამაშის გამოცდილება, განსხვავებით მონაწილე გუნდების უმეტესობისგან, თუმცა ეს ფაქტორი არ უნდა გახდეს ისეთი დაბრკოლება, რომელიც ჩვენი მიზნების განხორციელებაში ხელს შეგვიშლის.
ისტორიაში პირველად მოხდა, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს, ეროვნული გუნდების ოფიციალური მატჩების კალენდარი დაემთხვა. რამდენად შეგიშალათ ხელი ამ ფაქტმა მზადების პროცესში?
სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ფაქტორმა ხელი, რა თქმა უნდა, შეგვიშალა, იმ გეგმების ისეთი ფორმით განხორციელებაში, რაც თავდაპირველად გვქონდა. ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ ეს ასე არ მომხდარიყო. UEFA-ც თანახმა იყო, რომ მატჩების გადადების საკითხში ხელი შეეწყო ჩვენთვის, მაგრამ ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის 5-გუნდიან ჯგუფში, ესპანეთის სახით ერთა ლიგის ფინალების მონაწილე ერთ-ერთ ნაკრებთან ერთად მოხვდა და სამწუხაროდ, ვერცერთი თამაშის გადადება ვერ მოხერხდა.
შესაბამისად, ვცდილობთ ამ პროცესთან და რეალობასთან ადაპტირებას და განვაგრძობთ მზადებას ჩვეულ რიტმში.
როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ჯგუფიდან გასვლის შანსი, საკუთარი კედლებისა და გულშემატკივრების მხარდაჭერის გათვალისწინებით?
ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით და ფინალურ ეტაპზე ეს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელიც იყო, განსაკუთრებით, ტურნირის დებიუტანტის პრიზმაში თუ განვიხილავთ ამ ყველაფერს. ჯგუფურ ეტაპზე ისეთ გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება, რომლებიც ამ ასაკში განსაკუთრებით ძლიერები არიან და რომელთა რიგებს წამყვან გუნდებში, ევროტურნირებზე მოთამაშე ფეხბურთელები ავსებენ.
მაგრამ ფეხბურთში შანსი ყოველთვის არსებობს, მთავარია ის, თუ როგორ მზადყოფნაში შეხვდება ჩვენი გუნდი კონკრეტულად ამ ტურნირს და ივნისის დატვირთულ პერიოდს. მთავარია, ეს დრო და მოცემული შანსი სწორად გამოვიყენოთ, თქვენ სწორად აღნიშნეთ ჩვენი გულშემატკივრის შესახებ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ტრიბუნებს შეავსებს, რაც დამატებითი ფაქტორი იქნება ჩვენი ფეხბურთელებისთვის. ტრიბუნების მხარდაჭერა მუხტს მისცემს ჩვენს ბიჭებს, რაც დაგვეხმარება ჩვენი მიზნების შესრულებაში.
21 წელი არის ასაკი, როდესაც მოთამაშე პროფესიონალურ პიროვნულ დონეზე ყალიბდება და როგორც პოზიტიური მუხტითა და წარმატებით, ასევე ნეგატიური მოვლენებითა და წარუმატებლობითაც კი შეიძლება ისწავლოს და ზრდაში გამოიყენოს მიღებული გამოცდილება. ამიტომ, თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევა მენტალური მზაობა და კლუბებსა თუ ნაკრებებში შესაბამისი პროფილის სპეციალისტების დასაქმება ფეხბურთელებთან სამუშაოდ, ეთანხმებით თუ არა ამ მიდგომას?
არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ტურნირი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის არის, პირველ რიგში, იმის საშუალება, რომ მიიღონ ისეთი გამოცდილება, რაც შემდეგ მთელი კარიერა გაჰყვებათ. ჩვენ არ ვართ ფინალურ ეტაპზე ხშირი თამაშით განებივრებული, ამიტომ ეს გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება მათთვის.
მენტალური მხარე ფეხბურთში უმთავრესია და ვთვლი, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი პირველი თამაშის წინა პერიოდი იქნება. რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება დადგა, დასაშვებია ნებისმიერი პროფილის მქონე სპეციალისტთან თანამშრომლობა და მათი ცოდნის გამოყენება.
ჩვენ დაახლოებით 12 ისეთი მოთამაშის დამატება შეგვიძლია 21-წლამდელთა ნაკრებში, რომლებიც უკვე ეროვნულ/ძირითად ნაკრებში თამაშობენ. უკვე არის თუ არა რაიმე მონახაზი და გადაწყვეტილება ამ საკითხზე, რომლის გამხელაც ახლავე შეიძლება?
გეთანხმებით, ასეთი რაოდენობა იმ ფეხბურთელების, რომლებსაც, ასაკიდან გამომდინარე, 21-წლამდე ნაკრებში შეუძლიათ თამაში, ეროვნულ გუნდში არასოდეს გვყოლია. ამ ფეხბურთელებიდან ბევრია ისეთი, რომლებიც ჩვენი ასაკობრივი ჯგუფის ლიდერები იყვნენ და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ერთ-ერთი ის უმთავრესი ამოცანა და მიზანი, რაც ახალგაზრდულიდან ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელების ინტეგრირებას გულისხმობს, კარგი დინამიკით მიმდინარეობს და ეს, რასაკვირველია, ჩვენთან ერთად, ამ ფეხბურთელების კლუბების დამსახურებაცაა.
რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას მონახაზს, რა თქმა უნდა გეგმა არსებობს, თუმცა კონკრეტიკისგან ჯერ თავს ვიკავებთ, არ ვჩქარობთ, რადგან ევროპის ჩემპიონატამდე სრული ორი თვეა დარჩენილი და შეიძლება საფეხბურთო ნიუანსებიდან გამომდინარე, ბევრი რამე შეიცვალოს. მოგვიანებით ჩამოვყალიბდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის გარშემო როგორც ეროვნული ნაკრების, ასევე ახალგაზრდულის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
ყველას აინტერესებს ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი... ითამაშებს თუ არა ის და ზოგადად, რას გვეტყვით მასზე?
წინა კითხვაზე პასუხის შინაარსში, ბუნებრივია, მოიაზრება ხვიჩაც და ეროვნული გუნდის ყველა ის მოთამაშე, ვისაც პოტენციურად შეუძლია მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე თამაში.
ზოგადად, ხვიჩას ბავშვობიდან ვიცნობ, მაშინ მე ჯერ კიდევ დამწყები მწვრთნელი გახლდით. გარდა ამისა, ნაკრების ასაკობრივ დონეზე, 18 და 19-წლამდე ფორმაციის გუნდებში მაქვს მასთან მუშაობის გამოცდილებაც. დღეს უკვე ის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს გაანათებს. ხვიჩას ფეხბურთზე მე ახალს ვერაფერს გეტყვით, რაც შეეხება მის პიროვნულ მხარეს, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ის, პირველ რიგში, არის კარგი ადამიანი და შემდეგ ისეთი მოთამაშე, რომლისთვისაც საკუთარი ქვეყნის და ეროვნული ნაკრების ინტერესები ყოველთვის წინა პლანზე დგას.
როდის და როგორ გადაწყვიტეთ მწვრთნელობა?
23 წლის ასაკში, სამწუხაროდ, ტრავმის გამო აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულება ნაადრევად მომიწია. დაახლოებით 2005 წლიდან დავიწყე სამწვრთნელო მიმართულებით მუშაობა.
ალბათ მხოლოდ ყოფილი ფეხბურთელობა ან თეორიული ცოდნა და სურვილი საკმარისი არ არის — რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ მწვრთნელი გახდეს?
ურთულესი პროფესიაა, კონკრეტულად ერთი რეცეპტი არ არსებობს. მწვრთნელი მრავალმხრივ განათლებული უნდა იყოს, მენტალურად ძლიერი და მენეჯერული უნარების მქონე.
არსებობს საკითხები, რომლებსაც ცოდნით და თეორიული მუშაობის შედეგად გაიუმჯობესებ, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც თანდაყოლილია. თუ ამ ყველაფერს ერთად ემატება წარსულში უშუალოდ მოედანზე მიღებული საფეხბურთო გამოცდილებაც, ეს, რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტია.
რას ურჩევდით დამწყებ ფეხბურთელებს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება?
ზოგადად, ქართველებს ფეხბურთის თამაშის ნიჭი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთი არც მარტო ნიჭია, არც ბურთის მიღება და არც კაცის მოტყუება — სწორი ცხოვრების სტილის და მძიმე შრომის გარეშე დღევანდელ ფეხბურთში არაფერი არ გამოვა.
დაბოლოს, რას ეტყვით გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონატის წინ?
ჩვენ მათი დიდი იმედი გვაქვს — მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ, რადგან ამ ტურნირზე დებიუტანტები ვართ და ასეთი წნეხის ფონზე თამაშის გამოცდილება ნაკლები გვაქვს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ მინდორზე, რათა როგორც საკუთარი თავი, ისე მთელი ქვეყანა კარგად წარმოვაჩინოთ.
სტატია მომზადებულია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. საქართველოს ბანკი ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი და ფეხბურთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პარტნიორია.
კომენტარები