შალვა რამიშვილი, ზვიად დევდარიანი, პაპუნა უგრეხელიძე — ამ კაცებს ცნობადობის და კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გარდა სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებები აერთიანებთ. ხოლო ქალებს, რომლებმაც მათ წინააღმდეგ ხმა ამოიღეს, საზოგადოების ნაწილის სკეპტიციზმთან და ამ კაცების გავლენებთან მოუწიათ შეჯახება. მათი ბრძოლა მარტივი არ არის, არც შედეგები დამდგარა ისე სწრაფად, როგორც ისურვებდნენ, მაგრამ მიაღწიეს მთავარს — ათეულობით ქალს მისცეს საშუალება ელაპარაკათ და სოლიდარობა, მხარდაჭერა ეგრძნოთ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

ქალები სექსუალურ შევიწროებას აწყდებიან ყველგან: სკოლაში, უნივერსიტეტში, საჯარო თუ კერძო სამსახურში, ჯარში, ექიმთან ვიზიტისას, სპორტზე. არაერთი მონაცემი მოწმობს, რომ პრობლემა მწვავეა, თუმცა რეაგირება ყოველთვის შესაბამისი არ არის.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2019 წლის 10 მაისიდან 22 აგვისტომდე სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოვლინდა.
  • 2020 წლის ანგარიშში ომბუდსმენი საუბრობს სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე კარანტინში შემოწმებისას და გასტროენტეროლოგთან ვიზიტის დროს.
  • 2021 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, CRRC-საქართველოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საჯარო მოხელეთა 34%-ს სამსახურში სექსუალური შევიწროება გამოუცდია.
  • ეს მხოლოდ გასაჯაროებული მონაცემებია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი ამ თემაზე ხმამაღლა ვერ საუბრობს.

ამის ფონზე არსებობენ ადამიანები, რომლებიც სექსუალურ შევიწროებას არ აღიარებენ, ან ცდილობენ ის ფლირტად გაასაღონ, რომელიც "არასწორად იქნა აღქმული". არიან ისეთებიც, ვინც დაზარალებულ ქალებს ადანაშაულებს "გამომწვევად ჩაცმის" ან ამბის გვიან გასაჯაროების გამო, ითხოვენ მტკიცებულებებს და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე აპელირებენ. თუმცა ფლირტსა და შევიწროებას შორის მკაფიო ზღვარია და ეს ჩანს კანონის განმარტებაშიც — მთავარი განსხვავება სასურველ კომუნიკაციასა და თანხმობაშია. ჩაცმულობაც არ არის არანაირი არგუმენტი ქალის სურვილის წინააღმდეგ მასთან რაიმე ტიპის კომუნიკაციის დასამყარებლად. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რამდენად რთულია ქალებისთვის ღიად საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატრიარქალურ კულტურაში ყოველთვის ახერხებენ, კაცის გასამართლებლად "არგუმენტის" პოვნას.

ასე მოხდა ბოლო დღეებშიც, ქალებს, რომლებმაც გაბედეს და ქვეყნის მთავარი პროპაგანდისტი, ქართული ოცნების მხარდაჭერილი გავლენიანი მედიამენეჯერი ისევ ამხილეს, ქართულმა ოცნებამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა ჯერ 7 წელი დუმილი წამოაძახეს, მერე მტკიცებულებები მოსთხოვეს, ცეკვის ვიდეო გაუსაჯაროვეს, პარტიული ნიშნით დისკრედიტაციაზე გადავიდნენ და შევიწროების ფლირტად გასაღებაც სცადეს.

რეაგირება რომ შესაბამისი არ არის ამაზე არამხოლოდ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები მეტყველებს, რომლებმაც შალვა რამიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს და საპასუხო მადლობაც მიიღეს. On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის ოფისს. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ შესწავლას მიმართვის შემთხვევაში დაიწყებენ. შსს-სგან კი 2 დღეა ვერ ვიღებთ პასუხს, დაიწყო თუ არა გამოძიება ამბავზე, რომელიც საჯაროდ გავრცელდა.


ვინ არის შალვა რამიშვილი

წარსულში არაერთი მედიის ჟურნალისტს, ტელეწამყვანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ქართული ოცნების აქტიურ მხარდამჭერს, ტროლ-ბოტებთან კავშირებში არაერთხელ დადანაშაულებულს, ანტიდასავლური და ანტილიბერალური იდეების პროპაგანდისტს საზოგადოება კარგად იცნობს.

2016 წელს თათია სამხარაძემ, რომელიც შალვა რამიშვილის შოუში ტასო ბარნოვას პერსონაჟს ასახიერებდა, ის სექსუალური შევიწროებაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. რამიშვილი ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ მას სამხარაძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის გადახდა დააკისრა. სააპელაციომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

"შალვასგან სექსისტური ხუმრობები ნორმად მიიჩნეოდა და რაც არ უნდა გაოცებული ან შეურაცხყოფილი დარჩენილიყავი შალვას საქციელით ან ასეთი ხუმრობით, ხმასაც ვერ ამოიღებდი. იმ გარემოში, სადაც შალვა რამიშვილია, სექსიზმი და ბულინგი კომუნიკაციის მისაღები ფორმაა. საკუთარ ტელე-იმიჯსა და იუმორს ამოფარებული კი ნამდვილი მოძალადე იმალება, მაგრამ ამას გვიან მივხვდი", — ამბობდა სამხარაძე On.ge-სთან ინტერვიუში 2017 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ სამხარაძემ რამიშვილი ამხილა და სასამართლო გადაწყვეტილება არსებობდა, მისი კარიერა არ დაზარალებულა და გავლენები შეინარჩუნა. 2016 წელს რამიშვილმა ტელეკომპანია იმედთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა, მიზეზად კი სარედაქციო საქმიანობაში ჩარევა დაასახელა, თუმცა ამის შემდეგ ამ სფეროში მუშაობა გააგრძელა და წლების განმავლობაში მასპინძლობდა მინისტრებსა და დეპუტატებს ქართული ოცნებიდან, რომელთა ნაწილს ხშირად მეგობრულად და ფამილიარულად ესაუბრებოდა.

ის არამხოლოდ POSTV-ის წამყვანი, არამედ მეწილეა. კომპანიის 52%-ს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული ანტიდასავლური მოძრაობის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს. 24-24%-ს კი შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი.

გასაუბრებები შალვა რამიშვილთან

მასობრივი პროტესტისა და რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ, POSTV-ზე კანონის მოწინააღმდეგეთა მადისკრედიტირებელი კამპანია დაიწყო. სახელისუფლებო გუნდის მხარდამხარ, პროპაგანდისტები იმეორებდნენ, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს და მათი პროტესტი გამოიყენეს.

20 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე დაწერა: "ახალგაზრდებო, ყოველ ჯერზე, როცა შალვა რამიშვილი მოგმართავთ ახალგაზრდებს და ბავშვებს, და ასე ხშირად აკეთებს პოსტ-ტვის ეთერიდან თავის ორ მარიონეტთან ერთად, მინდა გახსოვდეთ რომ ეს არის კაცი, რომელიც სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა. ეს არის მოძალადე, რომელიც თავის საშინლად მიზერულ ძალაუფლებას იყენებდა იმ ბავშვების გასარყვნელად და შესავიწროებლად, ვისაც მედია კარიერის გაკეთება სურდა".

ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ სამხარაძის პოსტი გააზიარა და დაწერა, რომ ერთ-ერთი თვითონაც იყო და როცა შეძლებდა ამ ისტორიას მოჰყვებოდა. ის იყო პირველი, ვინც რამდენიმე დღის წინ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. ამის შემდეგ 6-მა ქალმა ფეისბუქზე დაწერა, რომ რამიშვილთან კომუნიკაციის დროს არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდა. 4 მათგანი ჰყვება, რომ გასაუბრებისას იღებდნენ უხერხულ კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს. ქალებმა ისაუბრეს სექსუალურ შევიწროებაზეც.

მაკო ჯაბუა

ჟურნალისტი ჰყვება, რომ დაახლოებით 7-8 წლის რამიშვილთან გასაუბრებაზე იყო, რომელიც თავიდან ნორმალურად დაიწყო, შემდეგ კი სექსუალური ხასიათის კითხვები დაუსვა და პორნო ჩართო.

ნაწყვეტი ჯაბუას პოსტიდან:

"- ხოდა ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად, რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ... და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?

აი, მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე. არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო ალბათ) ვიფიქრე, იქნებ თემა შემიცვალოს და მეთქი "გეი პორნოს ალბათ".

- ხოო, ახლა რომ ჩაგირთო რას იგრძნობ?
- არ ვიცი.
- მოდი ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს).
- რას გრძნობ?
- უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)
- არ გინდა დაან*რიო?
- არა.
- მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?
- არ ვიცი.

ამის მერე იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში. მე ვპოულობ ძალას, ვდგები რამდენიმე წუთის შემდეგ და კარგი, მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე".

მაკოს თქმით, ამის შემდეგ რამიშვილმა გაცილება შესთავაზა და 10 ლარი მისცა. ქალი ამბობს, რომ სახლში მისულმა იტირა, რამიშვილმა იმ საღამოსვე მიწერა, შემდეგ დღეებშიც წერდა, თუმცა არ უპასუხია.

ანანო იაშვილი

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მაკო ჯაბუას პოსტს გამოეხმაურა და დაწერა, რომ წლების წინ რამიშვილისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. On.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ შემთხვევა 10 წლის წინ მოხდა, მაშინ პირველი კურსის სტუდენტი იყო. მსახიობი ჰყვება, რომ წლები დაჭირდა ამ ტრავმის გადასახარშად.

ნაწყვეტი იაშვილის პოსტიდან:

"18 წლის ასაკში, ბავშვი, რომელიც ვოცნებობდი მსახიობობაზე, ტელევიზიაზე, პირადად მან დამირეკა, დამიბარა გასაუბრებაზე ტელევიზიაში (TV Imedi), წინასწარ გამაფრთხილა რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი (პერსონაჟია ასეთიო). გასაუბრებაზე რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე, თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით (წინაზე უარის შემდეგ), და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას, მერე აუქმებს, მერე მიგზავნის, მერე აუქმებს... მანიაკია ჩვეულებრივი".

გვანცა ბუდაღაშვილი

გვანცა ბუდაღაშვილი წერს, რომ შემთხვევა 2018 წელს მოხდა, როცა POSTV მხოლოდ ონლაინტელევიზია იყო. მისი თქმით, რამიშვილმა თავად მისწერა და გასაუბრებაზე მივიდა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს და "მიადგა სექსუალურ საკითხებსაც". ქალი ამბობს, ესაუბრა მის შარმზედ, ზუსტად არ ახსოვს როგორ თქვა, მაგრამ უხერხულობა იგრძნო.

ნაწყვეტი ბუდაღაშვილის პოსტიდან:

"რამდენიმე დღეში ისევ მომწერა ან დამირეკა. სამსახურის დაწყება თუ გინდა მოდი რაღაცეები გავარკვიოთო. მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა, რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი რომ ამ "სამსახურის" გზა საწოლზე გადიოდა.

ბუდაღაშვილი On.ge-ის უყვება, რომ რამიშვილს სულ ორი შეხვედრა ჰქონდა და ორივე დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. მისივე თქმით, რამიშვილის მხრიდან კომუნიკაციის მცდელობა დაახლოებით 1 წელი გრძელდებოდა და შემდეგ თავი დაანება. ქალი ფეისბუქგვერდზე მიმოწერის სქრინებსაც ავრცელებს.

ბუდაღაშვილი გვეუბნება, რომ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ამბები მოყვნენ მაშინ, როცა მოხდება და არა წლების შემდეგ, როცა გამბედაობას მოიკრეფენ.

"ამ ყველაფრის შემხედვარე საზოგადოებაში ჩნდება ე.წ. დაუსჯელობის სინდრომი. თითქოს, როცა შალვა რამიშვილი არ ისჯება, სახელმწიფო სხვა მოძალადე კაცებს ეუბნება — აკეთე, რაც გინდა, მე შენი მეგობარი ვარ და მე შენ არ დაგიჭერ არასდროს არაფრის გამო, არანაირი საფრთხე არ გემუქრება. მგონია, რომ კიდევ უფრო მეტად გავრცელდება მსგავსი შემთხვევები, თუ შალვა რამიშვილს ოდესმე მაინც პასუხს არ მოსთხოვს სასამართლო", — გვითხრა გვანცამ.

სოფო ახალაია

რადიო 105-ის ყოფილმა თანამშრომელმა, სოფო ახალაიამ მაკო ჯაბუას პოსტზე კომენტარი დაწერა, სადაც 25 წლის წინანდელი ისტორია გაიხსენა. სოფომ გვითხრა, რომ ამ თემაზე მეტი არაფერი აქვს მოსაყოლი.

ახალაიას კომენტარი:

"რადიო 105-ში არტს ვწერდით ფრანგულ ენაზე. მეტი სექსუალური ხმის მისაღებად გადაწყვიტა ფეხზე ხელი დაედო... პირდაპირ მიიღო ჩემგან პასუხი — ხელი აიღე თორემ გაგიკეთებ ტრა**ი-თქო" — არ ელოდა ჩემგან ამ რეაქციას და ადგილზევე ჩაიჯ**. არავის არასდროს დაუთმოთ არაფერი გოგოებო!"

ანონიმური რესპოდენტი

ნანა (სახელი შეცვლილია მის თხოვნით) გვიყვება, რომ 18 წლის იყო, როდესაც რამიშვილთან გასაუბრებაზე მივიდა. ჟურნალისტიკის პირველ კურსზე სწავლობდა და ვაკანსიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია არ ჰქონდა. იცოდა, რომ ახალი წამოწყებული ჰქონდათ საქმიანობა და მხოლოდ სოციალურ ქსელს იყენებდნენ, თუმცა აპირებდნენ ტელევიზიის დაარსებასაც და ამისთვის სჭირდებოდათ ჟურნალისტები, რომლებიც გამოკითხვებს ჩაატარებდნენ.

"ერთადერთი ჩემმა დაქალმა მითხრა მისვლამდე, რომ როგორც ახსოვდა რამიშვილი იყო დამაარსებელი რაზეც ვუთხარი რომ იმედია ეგ არ იქნება, რადგან ტასო ბარნოვზე მქონდა გარკვეული ინფორმაცია... თუმცა კარი გავაღე თუ არა რამიშვილი დამხვდა", — ამბობს ის.

ახლა რომ მომხდარიყო მსგავსი შემთხვევა, აუცილებლად დავუბრუნდები იმ პასუხს, რასაც იმსახურებს... თუმცა მაშინ ვიყავი 18 წლის, პირველ კურსელი, ზედმეტად მიამიტი ბავშვი... სათანადოდ გამოვეწყვე, პირველ რიგში ვფიქრობდი, რომ სერიოზულად უნდა გამოვჩენილიყავი, რადგან მაშინ ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის საოცნებო იყო...

როგორც ნანა იხსენებს, გასაუბრებაზე მისვლისას გაუკვირდა, რომ შენობა სახლს უფრო ჰგავდა ვიდრე ოფისს. ამბობს, რომ მთელი პროცესი დაძაბული იჯდა და ერთი სული ჰქონდა ამდგარიყო და ოთახიდან გასულიყო.

მისთვის დასმული კითხვები მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ელოდა ინტერესს გამოცდილებაზე, მოტივაციაზე: "მივიღე სრულიად განსხვავებული კითხვები"

პირველი ნაწილი დიალოგიდან, რომელზეც ნანამ გვიამბო:


"- მშობლებთან ერთად ცხოვრობ? ვუპასუხე, რომ კი.

- რატომ ცხოვრობს სრულწლოვანი გოგო მშობლებთან? პრობლემა არ გექმნება ხოლმე?

- არ მაქვს არანაირი პრობლემა მშობლებთან ცხოვრების და ამიტომ ვარ მათთან ერთად და პრობლემებში კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ბარში ან სადმე რომ გინდოდეს გასვლა ან გადაღება დიდხანს გაგრძელდეს, არ დაგიშლიან?

- მთავარია იცოდნენ სად ვარ არა მგონია ეს პრობლემა იყოს".

მეორე ნაწილი დიალოგიდან, რომელზეც ნანამ გვიამბო:

"- ძმა ან შეყვარებული გყავს? და თუ კი, დაგიშლიდნენ რამეს?

- არა, ზოგადად პრინციპული ადამიანი ვარ და თუ რამის გაკეთება მინდა, მაინც გავაკეთებ, მაგრამ, ალბათ, მათ აზრსაც გავითვალისწინებ.

- და, აი, რას იფიქრებენ შენები, ნახევრად შიშველი რომ დადიოდე ქუჩაში?

- და რატომ უნდა ვიარო ქუჩაში ნახევრად შიშველმა?

- რა ვიცი გადაღებას რომ დასჭირდეს არ ივლი?

- ალბათ, ლოკაციას და სიუჟეტს გააჩნია, თბილისის ქუჩებში არ ვაპირებ საცურაო კოსტიუმით სიარულს, თუმცა სანაპიროზე, შესაძლოა".

ნანა ამბობს, რომ რამიშვილმა ამ დროს გადაიხვნეშა, რამდენიმე წუთი კომპიუტერში იყურებოდა და თან აკვირდებოდა. იხსენებს, რომ ზედმეტად უხერხულად გრძნობდა თავს და უბრალოდ უნდოდა, გარეთ გასულიყო.

"ისე დამძაბა მისმა ქცევებმა და კითხვებმა რომ ენა მებმოდა საუბრის დროს", — გვიყვება ნანა.

იხსენებს სხვა კითხვებსაც, რომელიც დაუსვა, მათ შორის, ჰქონდა თუ არა რომანი დამსაქმებელთან. ამბობს, რომ მეტი დეტალის გაგებას ცდილობდა: "მაქსიმალურად ვეცადე შემემოკლებინა პასუხები ავდექი დავემშვიდობე და წამოვედი"

მხოლოდ 18 წლის ვიყავი… სრულიად შემეცვალა იმ პერიოდში წარმოდგენა ტელევიზიაზე... აღარასდროს მივსულვარ ტელევიზიაში და პროფესიაც შევიცვალე და ტურიზმზე გადავედი... არ შეიძლება მსგავსი ადამიანები ასეთ გავლენას ახდენდნენ ადამიანებზე.

თამთა კულუმბეგაშვილი

თამთა კულუმბეგაშვილი ამბობს, რომ მას იმედის პავილიონში შეხვდა. დაახლოებით 2016 წელს მას კოლეგებმა უთხრეს, რომ რამიშვილი გოგოების გადაცემას აკეთებდა, მაშინ POSTV მხოლოდ ინტერნეტტელევიზია იყო. On.ge-სთან თამთამ თქვა, რომ მისი და შალვას საუბარი მაქსიმუმ 10 წუთი გაგრძელდა.

თამთას პოსტი:

"ვინც მიცნობს, კარგად იცის რომ მან-სან-კანს ვთამაშობდი ძალიან ბევრი წლები. ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყო, გოგოების იუმორისტული გადაცემის კასტინგზე დამიბარეს POSTV-ში. ჰოდა გასაუბრებაზე შალვამ მითხრა მიდი თამამად მაგინე რომ ვნახო კამერებთან როგორ მუშაობ და გარყვნილობები მითხარიო. შენი დედა მოვ*ყან მეთქი და წამოვედი".

თამთამ ხაზგასმით გვითხრა, რომ ასეთ დროს სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ამაყობს ყველა იმ ადამიანით, ვინც ხმა ამოიღო.

ანანია გაჩეჩილაძე

აი ისას დამფუძნებელი იხსენებს, რომ რამიშვილთან შეხვედრა მაშინ მოუწია, როცა მის საქმიანობაზე სიუჟეტის მომზადება უნდოდათ. ამბობს, რომ ამ დროს თათია სამხარაძის საქმეზე გადაწყვეტილება უკვე არსებობდა, გული ცუდს უგრძნობდა, ამიტომ შეხვედრამდე ხმის ჩამწერი ჩართო.

ნაწყვეტი გაჩეჩილაძის პოსტიდან:

"დაახლოებით 2 საათის თავზე კაბინეტის კარი დაიხურა და უსიამოვნო შეკითზვების კორიანტელი დადგა, ისეთების როგორიცაა "როგორი ორგაზმი გაქვს" და რაღაც მსგავსები, ეს კონკრეტული დამამახსოვრდა".

გაჩეჩილაძე წერს, რომ შეხვედრის შემდეგ ცუდად იყო და ეგონა თავი საათანადოდ ვერ გაართვა სიტუაციის მართვას, რასაც ფსიქოლოგიური ძალადობისგან მიღებული სტრესს უკავშირებს. მისივე თქმით, თვეები ვერ რთავდა იმ ჩანაწერს.

"მე და შალვა რამიშვილი ბოლო წლებში ერთხელ გადავიკვეთეთ შემთხვევით და მიუხედავად იმისა რომ "ცუდად" ერთმანეთს არ დავშორებივართ ცოცხლად დანახვისას საშინელი, საზიზღარი ემოცია დამეუფლა. რამდენიმე წინადადება ვთქვით და ამ ზიზღმაც შედარებით გადამიარა, თუმცა მსგავსი რეაქცია სხვა დროს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მქონია და ვიცი იმას ნიშნავს რომ იმ ადამიანმა ძალიან დამიშავა", — წერს გაჩეჩილაძე.

27 მარტის განახლება: ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც მათი ინფორმაციით, ამ შეხვედრაზეა ჩაწერილი. ჩანაწერის ავთენტურობას გაჩეჩილაძე ადასტურებს, რამიშვილი კი კითხვებს ასე პასუხობს: "რაღაც არ მახსენდება, მაგრამ. ხომ გაქვთ ჩანაწერი? გაუშვით მერე, მე რას მირეკავთ".

შაბათის ფორმულას წამყვანები ამბობენ, რომ ჩანაწერი შეიცავს მძიმედ მოსასმენ და უხერხულ ეპიზოდებს, ამიტომ ამ ნაწილს შეგნებულად არ ასაჯაროებენ, მაგრამ მზად არიან, მიაწოდონ გამოძიებას. ეთერში გასულ ნაწილში კი ისმის სექსუალური შინაარსის კითხვები. გაიგეთ მეტი აქ.

რამიშვილისა და ქართული ოცნების საერთო გზავნილები, მხარდაჭერა და მადლობა

სანამ სექსუალურ შევიწროების ბრალდებებზე პირველ სტატიას გამოვაქვეყნებდით, შალვა რამიშვილს დავუკავშირდით. მან ქალების მონათხრობს სისულელე უწოდა, გვიმტკიცებდა, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა და დამატებით კითხვებზე არ გვიპასუხა. გვითხრა, ტელევიზიის განცხადებას დავლოდებოდით.

ამ პროცესების პარალელურად, ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას ეჭვქვეშ დააყენა მაკო ჯაბუას ისტორია და სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ რამიშვილს ირიბი მხარდაჭერა გამოუცხადა.

მის რიტორიკაში არაერთხელ განმეორდა ნარატივი ფაშისტებზე. ჟურნალისტებმა დეპუტატს ჰკითხეს, სავარაუდო მსხვერპლს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებდა თუ სიცრუეში, რაზეც მდინარაძემ თქვა, რომ ახსნიდა, რაშიც ადანაშაულებდა.

"ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ფაშისტური კამპანიის ფონზე. ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა. შეიძლება, რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი დამთხვევების, ასეთი შემთხვევითობების მე არ მჯერა. მგონია, ჩემი აზრი ეს არის და თქვენ ნუ მაიძულებთ, სხვა აზრზე გადავიდე", — განაცხადა დეპუტატმა.

მაკო ჯაბუამ კიდევ ერთ ფეისბუქპოსტში აღნიშნა, რომ რამდენიმეჯერ მოისმინა, სად იყვნენ აქამდე ქალები და რატომ არ ამოიღეს ხმა. ჟურნალისტი განმარტავს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია დაზარალებულის ქცევასა და ტრავმის გამოვლინებაზე. მისივე თქმით, ქალებს უწევთ ფიქრი ოჯახზე, ახლობლებზე, რას იტყვიან, როგორ გაიგებენ და რა რეაქცია მოჰყვება.

"კი, ძალიან კარგი იქნებოდა მყისიერი რეაგირება, პოლიციის გამოძახება, წივილ-კივილი, მტვრევა, ლეწვა და არა 5, 6, 7, 8 თუ 20 წლის შემდეგ, არამედ მაშინვე გვქონდეს ყველას ძალა, უნარი და გამბედაობა, რომ გავიაზროთ, დავალაგოთ და გავაკეთოთ...

სამწუხაროდ არ ხდება ასე — ძალიან დიდია შოკი, დაბნეულობა და შინაგანი განცდები, რომელიც, იმ მომენტში გგონია, რომ გაგაგიჟებს. ქალებს წლები სჭირდებათ ამაზე ფიქრისთვისაც კი. ძალიან დიდი წნეხის, პატრიარქალური, კომპლექსებითა და სტერეოტიპებით სავსე გარემოში, რთულია იპოვო გამბედაობის პაწაწინა მარცვალიც, მართლა", — განმარტა მან.

რამიშვილის მხილებას ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი. მისი პოსტი ქართული ოცნების პოლიტიკის ქებით იწყება და ისე სრულდება, რომ რამიშვილი არათუ გაკრიტიკებული, ნახსენებიც არ არის. წილოსანი ამბობს, რომ დანაშაული მძიმეა, თუმცა აქვე მიანიშნებს, რომ ეს დადასტურებული არ არის და "ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება, არანაკლებ მძიმეა".

"რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონით და არა "მორალის პოლიციის" ხელით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მანიპულაციურად და ბოროტად იყენებენ" — დაწერა მან.

წილოსანი რამიშვილს ირიბად გამოესარჩლა პარლამენტშიც, როცა ლელოს დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს უპასუხა. ნაცვლიშვილმა თქვა, რომ რამიშვილის მიერ თანამშრომლის სექსუალური შევიწროება უკვე დადასტურებული იყო, ქართული ოცნების გუნდი კი მასთან თანამშრომლობდა და ტელევიზიის ეთერში იჯდა. დეპუტატის განცხადებით, ამის შემდეგ ვერ იჯერებს, რომ მმართველ პარტიას ქალთა უფლებები აწუხებს.

წილოსანმა ეს კრიტიკა ასე გაიგო: "ამით შეურაცხყოფას აყენებთ ყველა ადამიანს აბსოლუტურად, რომელსაც ოდნავ მაინც კი სასამართლოს რაღაცა გადაწყვეტილება მიუღია და თურმე, შემდეგ ეს ადამიანები უნდა მოგლიჯოთ საერთოდ საზოგადოებას და თურმე, ეს ადამიანები ფაშისტურად უნდა გარიყოთ სოციუმიდან, რომელსაც არ ვეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ქალზე ძალადობს აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი".

რაც შეეხება POSTV-ის განცხადებას, ქალების ისტორიებში მოყვანილი ამბები არ განუხილავთ. პოსტი ტრადიციულად, პროპაგანდისტული შინაარსისაა და ლიბერალები ფაშისტებად არიან მოხსენიებული — სხვათა შორის, ეს არამხოლოდ ქართული ოცნების, არამედ კრემლის რიტორიკის ნაწილია. მათი მტკიცებით, POSTV-ის საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი ლიბერალ-ფაშისტები, აქვე ახსენებენ ნინო ლომჯარიასა და ეთიკის ქარტიის კრიტიკასაც.

ამბავი ამით არ დასრულებულა. POSTV-ის ეთერში, გადაცემა სამნი & co-ში რამიშვილმა და მისმა 2-მა თანაწამყვანმა ეს საკითხი სიცილისა და ტრადიციული პროპაგანდისტული ნარატივების ფონზე განიხილეს .

"8 წელი ამას ინახავდა. შემდეგ სხვებიც გამოჩნდნენ, ვინც 4 წელი რაღაცას ინახავს, 5 წელი ინახავს. შეიძლება გამოჩნდნენ ვიღაცები, რომლებიც 10 წელი რაღაცას ინახავენ ჩემს დანაშაულს, ასე ვთქვათ", — ამბობდა რამიშვილი, რასაც ფონად ბაჩო ოდიშარიასა და გური სულთანიშვილის სიცილი გასდევდა.

რამიშვილი იმის მტკიცებას ცდილობდა, თითქოს მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ტელეკომპანიის რეიტინგის ზრდას უკავშირდება. თქვა, რომ აგრძელებენ მუშაობას და მათზე "ბულინგი და შეიმინგი" არ მოქმედებს.

"დიდი მადლობა, რომ სწორი პოზიცია და მართალი პოზიცია დაიკავეს და მხარი დამიჭირეს ამ აბსურდში ადამიანებმა, რომლებსაც ზოგს პირადად ვიცნობ და ზოგს არა", — ასე მიმართა რამიშვილმა ეთერიდან მმართველ გუნდს.

საუბარში ჩაერთო გური სულთანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ "იმ გოგონამ, რაც დაწერა, ეგ თუ სიმართლეა, ცალსახად არამოსაწონი, დასაგმობი და ერთმნიშვნელოვნად ცუდი ფაქტია". მაგრამ იქვე გააგრძელა, რომ ამას შალვა უარყოფს, როგორც ჩანს, ეს მისთვის საკმარისი არგუმენტია. სულთანიშვილი აგრძელებს იმის განხილვას, რომ სხვა ქალების ისტორიებში შალვა რამიშვილი მათ სექსუალურს უწოდებს და #METOO კამპანიაზე საუბრობს, რომელმაც, მისი აზრით, ბევრი კაცი არასწორად დააზარალა.

"შენ მხილებული ხარ იმაში, რომ გოგოს უთხარი სექსუალური ხარო ჩატში. ეს უნდა თქვა, თორემ ასე რომ აჟღერებ, ძალადობა და რაღაცა, ხალხს ჰგონია, რომ... " — თქვა სულთანიშვილმა და #METOO-ს განხილვიდანაც ისევ და ისევ ნაციონალურ მოძრაობასა და პატიმრების გაუპატიურებაზე გადავიდა.

სულთანიშვილის გამოყენებული პრაქტიკა ახალი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირად ცდილობენ, სექსუალური შევიწროება ფლირტად ან კომპლიმენტად შეფუთონ. თუმცა კანონის მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს სამსახურში, უნდა მიმართოთ სასამართლოს ან სახალხო დამცველს, ხოლო თუ ეს მოხდა საჯარო სივრცეში — პოლიციას. სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება და არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში — 500 ლარით.

შესაძლებელია გამასწორებელი სამუშაოებიც ერთ თვემდე ვადით.

იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.

ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

ქალების სოლიდარობა ქალებს

ქალებს, რომლებმაც, მოსალოდნელი წნეხის მიუხედავად, ამხილეს მოძალადე ორგანიზაცია საფარი სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ხაზს უსვამს, რომ საჯაროდ საუბარი ქალებისგან უდიდეს გამბედაობას მოითხოვს.

"საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოიჩინოს სათანადო ემპათია და მხარში დაუდგეს ქალებს, რომლებმაც გადაიტანეს დისკრიმინაციის ეს მძიმე გამოცდილება. საფარი მზად არის სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ყველა მსხვერპლს გაუწიოს საჭირო იურიდიული, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა", — წერს ორგანიზაცია.

სირცხვილია ამბობს, რომ კარგად ესმით, რამდენად რთულია საჯაროდ ამხილო მოძალადე, განსაკუთრებით პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ქალზე ძალადობა ნორმალიზებულია, მსხვერპლის სტიგმატიზება და დადანაშაულება კი ფესვგადგმული.

მოძრაობის განცხადებით, ქალების სიმამაცეს კიდევ უფრო დასაფასებელს ხდის ის გარემოება, რომ მოძალადეს ზურგს ხელისუფლება უმაგრებს.

გვინდა გითხრათ, რომ თქვენ არ ხართ მარტო.

მოძრაობა სირცხვილია

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მაკო ჯაბუას პოსტის შემდეგ დაწერა, რომ ფაქტი საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მათ მოუწოდეს საქართველოს სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, დროულად დაიწყოს მოკვლევა.

ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენა და მამუკა მდინარაძის კომენტარს სამარცხვინო უწოდა. მან ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ქალებს.

სოლიდარობა გამოუცხადეს სხვა ქალმა პოლიტიკოსებმაც, ხატია დეკანოიძემ, ანა წითლიძემ, თამუნა კორძაიამ, თეონა ჭალიძემ. მომხდარს გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის ქალთა გაძლიერების პლატფორმაც.

მათი განცხადებით, სექსუალური შევიწროება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მექანიზმი, რომელიც ემსახურება ქალების დაქვემდებარებული მდგომარეობის შენარჩუნებას, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებას, შრომითი ურთიერთობების დაწყებასა და შენარჩუნებას.

სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ კაცი პოლიტიკოსების საჯარო მხარდაჭერის მაგალითები ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ სოციალურ ქსელში დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა იყო, არაფერი დაუწერიათ, რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებაზე.

იმავეს თქმა შეგვიძლია ქართული ოცნების მხარდაჭერილ ახალარჩეულ სახალხო დამცველზეც. ამ დღეებში ლევან იოსელიანის Facebook გვერდზე სხვადასხვა განცხადება გამოქვეყნდა, თუმცა ამ საკითხზე არაფერი. დუმს საქართველოს ქალი პრეზიდენტიც.