GitHub-მა კოდის წერაში დამხმარე ასისტენტი გააუმჯობესა — Copilot უკვე GPT-4-ზე იმუშავებს
GitHub კოდის წერაში დამხმარე ასისტენტის გაუმჯობესებულ ვერსიას უშვებს, რომელიც უახლეს GPT-4 მოდელს ეფუძნება. Copilot ასისტენტი ამიერიდან დეველოპერებს კიდევ უფრო მეტ საქმეს გაუმარტივებს.
ასევე იხილეთ: ChatGPT-ის უმძლავრესი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია — რა შეუძლია GPT-4-ს და როგორ გამოვიყენოთ
ასისტენტის თავდაპირველი ვერსია GPT-3 მოდელს ეფუძნებოდა. იგი რედაქტირების ფანჯრიდან მუშაობს და კოდის სტრიქონებსა თუ სექციებს ავტომატურად ავსებს; ამასთანავე, შეუძლია, კოდი სიტყვიერი მითითების საპასუხოდ დააგენერიროს.
Copilot-ის ახალ ვერსიაში ChatGPT-ის მაგვარ გამოცდილებას უფრო მეტად შეხვდებით. GitHub-მა ჩატბოტი დეველოპერებისათვის განკუთვნილ ხელსაწყოებში, მათ შორის VS Code-სა და Visual Studio-ში, ჩააშენა. Copilot-ის ჩატურ ინტერფეისთან ინტერაქცია ხმოვანი ან ტექსტური ბრძანებებითაა შესაძლებელი.
ჩატბოტი ამ შემთხვევაში ჩვენთან საუბარზე მეტს გააკეთებს: მას დეველოპერის სამუშაოს მთელს კონტექსტზე ექნება წვდომა, ანუ მიხვდება, რა ჩაწერეთ ფანჯარაში; გაიგებს ხარვეზებთან დაკავშირებულ შეტყობინებებსაც, შემდეგ კი შესაბამის რჩევას მოგცემთ მათ გამოსასწორებლად.
ასევე იხილეთ: შეამოწმე, ვინ იქნებოდი IT სფეროში — ქვიზი
თომას დოჰნკის, GitHub-ის აღმასრულებელი დირექტორის, განცხადებით, Copilot-ს დეველოპერები დეველოპმენტის თითოეულ საფეხურზე გამოიყენებენ.
დაგეგმვის ეტაპზე ასისტენტი კოდის შემქმნელებს დაეხმარება მარტივი ენით აღწერონ, თუ რისი შექმნა სურთ, რომ იგი გუნდის სხვა წევრებისთვისაც მარტივად გასაგები იყოს.
კოდირების ეტაპზე Copilot ისევ ძველ მოდელს, სახელად Codex-ს (GPT-3 მოდელის სწრაფი ვარიანტი) დაეყრდნობა, რათა კოდის სტრიქონები თუ სექციები ავტომატურად შეავსოს.
"ახლა საქმე ისაა, რომ სხვადასხვა შემთხვევისათვის სხვადასხვა მოდელს ვიყენებთ: ავტომატური შევსებისათვის — სწრაფ მოდელს, სატესტო შემთხვევების გენერირებისთვის, დოკუმენტაციისა და შეკითხვებზე პასუხისათვის კი — შედარებით ნელ, უფრო ზუსტ მოდელს", — აცხადებს თომას დოჰნკი, GitHub-ის აღმასრულებელი დირექტორი.
კოდის მიმოხილვის პროცესში Copilot სატესტო შემთხვევების შექმნაში დაგეხმარებათ, რათა დაადგინოთ, რამდენად გამართულად მუშაობს კოდი. მისი მეშვეობით პატარა ხარვეზების აღმოჩენა და შესწორებაც გამარტივდება.
Copilot-ის დახმარებით იმაშიც დარწმუნდებით, რომ კოდის გამოყენებამდე იგი საფუძვლიანადაა დატესტილი. თუკი მისი რომელიმე ნაწილი შეუმოწმებელი დარჩა, ასისტენტი შეტყობინების მეშვეობით გაგაფრთხილებთ, სანამ მოხმარებაში ჩაუშვებდეთ.
როგორც GitHub-ში აცხადებენ, Copilot-ს უკვე მილიონზე მეტი დეველოპერი და მინიმუმ ხუთი ათასი ბიზნესი იყენებს.
ახალი ვერსიით სარგებლობისათვის დეველოპერები მომლოდინეთა სიას უნდა შეუერთდნენ. პირველი ნაკადი წვდომას მაშინვე მიიღებს, ხოლო დანარჩენებს კი დალოდება მოუწევთ, მსურველთა რაოდენობის მიხედვით.
ცალკეული ინდივიდებისთვის Copilot თვეში $10 ღირს, ხოლო ბიზნესების შემთხვევაში კი თითო დეველოპერისთვის — $19.
კომენტარები