როგორ გამოიყურება "მეორე რუსეთი" საქართველოში და რას ცვლის ეს?
მულტიმედიურ მასალაში გამოყენებულია მონაცემები პორტალიდან dataforcrisis.com, რომელიც ჟურნალისტებს რუსეთიდან მიგრაციის გაშუქებაში ეხმარება. მასალა შექმნილია ფორსეტის Data for Crisis Fellowship-ის ფარგლებში, DW Akademie-ის მხარდაჭერით.
ავტორები: ელის ბაქრაძე, ნინო აფაქიძე, თამთა ჩხაიძე
საქართველო, სადაც რუსები აგვისტოს ომის შემდეგაც ისვენებდნენ, ახლა მობილიზაციისა და არასტაბილურობისგან გასაქცევი ადგილი გახდა. ქვეყანას რუსებისთვის ხელსაყრელ ლოკაციად აქცევს ისიც, რომ აქ ჯერ კიდევ საუბრობენ რუსულად, ფუნქციონირებს რუსული სკოლები, ცხოვრება ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი, არის ზომიერი კლიმატი, ზღვა, მთა და მიგრანტებისთვის ლმობიერი კანონმდებლობა.
რუსების მიგრაცია ადგილობრივებს პირდაპირ შეეხო. ყველაფერი შესამჩნევად გაძვირდა. თითქმის შეუძლებელი გახდა ბინის დაქირავება. აქა იქ, ეგზისტენციალური შიშებიც გაჩნდა. კი, მაგრამ რამდენ ხანს დარჩებიან? მაინც რამდენნი არიან? სტატისტიკას რატომ არ ვაწარმოებთ? სად საქმდებიან? რა გეგმები აქვთ? ომს აპროტესტებენ? აქვთ ფუფუნება, იყვნენ აპოლიტიკურები? საერთოდაც, ვიცნობთ ერთმანეთს? როგორ შევძლებთ თანაარსებობას? და მაინც, არსებობს "მეორე რუსეთი" და არსებობენ "კარგი რუსები"?
აირჩიე დახმარება
ოთახი პატარაა — კარზე უკრაინის დროშით. შესასვლელში მეორადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელია განთავსებული. აქვე აწყვია წამლები, პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები, რომელსაც მოხალისეები ახარისხებენ. სათამაშოების ფერად კუთხეში 4 წლის უკრაინელი გოგო დარბის, გვიღიმის და გვათვალიერებს. კედელზე წარწერაა, რომელიც 5 ენაზე გეუბნება, რომ "დახმარება უნდა ავირჩიოთ".
აქ თითქოს უჩვეულო არაფერია, რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში საქართველოში ბევრი მსგავსი პუნქტი გაჩნდა. ყურადღებას იქცევს ფაქტი, რომ საქველმოქმედო ცენტრი საქართველოში ომს გამოქცეულმა რუსებმა დააფუძნეს.
თბილისში, სავაჭრო ცენტრ ქარვასლას მე-2 სართულზე პირველადი მოხმარების ნივთები საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის გროვდება. ადგილი შემოწირულებებით არსებობს და 30-მდე მოხალისეს აერთიანებს. მათი ნაწილი რუსი, ბელარუსი და უკრაინელია.
სოციალურ ქსელებში საქველმოქმედო ცენტრის გამომწერთა საერთო რაოდენობა 4 500-ს აჭარბებს. თუმცა მასპინძელ ქვეყანაში მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. დამფუძნებლები ამბობენ, რომ ადგილი თავისუფალია პოლიტიკისა და ნაციონალობაზე მიბმული წინასწარი განწყობებისგან. აქ ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან.
ფოტო: ნინო აფაქიძე / On.ge
ქველმოქმედება ომიანობის დროს
რუსული პოლიტიკა არამარტო ჩვენ გვეხება, უკვე სკოლებში და საბავშვო ბაღებშიც შეაღწია. იქ ბავშვებს ასწავლიან, რომ რუსეთი — კი არ ეომება, არამედ იცავს უკრაინას. არ მინდა, ჩვენი ბავშვები ამ ტყუილში იზრდებოდნენ და რაიმე მიზეზით მთავრობის აგრესიას ამართლებდნენ.
კატერინა მიიჩნევს, რომ რუსეთში ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს ომის კატასტროფის მასშტაბებს, და მძლავრი სახელმწიფო პროპაგანდის ფონზე, ადამიანები უუფლებოდ ცხოვრებას ეჩვევიან.
ის საქართველოში ივნისში, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ჩამოვიდა. მისთვის აქ ცხოვრება კომფორტული აღმოჩნდა, მინიმალური კლიმატური ცვლილებებისა და ენობრივი ბარიერის არარსებობის ფონზე. შვილები მიიყვანა სკოლაში, სადაც მათ პოლიტიკაზე არ ესაუბრებიან.
რუსების დაარსებული საქველმოქმედო ცენტრის შესახებ სოციალური ქსელით გაიგო. გაუჩნდა სურვილი, საქართველოში მყოფ უკრაინელ დევნილებს დახმარებოდა.
რომ მოვდიოდით, რუსეთში დარჩენილი ნათესავები მეკითხებოდნენ — საქართველოში რა უნდა გააკეთო? იატაკები წმინდო? მშვიდად ვპასუხობდი. დიახ, იატაკების წმენდაც არ არის პრობლემა, რადგან აქ (მოხალისეობრივ ცენტრში) იატაკის წმენდითაც კი, იმ ადამიანებს ვეხმარები, ვისაც დახმარება ჩემზე მეტად სჭირდება.
ფოტო: ნინო აფაქიძე / On.ge
ფოტო: ნინო აფაქიძე / On.ge
თუმცა უჭირს გრძელვადიანი გეგმების დაწყობა. აცნობიერებს იმასაც, რომ რუსებთან მიმართებით საქართველოს პოლიტიკა შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს.
ირინა, რომელმაც სანქტ-პეტერბურგი ომის შემდეგ დატოვა და ახლა მოხალისეთა ცენტრში მუშაობს, ამბობს, რომ ცენტრში პოლიტიკაზე არ კამათობენ.
აქ, თანამოაზრეების გუნდი ვართ. კამათი რუსეთში დარჩენილ ნათესავებთან უფრო ხშირია. ბევრი აღარც გველაპარაკება. ისე სჯერათ იმ პროპაგანდის, რომელიც ქვეყანაში არსებობს. მოხალისეების ცენტრში გავერთიანდით ის ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისაც გაჭირვებაში მყოფი ადამიანების თანაგრძნობა და გვერდში დგომა გვაინტერესებდა. ვგრძნობ, რომ ახლა აქ უფრო საჭირო ვარ.
სერგეი საქართველოში გასული წლის მარტში ჩამოვიდა და მეორე დღესვე ჰუმანიტარულ პუნქტში დასაქმდა. თვლის, რომ ენის ბარიერის გარდა, ქართველებთან სხვა გაუგებრობა არ ჰქონია. უჭირს ომის პირობებში ხანგრძლივი გეგმების დასახვა, თუმცა ქართულს სწავლობს და ცდილობს გარემოსთან ადაპტირდეს.
მონაცემები და განწყობები
რუსი მიგრანტების უმრავლესობა საქართველოში 2022 წლის მარტის შემდეგ ჩამოვიდა და დარჩა. მაშინ, როცა თბილისი უკრაინისადმი სოლიდარობის მასობრივმა აქციებმა მოიცვა, ტურისტების მზარდი ნაკადი შესამჩნევი გახდა. საქსტატის მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ვიზიტის ძირითად მიზეზად დასვენებას, გართობას და რეკრეაციას ასახელებდნენ.
Dataforcrisis.com მონაცემთა ღია და განახლებადი პლატფორმაა, რომელიც 2020 წელს, DW Akademie-ის ინიციატივით შეიქმნა. პორტალი Social Listening-ის მეთოდოლოგიას ეფუძნება და სხვადასხვა ჯგუფის და დისკურსის ანალიზს აკეთებს. DW-სა და Forset-ის კოლაბორაციის შედეგად, ამჟამად, პლატფორმაზე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებული მონაცემებიცაა დატანილი.
საქართველოში გადმოსახლებული რუსები საჭირო ინფორმაციას სოციალურ ქსელებში იღებენ და ავრცელებენ. პორტალმა ქართულ და რუსულ ჯგუფებში 2022-23 წლებში განთავსებული 1 256 712 ზე მეტი პოსტი გაანალიზა.
Data For Crisis-ის მონაცემთა მიხედვით, სოციალურ ქსელებში, რუსების პოსტების ანალიზისას უკრაინაში მიმდინარე ომი უხილავი თემაა. რუსი მიგრანტების პოსტების მხოლოდ 2,49%-ში ფიგურირებს სიტყვა "უკრაინა". ასევე, ნაკლებად პოპულარულია უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო გზების ძიება.
ძირითადად, პოლიტიკის ჭრილში, რუსები სავიზო პროცედურებს და საქართველოში რუსების მიმართ დამოკიდებულებას მოიაზრებენ. ხოლო ინტერესი უკრაინის, ქველმოქმედებისა და კონკრეტული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიმართ მონაცემებში შემდეგნაირად ითარგმნება:
ხოლო ქართულ ჯგუფებში, სადაც პოლიტიკის განხილვა დომინირებს, ადამიანები განიხილავენ სახელმწიფოს პოლიტიკას, უკრაინის საკითხს და სავიზო რეგულაციებს.
2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში რუსეთის 112 733 ათასი მოქალაქე დარჩა. საქველმოქმედო საქმიანობაში მათი მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული. და მაინც, რაზე საუბრობენ დანარჩენი რუსები? ბინის ყიდვა, არენდა, წესები, პასპორტები, ვაკანსიები — ეს სიტყვები მოსდევს რუსი მიგრანტების მთავარ სასაუბრო თემას, საზღვრის კვეთას.
ფაქტია, რომ რუსი მიგრანტების დიდი ნაწილი ნაკლებად ინტერესდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და უკრაინაში ომით. ერთ-ერთი მოხალისე ინტერვიუსას ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების ჯერ კიდევ აქვთ განცდა, რომ მათ პოსტებს შესაძლოა სახელმწიფოს წარმომადგენლები კითხულობდნენ და "კრიტიკული პოსტის გამო ცხოვრება გაურთულდეთ".
Data For Crisis-ის მონაცემთა მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ნეგატიურადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომზე მკაფიო პოზიცია არ გააჩნია, სამაგიეროდ, ღიაა რუსი ტურისტების უწყვეტი ნაკადისთვის. მიგრაციასთან დაკავშირებით ქართველებში სამი ემოცია — შიში, თავდაჯერებულობა და ბრაზი სჭარბობდა. (თავდაჯერებულობაში იგულისხმება, რომ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას პირი თავდაჯერებულია და მკაფიოდ აფიქსირებს საკუთარ ემოციებს.) ხოლო რუს მიგრანტთა პოსტების ანალიზისას, მათში ყველაზე გავრცელებული ემოცია არის თავდაჯერებულობა.
რუსულ მიგრაციაზე ქართველების დამოკიდებულება მათ მიერ სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვებზეც აირეკლება.
Data for Crisis გვეუბნება, რომ რუსოფობიასთან დაკავშირებული კითხვები და პასუხები სოციალური ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. "Есть ли в Грузии русофобия" (არის თუ არა საქართველოში რუსოფობია) — კითხულობენ რუსები. მიგრანტთა ნაწილს მოჰყავს ფაქტები ყოველდღიური ცხოვრებიდან, საუბრობენ სერვისის მიღებისას ნეგატიურ გამოცდილებაზე, რასაც რუსოფობიას უწოდებენ. სხვები, "რუსოფობიის" ნაცვლად ხაზს უსვამენ იმ ისტორიულ წარსულს, რომელიც საქართველომ რუსეთის ჰეგემონური პოლიტიკის შედეგად გამოიარა, იხსენებენ 2008 წლის ომს და თანამოქალაქეებსაც ეუბნებიან, რომ ქვეყანაში ჩასვლისას მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ღირებულებებისა და ისტორიის პატივისცემა: "Люди, историю знать надо". (ხალხნო, ისტორიის ცოდნაა საჭირო)
რუსების მიგრაციასთან დაკავშირებული შიში და ბრაზი ჩანს პოპულარულ ჰეშთეგშიც #RussiansGoHome, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები ამბობენ, რომ რუსეთი საქართველოს მტერია, შესაბამისად, ქვეყანაში, "რაშისტების ადგილი არ არის".
ფოტო: ნინო აფაქიძე / On.ge
ის, რაც ომმა ყველასთან მოიტანა, გაურკვეველი მომავლის შიშია. არც საქველმოქმედო ცენტრში იციან, რამდენ ხანს გაგრძელდება მათი საქმიანობა და საქართველოს ხელისუფლების ლმობიერი პოლიტიკა რუსი მიგრანტების მიმართ. საქართველოში საქველმოქმედო ცენტრზე არაფერი იციან. "კარგი რუსების" არსებობა რიცხვებში არადამაჯერებლად ითარგმნება. ბევრისთვის რუსების მიგრაცია მხოლოდ ეგზისტენციალური შიშებისა და ქვეყანაში ფასების უკონტროლო ზრდის წყაროა.
კომენტარები