აზერბაიჯანელები მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლებს ლაჩინის დერეფნის გადაკვეთას უკრძალავენ
სტეფანაკერტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელებმა, რომლებიც თავს ეკოაქტივისტებად მოიაზრებენ და ლაჩინის დერეფნის ბლოკირებას ახდენენ, მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლებს სტეფანაკერტში შესვლაში ხელი შეუშალეს.
სამშაბათს, მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრმა, გურგენ ნერსისიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის 27-მა მაცხოვრებელმა სტეფანაკერტში შესვლა რუსი სამშვიდობოების თანხლებით სცადა.
ნერსისიანმა თქვა, რომ ჯგუფი სომხეთში 12 დეკემბრიდან, ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის შემდეგ ცხოვრობდა.
დერეფანი — რომელიც სომეხი მოსახლეობისთვის მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, აზერბაიჯანელებმა ბლოკადაში მოაქციეს. ისინი თავს ეკოაქტივისტებს უწოდებენ და რეგიონში უკანონო მაღაროებს აპროტესტებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სტეფანაკერტში ავადმყოფობის გამო ჯგუფის მხოლოდ ოთხი წევრი შეუშვეს, ხოლო დანარჩენები სამხრეთ სომხეთში, გორისში დაბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც "ხანგრძლივმა და დაჟინებულმა მოლაპარაკებებმა [აზერბაიჯანელებთან] შედეგი არ გამოიღო".
"აზერბაიჯანმა, რომელიც რეგულარულად აცხადებს, რომ არცახის [მთიანი ყარაბაღი] სომხეთთან დამაკავშირებელი გზა ღიაა, დღეს ღიად აუკრძალა არცახის მცხოვრებლებს საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება", — წერს სახელმწიფო მინისტრი მომხდარის შემდეგ ფეისბუქზე.
"აზერბაიჯანი სრულიად საპირისპირო მიდგომას ავლენს არცახიდან სომხეთში მიმავალთა მიმართ, რაც პირდაპირ ადასტურებს მათ დანაშაულებრივ ქცევას და განზრახვას, განდევნონ სომხები არცახიდან".
მოსკოვსა და ბაქოს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლების ჯგუფი რუსმა სამშვიდობოებმა შეაყოვნეს და არა აზერბაიჯანელმა მომიტინგეებმა.
აზერბაიჯანის პროსამთავრობო ტელეარხი, Apa იტყობინება, რომ ჯგუფი სომხეთის გორისიდან გაემგზავრა და მათ ლაჩინის დერეფანზე რუსი სამშვიდობოები დახვდნენ, რომლებიც შუშისკენ დაემგზავრნენ. შუშაში ჯგუფი, სავარაუდოდ, სხვა რუსულმა სამშვიდობო საგუშაგომ გააჩერა, რადგან მათი გამგზავრება სტეფანაკერტში წინასწარ დაგეგმილი არ იყო.
Apa-მ დაადასტურა სახელმწიფო მინისტრის, ნერსისიანის განცხადება, რომ ჯგუფის ოთხი წევრი ავადმყოფობის გამო სტეფანაკერტში გადაიყვანეს და დასძინა, რომ ისინი იქ აზერბაიჯანული სასწრაფო დახმარების მანქანებით და რუსი სამშვიდობოების თანხლებით მოძრაობდნენ.
"მოპოვებული ფაქტების მიხედვით, ზოგიერთი აზერბაიჯანელი ერთ-ერთ მანქანაშიც კი შეიჭრა", — წერს მთიანი ყარაბაღის უფლებადამცველი, გეგამ სტეპანიანი სამშაბათს, ფეისბუქზე.
"უფრო მეტიც, აზერბაიჯანის ხელისუფლება არცახიდან ხალხის გაშვებით, მაგრამ შესვლის აკრძალვით, ღიად ახორციელებს ეთნიკური წმენდის პოლიტიკას, როგორც ეს ილჰამ ალიევმა 10 იანვარს განცხადებაში კვლავ დაადასტურა".
სტეპანიანი გულისხმობდა ალიევის განცხადებას, რომელშიც მან თქვა: "ვისაც არ სურს გახდეს [აზერბაიჯანის] მოქალაქე, გზა არ ჩაგვიკეტავს, არამედ ღია. შეუძლიათ წავიდნენ".
მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ინციდენტი და მას უწოდა [აზერბაიჯანის] "გეგმის პრაქტიკული განხორციელების შემდეგი დონე არცახში ეთნიკური წმენდისა და მისი ხალხის ისტორიული სამშობლოდან განდევნის შესახებ".
სამინისტროს განცხადებაში ბრალს უყენებენ საერთაშორისო თანამეგობრობას ბაქოს ქმედებების "ჩუმად დამტკიცებაში, თუ არა თანამონაწილეობაში".
დეკემბრის შუა რიცხვებიდან, ლაჩინის დერეფნის ბლოკადის დაწყების შემდეგ მთიან ყარაბაღში მხოლოდ წითელი ჯვრის ან რუსი სამშვიდობოების კუთვნილი მანქანებია დაშვებული. ისინი, როგორც წესი, მარაგდებიან აუცილებელი სამედიცინო მარაგით და საკვებით და პასუხისმგებელნი არიან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებისას ადამიანების ერევნის საავადმყოფოებში გადაყვანაზე.
ლაჩინის ბლოკადა დაგმო არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ და ევროკავშირმა, ხოლო იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს გზის განბლოკვა თებერვლის ბოლოს დაავალა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები