შორეულმა შავმა ხვრელმა მძლავრი ნაკადები დედამიწისკენ "მომართა"
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, შორეული გალაქტიკის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელიდან მომავალმა, თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავმა მძლავრმა ნაკადებმა კუთხე 90°-ით შეიცვალა და დედამიწისკენ "შემოტრიალდა".
მათი წყარო აქტიური გალაქტიკური ბირთვია, რომელიც მატერიის მაღალენერგიულ ნაწილაკებს ღია კოსმოსში ტყორცნის. მისი კლასიფიკაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიმართულებით გადაადგილდება აღნიშნული ნაკადები. სპეციალისტთა მიერ შესწავლილი ობიექტი, 4 მილიარდი სინათლის წლის დისტანციაზე მდებარე PBC J2333.9-2343, აქამდე რადიოგალაქტიკად მიიჩნეოდა, რადგან მისი რადიაცია დედამიწის ხედის პერპენდიკულარულად მოძრაობდა.
ახლა ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ისინი უკვე ჩვენი პლანეტისკენაა მომართული, ანუ მათი წყარო ბლაზარია, აქტიური გალაქტიკური ბირთვი, რომლის ნაკადებიც დედამიწისკენაა "დამიზნებული". ეს ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელთა ტრაექტორია შეიცვალა, მაგრამ ამაში ჩვენთვის საშიში არაფერია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ PBC J2333.9-2343 ძალიან შორსაა, იქიდან მომავალი ნაწილაკები კი ვერაფერს გვავნებს. საქმე მხოლოდ ობიექტის კლასიფიკაციას ეხება.
მსგავსი ფენომენის გამოსავლენად მეცნიერებმა PBC J2333.9-2343 ელექტრომაგნიტური სპექტრის მთელ დიაპაზონში შეისწავლეს, რადიოტალღებიდან დაწყებული, გამა-გამოსხივებით დამთავრებული. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სამიზნე გალაქტიკას ტიპური ბლაზარის მახასიათებლები აქვს, მასავით კაშკაშებს და მკრთალდება, ასევე, მისნაირ ნაკადებს უშვებს.
აღსანიშნავია, რომ ავტორებმა დააფიქსირეს ორი რეგიონი, სადაც აქტიური გალაქტიკური ბირთვი გარემომცველ აირთან ურთიერთქმედებს. იქ ზოგიერთი ნაკადის კვალი შეიმჩნევა. ეს არეალები ძალიან ძველია და ადრეული აქტივობის ერთგვარი გადმონაშთია, ბირთვთან ახლომდებარე სტრუქტურები კი შედარებით ახალგაზრდაა.
ისინი არის დასტური, რომ ნაკადებმა ტრაექტორია ნამდვილად შეიცვალა. მსგავსი რამ აქამდეც დაუფიქსირებიათ, მაგრამ წინა შემთხვევებში ასეთი რეგიონების ორ წყებას მიაგნეს, ანუ ორი განსხვავებული ნაკადის გააქტიურებისა და გაქრობის კვალს. ამასთან შედარებით, PBC J2333.9-2343-ის აქტიურობა მხოლოდ ერთ წყაროს უკავშირდება.
მეცნიერები ტრაექტორიის შეცვლის მიზეზის დადგენას ცდილობენ, პოტენციური ახსნა კი გალაქტიკების შერწყმის პროცესია. ახალი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები