შავი ხვრელები შესაძლოა, ბნელი მატერიით იყოს გარემოცული
ბნელი მატერია, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, სინათლეს არც ირეკლავს და არც გამოყოფს. ასევე, ის ელექტრომაგნიტურ ძალებთან არ ურთიერთქმედებს, ამიტომ მისი დაფიქსირება პრობლემურია. ამის მიუხედავად, ვიცით, რომ სამყაროს მასის უდიდესი ნაწილი სწორედ მასზე მოდის.
ჰონგ-კონგის საგანმანათლებლო უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში არაპირდაპირი მტკიცებულება მოიპოვეს იმისა, რომ შავი ხვრელების გარშემო ბნელი მატერია დიდი ოდენობითაა თავმოყრილი. მათ ჩვენთან ახლომდებარე ორი ასეთი ობიექტი შეისწავლეს: A0620-00 და XTE J1118+480, რომელთაგანაც თითოეული მეზობელ ვარსკვლავთან ერთად ბინარულ სისტემას ქმნის. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ამ მნათობთა ორბიტა წელიწადში დაახლოებით 1 მილიწამით მცირდება, რაც თეორიულ ვარაუდს 50-ჯერ აღემატება.
იმის გასაგებად, არის თუ არა შავი ხვრელები ბნელი მატერიით გარემოცული, სპეციალისტებმა ორსავე სისტემას "ბნელი მატერიის დინამიკური ხახუნის მოდელი" მოარგეს, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებაში მიღებული თეორიაა. ამისთვის მათ კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ კომპანიონი ვარსკვლავების ორბიტების სწრაფი ცვლილება ამ მონაცემებთან მტკიცე თანხმობაშია. ესაა არაპირდაპირი მტკიცებულება, რომ შავი ხვრელების ირგვლივ არსებულ ბნელ მატერიას მნიშვნელოვანი დინამიკური ხახუნის წარმოქმნა შეუძლია, რაც მნათობთა ორბიტულ მოძრაობას ანელებს.
უკანასკნელი შედეგები მხარს უჭერს გასული საუკუნის ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც შავ ხვრელებთან ახლომდებარე ბნელი მატერია მათში ჩაედინება და გადანაწილებად კვალს ტოვებს. ამ პროცესში შავი ხვრელების გარშემო ფორმირდება ბნელი მატერიის ე.წ. სიმკვრივის შვერილები, რომლებიც ვარსკვლავთა დინამიკურ ხახუნს უწყობს ხელს.
ავტორები ამბობენ, რომ წინა კვლევები ბნელი მატერიის გამოსავლენად იშვიათი კოსმოსური მოვლენების თანმდევ გამა-გამოსხივებასა და გრავიტაციულ ტალღებს ეყრდნობოდა, თუმცა ახალი მიდგომა ამას აღარ საჭიროებს. მათი თქმით, მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში სულ მცირე 18 ასეთი ბინარული სისტემაა, რომელთა შესწავლაც მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის.
მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები