როგორ მივხვდეთ, გვატყუებენ თუ არა? — მარტივი ხერხი
ადამიანები ხშირად იტყუებიან, იმის გარჩევა კი ძნელია, თუ როდის გეუბნებიან სიმართლეს და როდის — არა. არის შემთხვევები, როცა ამის დადგენა სიცრუის დეტექტორსაც უჭირს, თუმცა ახალი კვლევა მატყუარას გამოვლენის უმარტივეს გზას გვთავაზობს: ყურადღება მივაქციოთ დეტალების ნაკლებობას.
დაივიწყეთ სხეულის ენა და სახის გამომეტყველება. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ნაამბობის დეტალურობაზე კონცენტრირდეთ, რითაც მატყუარას ამოცნობა გაგიადვილდებათ. მეცნიერები ამბობენ, რომ ქცევით ფაქტორებზე დაკვირვება ამ დროს, ერთი შეხედვით, ყველაზე ეფექტიანი გვეჩვენება, მაგრამ ეს ზოგჯერ საქმეს ართულებს კიდეც.
"მცირე დროში ამ სიგნალების დაფიქსირება არ შეგვიძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ რამდენიმე სიგნალის გაერთიანების გზით სწორ განსჯაზე. თითქოს, ალოგიკურია, რომ ადამიანებს უბრალოდ მოვუსმინოთ და სხვა სიგნალებს ყურადღება არ მივაქციოთ, მაგალითად თხრობის ემოციურობას. ამის მიუხედავად, სიმართლის თქმისას ისინი მდიდარ აღწერას იშველიებენ, რადგან მომხდარი მართლაც განიცადეს. დეტალებს მატყუარებიც ამატებენ, მაგრამ მათი გამოჭერის შანსი უფრო დიდია", — აცხადებენ ავტორები.
მეცნიერებმა აღნიშნული საკითხის გამოსაკვლევად ექსპერიმენტები ჩაატარეს. მათ კვლევაში მონაწილე ადამიანები ორ ჯგუფად დაჰყვეს: მატყუარებად და მართლებად. პირველში შემავალ პირებს დაევალათ, ჩასაკეტი კარადიდან საგამოცდო ფურცელი მოეპარათ და ამის შესახებ ტყუილი ეთქვათ. მეორე ჯგუფი კი კამპუსის მიმდებარედ ატარებდა დროს. მართალ-მტყუანი სხვა ინდივიდებს უნდა შეეფასებინათ, როგორც ხელნაწერებზე, ასევე ვიდეო ტრანსკრიფციებზე, ვიდეოინტერვიუებსა და პირდაპირ რეჟიმში ინტერვიუებზე დაყრდნობით.
როცა მათ საშუალება ჰქონდათ, მატყუარა ნებისმიერი ხერხით გამოევლინათ, ინდიკატორად შესაძლებლობის დონე დაისახეს. არჩევანის მხოლოდ დეტალურობაზე დაფუძნებისას კი შემფასებელთა ჯგუფს სიცრუისა და სინამდვილის გარჩევა გაუმარტივდათ. მაგალითად, ერთ-ერთ ცდაში რამდენიმე სიგნალზე ყურადღების გამახვილებას 59-პროცენტიანი სიზუსტე მოჰყვა, ხოლო ერთი სიგნალის შემთხვევაში 66-პროცენტიანი.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Human Behaviour გამოქვეყნდა.
კომენტარები