რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპის კინოაკადემიამ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებას FIPRESCI თხოვნით მიმართა, დაესახელებინა წლის 10 საუკეთესო ფილმი. FIPRESCI-ის აკადემიამ ათეულში ქართული ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახიც დაასახელა.

ათეულში ასევე მოხვდნენ კანისა და ბერლინის კინოფესტივალების წლევანდელი რჩეული და პრიზიორი ფილმები, ანდრეი ზვიაგინცევის არსიყვარული, რობინ კამპილოს 120 დარტყმა წუთში, აკი კაურიზმეკის იმედის სხვა მხარე, ილდიკო ინედის სხეულისა და სულის შესახებ და სხვა.

ევროპის კინოაკადემია პირველ ეტაპზე ნომინანტებს შეარჩევს, 9 დეკემბერს კი სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ფილმები ბერლინში, დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვლინდებიან.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი საფრანგეთის კინოთეატრებში ამ დროისათვის უკვე 60 ათასმა მაყურებელმა ნახა. ფილმის ფრანგული კინოპრემიერა 10 მაისს შედგა და მას კინოკრიტიკოსთა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ფილმი საფრანგეთის
კინოთეატრებში მაყურებელმა ორიგინალში, ქართულ ენაზე, ფრანგული სუბტიტრებით იხილა.