კიდევ 3 ქალი შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს
ხელისუფლებასთან აფილირებული ტელეკომპანიის ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაში აქამდეც ამხილეს.
შალვა რამიშვილს ტელეკომპანია იმედის ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემ დავა ორ ინსტანციაში მოუგო. რამიშვილი სამხარაძის ბრალდებას უარყოფდა და ცილისწამებას უწოდებდა.
2018 წლის 3 იანვარს მას სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა საქალაქოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
გუშინ, 20 მარტს ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ Facebook გვერდზე დაწერა, რომ შალვა რამიშვილმა დაახლოებით 7-8 წლის წინ, სამსახურებრივი გასაუბრების დროს შეავიწროვა. როგორც ჟურნალისტი წერს, რამიშვილმა მას სექსუალური ხასიათის კითხვები დაუსვა და გასაუბრების დროს პორნო ჩართო.
"გასაუბრება ნორმალურად დაიწყო. გამომკითხა რაღაცები, მიხვდა რომ "ცოცხალი" გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო: შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს (წითელი თმები და პირსინგი მქონდა) დარწმუნებული ხარ რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო? — მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა", — იხსენებს ჯაბუა.
მისივე თქმით, რამიშვილმა ჰკითხა როგორ პორნოს უყურებს და რას იგრძნობდა, რომ ჩაერთო.
ნაწყვეტი დიალოგიდან:
" - არ გინდა დაან*რიო?
- არა.
- მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?
- არ ვიცი."
"იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში. მე ვპოულობ ძალას, ვდგები რამდენიმე წუთის შემდეგ და კარგი, მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე" — მაკოს თქმით, ამის შემდეგ რამიშვილმა გაცილება შესთავაზა და 10 ლარი მისცა.
"არასდროს დამავიწყდება ეგ 10 ლარი, რომელიც რობოტივით გამოვართვი და გამოვედი. 2 საათი ფეხით ვიარე, სახლში მისულმა კიდევ აბაზანაში ვიტირე დიდი ხანი. იმ საღამოსვე მომწერა, არ ვუპასუხე. რამდენიმე დღე მწერდა და მერე ჩემს მეგობარს მიწერა, არ მპასუხობს და რა გითხრა? რას აპირებსო?", — იხსენებს ის.
ჟურნალისტი ამბობს, რომ აქამდე არ იყო მზად ამაზე სასაუბროდ და იცის, რომ ამას ბევრი სიბინძურე მოჰყვება.
გვანცა ბუდაღაშვილი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებიც რამიშვილის მხრიდან შევიწროებაზე საუბრობენ. ფეისბუქგვერდზე მან დაწერა, რომ შემთხვევა 2018 წელს მოხდა, როცა POSTV მხოლოდ ონლაინტელევიზია იყო. მისი თქმით, რამიშვილმა თავად მისწერა და გასაუბრებაზე მივიდა.
"მივედი და რაც შემდეგ მოხდა არავის უკვე აღარავის გაგაოცებთ. ვისაუბრეთ ყველაფერზე პოლიტიკა, ჭამაზე, გართობაზე და მიადგა სექსუალურ საკითხებსაც. მითხრა რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო. (ზუსტად არ მახსოვს როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ) უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი", — წერს ის.
იხსენებს, რომ რამდენიმე დღეში რამიშვილი ისევ შეეხმიანა: "სამსახურის დაწყება თუ გინდა, მოდი, რაღაცები გავარკვიოთო".
"მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა, რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში წამოვედი. უკვე ნათელი იყო, ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი, რომ ამ "სამსახურის" გზა საწოლზე გადიოდა.
მითხრა, რომ ზოგადად ეგეთი არაა და უბრალოდ მე ვარ განსაკუთრებული. ტასო ბარნოვას ამბავიც გავუხსენე და რა თქმა უნდა, სასულეებით სცადა თავის მართლება", — ჰყვება გვანცა ბუდაღაშვილი და რამიშვილთა მიმოწერის სქრინებს აქვეყნებს.
მაკო ჯაბუას პოსტს გამოეხმაურა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ანანო იაშვილიც. მან დაწერა, რომ წლების წინ რამიშვილისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.
On.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ შემთხვევა 10 წლის წინ მოხდა, მაშინ პირველი კურსის სტუდენტი იყო.
"პირადად მან დამირეკა, დამიბარა გასაუბრებაზე ტელევიზიაში (TV Imedi) , წინასწარ გამაფრთხილა, რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი (პერსონაჟია ასეთიო) გასაუბრებაზე. რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე, ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე, თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით (წინაზე უარის შემდეგ), და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას, მერე აუქმებს, მერე მიგზავნის, მერე აუქმებს", — წერს იაშვილი.
მსახიობი ჰყვება, რომ წლები დამჭირდა ამ ტრავმის გადასახარშად და გოგოებს მიმართავს.
"18 წლის გოგოებო, ვინც ოცნებობთ პოპულარობაზე, იცოდეთ რომ ხშირად იყენებენ მსგავსი პროფესიის ადამიანები (პროდიუსერები, რეჟისორები და ზოგადად გავლენიანი ტიპები) თავიანთ სტატუსს და გამოცდილებას, არ გაჩუმდეთ, აუცილებლად თქვით და არავის მისცეთ უფლება ასე მოგექცეთ", — წერს ის.
On.ge შალვა რამიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ბრალდებებს სისულელეს უწოდებს. მანვე აღნიშნა, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია და განცხადებას მოგვიანებით POSTV გაავრცელებდა. თუმცა, ტელეკომპანიის გამოქვეყნებულ განცხადებაში ამ ისტორიებზე პასუხი არ არის, ტრადიციულად, პროპაგანდისტული შინაარსისაა და ლიბერალები ფაშისტებად არიან მოხსენიებული, რაც კრემლის რიტორიკის ნაწილია. მათი მტკიცებით, POSTV-ის საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი ლიბერალ-ფაშისტები, აქვე ახსენებენ ნინო ლომჯარიასა და ეთიკის ქარტიის კრიტიკასაც.
"პარალელურად, გახშირდა პერსონალური თავდასხმები არხის მენეჯმენტზე და სახეებზე. ავრცელებენ ბინძურ ჭორებს, პრინციპით — "მე დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე". ამ კამპანიას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე ხელი შეუშალონ განვითარებაში POSTV-ის", — აცხადებს პროსახელისუფლებო და ანტიდასავლურ მოძრაობა ხალხის ძალასთან აფილირებული არხი.
სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ რამიშვილს არაპირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ და განაცხადა, რომ მაკო ჯაბუასი არ სჯერა. მის რიტორიკაშიც არაერთხელ განმეორდა ნარატივი ფაშისტებზე. ჟურნალისტებმა დეპუტატს ჰკითხეს, სავარაუდო მსხვერპლს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებდა თუ სიცრუეში, რაზეც მდინარაძემ თქვა, რომ ახსნიდა, რაშიც ადანაშაულებდა.
"ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ფაშისტური კამპანიის ფონზე. ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა. შეიძლება, რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი დამთხვევების, ასეთი შემთხვევითობების მე არ მჯერა. მგონია, ჩემი აზრი ეს არის და თქვენ ნუ მაიძულებთ, სხვა აზრზე გადავიდე", — განაცხადა მან.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.
სამუშაო ადგილზე შევიწროება (მათ შორის, სექსუალური შევიწროება) არის დისკრიმინაციის ფორმა, კერძოდ, პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნით განპირობებული არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
საქართველოს კანონმდებლობით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება და არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს სამსახურში, უნდა მიმართოთ სასამართლოს ან სახალხო დამცველს, ხოლო თუ ეს მოხდა საჯარო სივრცეში — პოლიციას.
- საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში — 500 ლარით.
- შესაძლებელია გამასწორებელი სამუშაოებიც ერთ თვემდე ვადით.
- იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
- ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
კომენტარები