შიმპანზეებს შეუძლიათ, ერთმანეთს შარდვა "გადასდონ" — კვლევა

ფოტო: Kumamoto Sanctuary
კვლევის თანახმად, შიმპანზეები ხშირად მაშინ შარდავენ, როცა ამას მათი ჯგუფის სხვა წევრები აკეთებენ. ფენომენს მეცნიერებმა "გადამდები შარდვა" უწოდეს.
საპირფარეშოში ხშირად ადამიანების ჯგუფურად დადიან. გარდა ამისა, შიმპანზეები ჩვენი სახეობის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავები არიან. შესაბამისად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ქცევა შეიძლება ამ ორი სახეობის საერთო წინაპრისგან მომდინარეობდეს.
ნაშრომი ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა.
"ცნობილია, რომ ადამიანებში მოშარდვის გადაწყვეტილებაზე სოციალური კონტექსტი ზემოქმედებს, რომელიც ამის სხვებთან ერთად გაკეთებისკენ გვიბიძგებს, ეს ერთდროულად შარდვა კი, შესაძლოა, დამატებითი სოციალური კავშირის დამყარებას უწყობდეს ხელს", — Live Science-თან საუბრისას განაცხადა შინია იამამოტომ, ნაშრომის თანაავტორმა და ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევარმა — "შიმპანზეებზე ჩატარებული ჩვენი კვლევა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ეს ფენომენი გარკვეულწილად ამ ცხოველებშიც გვხვდება, ეს კი გადამდები შარდვის ფუნდამენტურ ევოლუციურ წარმომავლობაზე მიუთითებს".
მეცნიერებმა ქცევის შესწავლა მაშინ გადაწყვიტეს, როცა შენიშნეს, რომ შიმპანზეთა ჯგუფი ზოოპარკში ხშირად ერთდროულად შარდავდა. სურდათ გაეგოთ, ჰგავს თუ არა ეს მთქნარებას, რომელიც, გარდა ადამიანებისა, სხვა პრიმატებსა და მგლებშიც გადამდებია.
ასევე იხილეთ: რატომაა მთქნარება გადამდები?
კვლევის ფარგლებში მეცნიერები 20 შიმპანზეს აკვირდებოდნენ დაახლოებით 600 საათის განმავლობაში. ეს ცხოველები კუმამოტოს ნაკრძალში, იაპონიაში, ცხოვრობდნენ. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ, როცა ჯგუფში ერთი შიმპანზე შარდავდა, ამ ქცევას სხვებიც უფრო ხშირად იმეორებდნენ. მეცნიერებმა 60 წამის შუალედში განხორციელებული მოშარდვის შემთხვევები ჩაიწერეს, შემდეგ კი ეს მონაცემები რანდომიზებულ კომპიუტერულ სიმულაციებს შეადარეს.
კვლევამ აჩვენა, რომ შარდვის გადადება ფიზიკური სიახლოვის დროს უფრო ხშირია. სხვა სიტყვებით, როცა შიმპანზე ხედავდა, რომ თავისი თანამოძმე ახლოშივე შარდავდა, იგი უფრო ხშირად იმეორებდა ამ ქცევას.
ქცევაზე გავლენა სოციალურ კლასსაც ჰქონდა: ნაკლები დომინანტობის მქონე შიმპანზეები უფრო ხშირად შარდავდნენ მაშინ, როცა ამას სხვები აკეთებენ. სოციალურ სიახლოვეს (ეს სხვა შიმპანზესთან ახლოს, ასევე მისი ბეწვის მოწესრიგებისას, გატარებული დროით შეაფასეს) ამ ფენომენზე არანაირი გავლენა არ ჰქონია. ეს სხვანაირად ხდება სოციალური მთქნარების დროს, რომელიც სოციალურად ახლოს მყოფ წყვილებში უფრო ხშირდება.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ გადამდები შარდვა შეიძლება ხელს უწყობდეს როგორც სოციალური ჯგუფის ერთიანობას, ასევე კოორდინაციას ანდა სოციალური კავშირების განმტკიცებას.
ენა ოიშის, კვლევის თანაავტორისა და ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრის, თქმით, ეს ქცევა, შესაძლოა, "მდგომარეობის თანხვედრის" ხელშეწყობასაც ემსახურებოდეს. ამ დროს მსგავს მდგომარეობაში ყოფნით შიმპანზეები ჯგუფის ერთიანობას აძლიერებენ. ამ გადმოსახედიდან, ამ ქცევას სოციალური კავშირების განმტკიცებაც შეუძლია.
შესაძლოა, საქმე ისიც იყოს, რომ, თუკი რამდენიმე შიმპანზე ერთ ადგილას მოშარდავს, შარდის სუნი მიმოფანტული აღარ იქნება, მტაცებელს კი მათი მიგნება გაუჭირდება. გამოდის, ამ ქცევას შეიძლება დაცვითი ფუნქციაც ჰქონდეს.
გასათვალისწინებელია, რომ შიმპანზეების ბუნებრივ საარსებო გარემოში მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა. მეორე მხრივ, ონიშის თქმით, მკვლევრებს მსგავსი ქცევები ველურ პოპულაციებშიც შეუნიშნავთ. მეცნიერებს სამომავლოდ იმის გაგებაც სურთ, ახასიათებთ თუ არა გადამდები შარდვა სხვა სახეობის ცხოველებს.
"სხვების არსებობას ჩვენზე დიდი გავლენა აქვს, თუნდაც უინტერესო აქტივობებში", — თქვა ონიშიმ — "მაგალითისთვის, შიმპანზეებშიც და ადამიანებშიც გადამდები შეიძლება იყოს ისეთი ქცევები, როგორებიცაა: მთქნარება, სიარული, რიტმული დაკაკუნება და თვალის გუგის ზომაც კი".
გადამდები შარდვის შესწავლა მეცნიერებს დაეხმარება, ადამიანებისა და შიმპანზეების საერთო წინაპრების შესახებ მეტი გაიგონ. ვინ იცის, იქნებ ამან ადამიანებში აღნიშნული სოციალური ჩვევის წარმოშობასაც მოჰფინოს ნათელი.
კომენტარები