ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის ახალმა ფოტოებმა პოტენციური საფრთხე გამოავლინა
გასულ თვეს ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის შიგნით, წყლით დაფარულ არეალში, სპეციალური აპარატები გაგზავნეს, რომელთა დახმარებითაც ფოტოები გადაიღეს. როგორც ახალ სურათებზე ჩანს, უმნიშვნელოვანეს საყრდენ სტრუქტურებზე დაზიანებები ფიქსირდება, რაც საყურადღებოა იმ შემთხვევაში, თუ იქ კიდევ ერთი მძლავრი მიწისძვრა მოხდება.
კომპანია Tokyo Electric Power Company Holdings (TEPCO) ზემოხსენებული ელექტროსადგურის წყალში ჩაძირული ნაწილის შესასწავლად დისტანციურად მართვად ზონდებს იყენებს. მათი მეშვეობით ადგენენ, რამდენად კარგად მიმდინარეობს ძვირადღირებული გაწმენდითი სამუშაოები. სწორედ ასეთი აპარატით აღბეჭდეს პირველი განყოფილების საძირკველი, რომელიც 2011 წლის ინციდენტისას დაზიანებული ერთ-ერთი რეაქტორის ბირთვის ბაზაა.
მედიის ცნობით, საძირკვლის შემადგენელი, 120 სანტიმეტრი სისქის ბეტონის კედელი ქვედა მხარეს ისეა შელახული, რომ მასში არსებული ფოლადის კარკასი მოშიშვლებულია. TEPCO-მ, ასევე, პირველი განყოფილების დამდნარი ბირთვული საწვავის ვიზუალური მტკიცებულება პირველად მოიპოვა. სპეციალისტები ამ ნარჩენების მოშორებას ცდილობენ, მაგრამ თუ საყრდენი სტრუქტურები დაიშლება, სიტუაცია გამწვავდება.
კერძოდ, პოტენციურ საფრთხედ მოიაზრება ისეთივე ძლიერი სეისმური ბიძგი, როგორიც 2011 წლის 11 მარტს მოხდა, როცა იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს 9.0 მაგნიტუდის მქონე მიწისძვრა დაატყდა თავს. ამან 15-მეტრიანი ტალღების წარმოქმნა განაპირობა და 18 000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. წყლის ნაკადმა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურამდეც მიაღწია და გამაგრილებელი სისტემებისთვის აუცილებელი ენერგიის მიწოდება შეაჩერა.
შედეგად სამი რეაქტორი მწყობრიდან გამოვიდა და ატმოსფეროში დიდი ოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებები გამოათავისუფლა. ჩერნობილში მომხდარი მსგავსი ინციდენტის შემდეგ, ეს ყველაზე სერიოზულ ბირთვულ კატასტროფად მიიჩნევა.
იქიდან გამომდინარე, რომ ცუნამის გამო ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური დაიტბორა, დაახლოებით 1.3 მილიონი ტონა წყალი დაბინძურდა, რომელიც 1 000-მდე ავზში ინახება. TEPCO მის წყნარ ოკეანეში ჩაღვრას განიხილავს, თუმცა მეზობელი ქვეყნებიდან მრავალი ამის წინააღმდეგია. სამწუხაროდ, შესაძლოა, ეს ერთადერთი გამოსავალი იყოს, რომელიც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უსაფრთხოა.
კომენტარები