ნახეთ: როგორი იქნებოდა ანტარქტიდა ყინულის გარეშე
ყინული ანტარქტიდის დაახლოებით 98 პროცენტს ფარავს, რის გამოც კონტინენტის ხმელეთის მასის უდიდესი ნაწილი არ ჩანს. ამის მიუხედავად, თანამედროვე ტექნოლოგიებმა საშუალება მოგცა გაგვეგო, თუ როგორი იქნებოდა ეს ტერიტორია მსგავსი საფარის გარეშე.
ანტარქტიდის გეოფიზიკური რუკა Bedmap2 მეცნიერებმა 2013 წელს შექმნეს, რისთვისაც ზედაპირის შემაღლებების, ყინულის სისქისა და ქვენაფენი ქანების ტოპოგრაფიის შესახებ მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს. ეს ინფორმაცია NASA-მ და ბრიტანული ანტარქტიკული კვლევების ინსტიტუტმა ხელოვნური თანამგზავრების, საჰაერო აპარატებისა და ხმელეთზე განლაგებული სადგურების მეშვეობით შეაგროვა.
როგორც რუკა გვიჩვენებს, კონტინენტის ყინულოვანი საფარის ქვეშ უსწორმასწორო ზედაპირია, სადაც მთის ქედები და მცირე ზომის ხეობები გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ანტარქტიდაზე მდებარე ბერდის მყინვარის ქვეშ, ზღვის დონიდან 2 870 მეტრ სიღრმეზე, გამოვლენილია დედამიწის კონტინენტურ ფილებს შორის უღრმესი წერტილი.
ამის გასაგებად გამოყენებული ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყო რადარია, რომელიც ყინულის მიღმა არსებულ სტრუქტურას აფიქსირებს. მას Multichannel Coherent Radar Depth Sounder ჰქვია და ის ყინულის სისქეს ადგენს, ასევე ყინულქვეშა ტოპოგრაფიას ავლენს.
კონტინენტის ზედაპირის ფორმის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის ყინულის გადანაწილებასა და ლღობაზე ახდენს გავლენას. ეს პროცესი კი, თავის მხრივ, ტემპერატურის მატებითაა განპირობებული, რაც კლიმატის ცვლილების შედეგია.
"ყინულის საფარი თოვლის ზეგავლენით იზრდება და საკუთარი წონის გამო გარეთა მიმართულებით ისე ვრცელდება, როგორც — თაფლი თეფშზე. ზედაპირის ფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია და ის ყინულის დინებაზე მოქმედებს, როგორც თაფლის გადანაწილებაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გვიჭირავს თეფში", — აცხადებენ მეცნიერები.
Bedmap2-ის მონაცემების თანახმად, ანტარქტიდაზე 27 მილიონი კუბური კილომეტრი გაყინული წყალია, რომელიც დადნობის შემთხვევაში ზღვის დონეს დაახლოებით 58 მეტრით აწევს. მართალია, კონტინენტის საფარის მთლიანად გალღობა მოსალოდნელი არაა, მაგრამ ამჟამინდელი ტემპიც საგანგაშოა
ანტარქტიდის ქვენაფენ ქანებზე მეტის გასაგებად სპეციალისტები ახალ რუკაზე, სახელად Bedmap3, მუშაობენ.
კომენტარები