ახალი ჭკვიანი სათვალე "გიკარნახებთ", რა უნდა თქვათ პაემანსა თუ გასაუბრებაზე
სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჭკვიანი სათვალე შექმნეს, რომელიც კომპანია OpenAI-ის ენის მოდელ GPT-4-თანაა ინტეგრირებული და მის მიერ გენერირებულ ტექსტს გვიჩვენებს. ის შესაძლოა, ადამიანებს პაემნებზე ან გასაუბრებებზე უხერხულობის დაძლევაში დაეხმაროს და "კარნახის" ფუნქცია შეითავსოს.
ამ მოწყობილობას rizzGPT ჰქვია. ის სხვასთან თქვენს დიალოგს რეალურ დროში უსმენს და მიგითითებთ, რა უნდა თქვათ.
"დაემშვიდობეთ უხერხულ პაემნებსა და გასაუბრებებს", — ვკითხულობთ ერთ-ერთი შემქმნელის, ბრაიან ჩიენგის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც ის ჭკვიანი სათვალის სადემონსტრაციო ვიდეოს გვიზიარებს.
მასზე ერთგვარი მონოკლია დამაგრებული, რომელიც Brilliant Labs-ის მიერ შექმნილ ნებისმიერ AR სათვალეზე მონტაჟდება. მოწყობილობა კამერას, მიკროფონსა და მაღალი გარჩევადობის დისპლეის აერთიანებს, რომელზეც GPT--ის მიერ გენერირებული ტექსტი ჩნდება.
OpenAI-ის საუბრის ამომცნობი პროგრამა Whisper ჭკვიან სათვალეს საშუალებას აძლევს, რომ სხვისი ნათქვამი პირდაპირ ჩატბოტს გაუზიაროს, ის კი შესაბამის პასუხს წამებში აბრუნებს.
ეს პროცესი სადემონსტრაციო ვიდეოში კარგადაა წარმოჩენილი, სადაც ვხედავთ, როგორ ჩნდება "ნაკარნახები" ტექსტი მცირე ზომის ეკრანზე. ეს სიტუაცია სამსახურის გასაუბრების იმიტაციაა, რომლისთვისაც ხელოვნური ინტელექტი შესაბამის სიტყვებს არჩევს, რათა სათვალის მფლობელს ყველაზე მისაღები და ადეკვატური პასუხები შესთავაზოს.
რა თქმა უნდა, აღნიშნული ტექნოლოგია ჯერ კიდევ დასახვეწია, რადგან ამ ეტაპზე შესაძლოა, GTP-4-მა პაემანი ან გასაუბრება კიდევ ფურო უხერხული გახადოს. შესაბამისად, ახლო მომავალში მას ვერ გამოვიყენებთ.
კომენტარები