დღეს შესაძლოა, რაკეტა Starship-ის პირველი ისტორიული ფრენა შედგეს — სად ვუყუროთ
სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი უმძლავრესი რაკეტა Starship შესაძლოა, დღეს პირველად გაფრინდეს. ამ მომენტს ბევრი ჩვენგანი დიდხანს ელოდა, რადგან ეს 120-მეტრიანი აპარატი ერთ დღესაც მთვარესა და მარსზე ადამიანებს წაიყვანს.
ასევე, იხილეთ: რატომ არის SpaceX-ის Starship ისტორიული მნიშვნელობის კოსმოსური ხომალდი
დღეს ჩანიშნული ფრენა უეკიპაჟო იქნება, ანუ Starship ატმოსფეროში ეკიპაჟის გარეშე აიჭრება. მას ტეხასის შტატში მდებარე კოსმოდრომიდან, Starbase-იდან გაუშვებენ. რაკეტის დებიუტისთვის თვალის მიდევნებას SpaceX-ის ოფიციალურ YouTube არხზე შეძლებთ, სადაც ამ მოვლენას პირდაპირ რეჟიმში გვაჩვენებენ.
ტრანსლაცია თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება, რაკეტა კი, სავარაუდოდ, 17:00 საათზე აფრინდება. გაშვების ფანჯარა 18:30 საათამდეა, ანუ კომპანიას ამისთვის 150 წუთი ექნება.
დღევანდელ საცდელ მისიაში მონაწილეობას Starship-ის პროტოტიპი SN24 მიიღებს, რომელიც Super Heavy-ის საფეხურის პროტოტიპ Booster 7-ზეა მოთავსებული. აპარატის მხოლოდ ეს ნაწილი მეთანის საწვავზე მომუშავე, Raptor-ის ტიპის 33 ძრავითაა აღჭურვილი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, მთვარის ისტორიული მისია Artemis 3-ის ფარგლებში, ასტრონავტებს დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე სწორედ Starship წაიყვანს. დაგეგმილია სულ მცირე 3 კერძო მისიაც. მომავალში ამ აპარატს, არც მეტი, არც ნაკლები, წითელ პლანეტაზე გასამგზავრებლად გამოვიყენებთ.
"Starship სრულად მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო სისტემაა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე ტვირთის ასატანად და ეკიპაჟის ასაყვანად, მთვარეზე კაცობრიობის დასაბრუნებლად და მარსსა თუ მის მიღმა გასამგზავრებლადაა შექმნილი. ასეთი საცდელი ფრენის წარმატება იზომება იმით, თუ რას ვისწავლით მისგან, რაც სამომავლოდ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად გამოგვადგება", — ვკითხულობთ SpaceX-ის მისიის აღწერაში.
როგორც ცნობილია, გაშვებიდან დაახლოებით 3 წუთში რაკეტას Super Heavy გამოეყოფა და მექსიკის ყურეში უსაფრთხოდ დაშვებას შეეცდება. თავად Starship ორბიტულ სიჩქარეს მიაღწევს და მსოფლიოს შემოუვლის, რის შემდეგაც წყნარ ოკეანეში დაეშვება. მისიის მთლიანი ხანგრძლივობა 90 წუთამდე იქნება.
კომენტარები