მშობლიურ ქალაქ რუსთავში გატარებული უდარდელი ბავშვობის შემდეგ, ნინი მოხევიშვილის ცხოვრება თავდაყირა დადგა, როდესაც დედამ გაუმხილა, რომ ის არა მხოლოდ არ იყო მისი ბიოლოგიური დედა, არამედ ახალშობილი იყიდა.

ნანამ ქალიშვილს განუმარტა, რომ გარიგებას 27 წლის წინ ხელი შეუწყო მეან-გინეკოლოგმა ალექსანდრე ბარავკოვმა. ბარავკოვი თავის დროზე რუსთავის სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი იყო. მას უთხრეს, რომ "გასაშვილებლად" საავადმყოფოში ხუთი ბავშვი იყო — მაგრამ გადაწყვიტა, არცერთი მათგანი სახლში არ წაეყვანა.

დედის თქმით, მას ბარავკოვმა შესთავაზა სხვა გოგოს შვილად აყვანის შესაძლებლობა, რომელიც რუსულ-ქართული წარმოშობის იყო და ექიმის მტკიცებით, მის ოჯახში დაიბადა.

სხვა ცოტა რამ იცის — ბიოლოგიურმა მშობლებმა, სავარაუდოდ, მასზე უარი თქვეს და ძმა ჰყავდა.

ნინი მოხევიშვილს აქვს მცირე ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყვნენ მისი ბიოლოგიური მშობლები.

ნინი მოხევიშვილს აქვს მცირე ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყვნენ მისი ბიოლოგიური მშობლები.

ფოტო: ტატა შოშიაშვილი / OC Media

მოხევიშვილი ამბობს, რომ მისი ოჯახი ბარავკოვს რუსთავის გზატკეცილზე დილით 10 საათზე შეხვდა და $1000 გადაუხადა. ექიმი 16 საათის შემდეგ, ღამით დაბრუნდა.

ამ ვერსიამ, რომელიც შეუსაბამობებითაა გაჟღენთილი, ნინის უფრო მეტი კითხვა დაუტოვა, ვიდრე პასუხი აპოვნინა. ის ეჭვობს, საერთოდ, დაბადებულია თუ არა რუსთავში. თუმცა, აღიარებამ იგი საკუთარი წარმოშობის გამოსავლენად ომის გზაზე დააყენა.

ნინი დარეგისტრირებული იყო როგორც ბიოლოგიური მშობლების შვილი, ამიტომ არ ჰქონია თავისი წარმოშობის დამადასტურებელი საბუთები. მან მიმართა დნმ-ის ტესტს, შედეგად მხოლოდ ერთი შორეული ნათესავი გამოვლინდა.

ზ"მე [თავიდან] მჯეროდა, რომ ჩემს ბიოლოგიურ დედას არ ვჭირდებოდი და გამყიდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამაში ეჭვი შემეპარა", — განუცხადა ნინიმ OC Media-ს. "მოვისმინე ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ ყიდდნენ ექიმები ბავშვებს და დავიწყე [ჩემი ბიოლოგიური ოჯახის ძებნა]".

საბოლოოდ, სხვა გზა აღარ დარჩა და თავად ექიმ ბარავკოვს დაუკავშირდა. თავიდან ცდილობდა პასუხების მოძიებას ფეისბუქის საშუალებით, მოგვიანებით მას თავის კლინიკაში ორჯერ ეწვია, 2020 და 2022 წლებში.

მისი თქმით, ბარავკოვი მას ორივეჯერ დაცინვით და ირონიით შეხვდა.

"იცით რამდენი თქვენნაირი ეძებს თავის ოჯახს?", — ციტირებდა ნინი ბარავკოვს. "ახლა, მკითხე, ვუთხარი თუ არა შენს მშობლებს სიმართლე".

ბარავკოვს რამდენჯერმე მიმართეს ჟურნალისტებმა ახალშობილთა ტრეფიკინგში მისი სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. გასულ წელს მან ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და აღნიშნა, რომ "შეიძლება ხუმრობით თქვა", რომ ახალშობილთა ტრეფიკინგი ჩვეულებრივი მოვლენა იყო 1990-იან წლებში. მან ასევე უარყო, რომ ნინი მოხევიშვილს იცნობდა.

ალექსანდრე ბარავკოვი 2022 წლის სექტემბერში TV პირველის ბრალდებებს თავს არიდებდა.

ალექსანდრე ბარავკოვი 2022 წლის სექტემბერში TV პირველის ბრალდებებს თავს არიდებდა.

ფოტო: ფოტო სქრინი / TV პირველი


2015 წელს ბარავკოვი ახალშობილთა ტრეფიკინგის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების ცენტრში აღმოჩნდა. მას და რვა სხვა ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

"ეჭვმიტანილები სამშობიაროში მისულ ორსულებს სთავაზობდნენ ფულს ახალშობილი შვილების მიტოვებისთვის", — ნათქვამია სამინისტროს მაშინდელ ანგარიშში.

ბარავკოვის საქმის შესახებ საჯაროდ მწირი ინფორმაცია არსებობს. გინეკოლოგის განაჩენის შესახებ დეტალების მოთხოვნისას, თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა მისი საქმის მასალების გადაცემაზე მისი თანხმობის გარეშე. პროკურატურამ OC Media-ს განუცხადა, რომ ცხრავე პირი ნასამართლევი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ბარავკოვი შემდეგ გაათავისუფლეს.

OC Media-მა სცადა კომენტარისთვის ბარავკოვთან დაკავშირება, მაგრამ მან ტელეფონი გათიშა, როდესაც საქმეზე ჰკითხეს.


"არაფერი მომცეს, არც დაბადების და არც გარდაცვალების მოწმობა"

ბევრი თავის ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს, სხვებს კი ეჭვი ეპარებათ, უთხრეს თუ არა სიმართლე მათი შვილების გარდაცვალების შესახებ.

ქეთი ახარაშვილი 20 წლის იყო, როცა პირველი შვილი ვადაზე ორი თვით ადრე გააჩინა.

"1994 წლის 9 დეკემბერს თბილისში ნაადრევად ბიჭი გავაჩინე. როდესაც ბავშვი დაიბადა, 2 კილოგრამს იწონიდა. მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში მისი ტირილი მესმოდა, სანამ ბავშვი ინკუბატორში იყო, ყოველდღე ავდიოდი მის სანახავად რძის მისაცემად", — ეუბნება ქეთი OC Media-ს.

იმ დროს მან ექიმებისა და ექთნების ურთიერთგამომრიცხავი ცნობები მიიღო, ზოგიერთმა მათგანმა უთხრა, რომ მის შვილს ნაადრევი დაბადების გამო გადარჩენის შანსი 50/50 ჰქონდა, სხვები კი დაარწმუნეს, რომ კარგად იქნებოდა.

ქეთიმ გაიხსენა, რომ მედდამ მას "უცნაური კითხვები" დაუსვა ბავშვის დაბადებიდან მეორე დღეს.

"მთხოვა ძალიან დეტალური ინფორმაცია ჩემი, ჩემი ქმრის და ჩვენი ოჯახის წევრების სამედიცინო ისტორიის შესახებ; იყენებდა თუ არა ჩემი ქმარი ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს ჩასახვის დროს; გვაქვს თუ არა ოჯახში გენეტიკური დაავადებები — დიაბეტი, შიზოფრენია, ფსიქიკური დაავადება და ა.შ."

ამ კითხვების შემდეგ, მისთვის ბავშვის ჯანმრთელობაზე ცნობები არცერთ ექიმს აღარ მიუწოდებია. ქეთიმ განაგრძო ბავშვის კვება საავადმყოფოს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

თითქოს ყველაფერი კარგად იყო, სანამ ქეთის საავადმყოფოს პერსონალმა არ სთხოვა, რომ შვილის შესამოწმებლად სხვა კლინიკიდან კონკრეტული პედიატრი მოეყვანა, რომელმაც განაცხადა, რომ ბავშვის მდგომარეობა "ძალიან კრიტიკული" იყო.

"იმავე დღეს, ჩვეულებისამებრ, ავედი ჩემი შვილისთვის რძის მოსატანად და ძალიან უცნაურ სცენას წავაწყდი: ინკუბატორი, რომელშიც მთელი ეს დღეები ჩემი შვილი იყო მოთავსებული, ცარიელი იყო. მაგრამ ბავშვი მაგიდაზე იწვა, ცოცხალი".

"სახე არ დამინახავს, მაგრამ გავიგე მისი ხმა", — იხსენებს ქეთი. "იმ მომენტში ექთანმა და ექიმმა ბავშვს საბანი გადააფარეს და მე სწრაფად გამაძევეს ოთახიდან".

მას შემდეგ შვილი აღარ უნახავს; საავადმყოფოში უთხრეს, რომ ბავშვი იმ დღეს გარდაიცვალა. ქეთის არც ბავშვის სხეული აჩვენეს და ვერც მისთვის სახელის დარქმევა მოასწრო.

ქეთი აჩხარაშვილი კვლავ ეძებს შვილს, რომელიც, მისი აზრით, შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხალია

ქეთი აჩხარაშვილი კვლავ ეძებს შვილს, რომელიც, მისი აზრით, შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხალია

ფოტო: Tata Shoshiashvili / OC Media

აჩხარაშვილის ქმარი საავადმყოფოში მივიდა და შვილის ნეშტის დასაკრძალად გადაცემა მოითხოვა. მიუხედავად ამისა, ექთნებმა დაარწმუნეს რომ მას "არ უნდა ენერვიულა ამაზე" და რომ ისინი "ყველაფერს გაუმკლავდებოდნენ".

ეჭვი, რომ მისი ვაჟი შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს, შემდეგ გაუჩნდა, როცა ის მეორე შვილზე დაორსულდა. გინეკოლოგთან კონსულტაციის დროს პირველი შვილის გარდაცვალების მოწმობა სთხოვეს.

"არაფერი მომცეს, არც დაბადების და არც გარდაცვალების მოწმობა. მაგრამ თითქმის ერთი თვე არ დამიბრუნეს პასპორტი", — განაცხადა აჩხარაშვილმა. "კვირაში რამდენჯერმე მე და ჩემი ახლობლები მივდიოდით ჩემი პასპორტის ასაღებად, მაგრამ რაღაც სულელური მიზეზის გამო, მათ დრო დასჭირდათ, სანამ ჩემი ქმარი პოლიციის გამოძახებით არ დაემუქრა".

აჩხარაშვილი ფიქრობს, რომ საავადმყოფოს სავარაუდოდ სჭირდებოდა მისი პასპორტი შვილის საბუთების დასამუშავებლად, მაგრამ მას კარგად არ ესმოდა, რა ხდებოდა მაშინ.

მოგვიანებით აჩხარაშვილმა აღმოაჩინა, რომ შვილის დაბადებისას მისი გვარით იყო რეგისტრირებული, გარდაცვალების მოწმობა კი ქმრის გვარით.

"შესაძლოა, გარდაცვალების მოწმობის გაფორმების შემდეგ [ჩემს შვილს] სულ სხვა დოკუმენტი გაუკეთეს და ახლა სულ სხვა მონაცემები აქვს. შესაძლოა, მისი დაბადების თარიღი შეიცვალა, რადგან ნაადრევი იყო და თებერვალში უნდა დაბადებულიყო."

"მე ვეძებ..."

დროთა განმავლობაში, ახარაშვილმა და მოხევიშვილმა აღმოაჩინეს, რომ ნათესავების ძიებაში მხოლოდ ისინი არ იყვნენ; ქალები შეხვდნენ ფეისბუქზე, ჯგუფში "ვეძებ", ("ვეძებ…") რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ქართველებს, რომლებიც თვლიან, რომ ისინი ახალშობილთა ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან, მშობლები თუ ბავშვები იპოვონ და დაუკავშირდნენ მათ დაკარგული ნათესავებს.

"ვეძებ" თამუნა მუსერიძისა და ია ყველაშვილის ნამუშევარია. ორივე ქალი, თავადაც ეძებდა დაკარგული ოჯახის წევრებს. მუსერიძე ახალშობილში იშვილეს და დაბადების ოჯახს დააშორეს, ხოლო ყველაშვილი ეძებდა დას, რომელიც, მისი აზრით, დაბადების შემდეგ გაყიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელზე ცოტა მეტია რაც არსებობს, ფეისბუქის ჯგუფმა "ვეძებ" სწრაფად მოიპოვა 200 000-ზე მეტი წევრი. ყოველ დღე, სულ მცირე, ერთი ადამიანი აზიარებს თავის ისტორიას და დეტალებს იმის შესახებ, თუ სად იმშობიარა.

ისინი იმედოვნებენ, რომ მათი შვილები, რომლებიც სავარაუდოდ დაღუპულად ითვლებოდნენ, შესაძლოა საბოლოოდ წააწყდნენ ამ პოსტებს.

ბევრი მსგავსება შეიძლება მოიძებნოს ჯგუფში გაზიარებულ ამბებს შორის. ზოგიერთმა ქალმა აღმოაჩინა შეუსაბამობები მათი შვილების სავარაუდო გარდაცვალების დოკუმენტაციაში. ქალების დიდი ნაწილი იხსენებს, რომ არ მიეცათ მათი გარდაცვლილი შვილების ცხედრების ნახვის უფლებაც, საავადმყოფოები კი დაჟინებით ითხოვდნენ ჩვილების თავად დაკრძალვას.

დღეს, ჯგუფი "ვეძებ", რომელსაც წინ 37 წლის მუსერიძე მართავს, ამბობენ, რომ 500 ადამიანს გაუჩინარებული ნათესავების პოვნაში დაეხმარა. ეს პატარა წვეთი ზღვაში, რადგან ჯგუფში ამტკიცებენ, რომ შესაძლოა ექიმებმა და ექთნებმა 100 000-ზე მეტი ახალშობილი გაიტაცეს 1950-2005 წლებში.

"1993 წლიდან ბავშვები საქართველოს ფარგლებს გარეთ გაჰყავთ. აქამდე გვეგონა, რომ ბავშვები მხოლოდ ამერიკასა და კანადაში გადაჰყავდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბავშვები საბერძნეთში, ისრაელში, კვიპროსში, რუსეთსა და უკრაინაშიც გადაჰყავდათ", — განუცხადა მუსერიძემ OC Media-ს.

"ეს იყო სტანდარტული სქემა", — განმარტა მუსერიძემ. დაახლოებით მშობიარობიდან მესამე დღეს [მშობიარობიდან] ყველა [მშობელს] ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა".

მუსერიძე ამტკიცებს, რომ სამშობიარო საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი მშობლებს ეუბნებოდა, რომ მათი ახალშობილი სუნთქვის პრობლემების გამო გარდაიცვალა ან ექთნებს დაუვარდათ".

"იყო შემთხვევები, როცა [საავადმყოფოში] ამბობდნენ, რომ ბავშვთა ოთახში შეშის ღუმელი ენთო და კვამლი გუდავდა ბავშვს", — თქვა მან.

საკუთარი გამოძიებით, ჯგუფმა "ვეძებ"-მა დაადგინა, რომ ბევრ სამშობიაროში, რომლებიც მშობლებს მკვდარი ახალშობილების დაკრძალვას სთავაზობდნენ, საკუთარი სასაფლაოც კი არ ჰქონდათ.

მუსერიძე ასევე აცხადებს, რომ ახალშობილთა გატაცებაში მონაწილე ექიმები და ექთნები ქირაობდნენ ბინებს, რათა ხელი შეუწყოთ ტრეფიკინგისთვის მთელ ქვეყანაში. ბავშვები ამ ბინებში გადაჰყავდათ და მათ ძიძები უვლიდნენ, სანამ მათ წასაყვანად "პერსპექტიული მყიდველები" არ გამოჩნდებოდნენ.

მისი თქმით, ახალშობილები სქესისა და დაბადების ადგილიდან გამომდინარე ბავშვებში სხვადასხვა ფასს იხდიდნენ; თბილისელი ბიჭები უფრო ძვირი ღირდნენ, ვიდრე რეგიონებში დაბადებულები.

"[გასულ საუკუნეში] თბილისში გოგოს "ფასი" $ 1 000 იყო, ბიჭისთვის $1 500", — ამბობს მუსერიძე. რეგიონებში [სხვაგვარად იყო]; გოგონებისთვის ეს იყო $ 500, ხოლო ბიჭებისთვის $ 1 000".

მუსერიძე იხსენებს შემთხვევას, როდესაც ბაბუა ეძებდა მკვდარ შვილიშვილს.

"გვითხრა, რომ ბავშვის "სიკვდილიდან" ერთი წლის შემდეგ დედა გარდაეცვალა და გადაწყვიტეს [ერთ საფლავში დაემარხათ]", — იხსენებს მუსერიძე. "გადაწყვიტეს გაეხსნათ დამპალი კუბო და ბავშვი ახალში ჩაესვათ, მაგრამ როცა კუბო გახსნეს, მასში ქათმის ფეხები აღმოაჩინეს".

შემოწირულობების შეგროვებით და სპონსორობის მოძიებით, "ვეძებ" ეხმარება ადამიანებს, რომლებიც ეძებენ თავიანთ მშობლებს ან შვილებს, შეიძინონ დნმ-ის ტესტები, რომლებიც მონაცემთა ბაზაში შეერთებულ შტატებში ინახება. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ რაც უფრო მეტ დნმ-ის ნიმუშს მოაგროვებენ, მით უფრო სავარაუდოა, რომ ისინი იპოვიან შესატყვისს მათთვის, ვინც ოჯახის წევრების პოვნას ცდილობს.

გამოძიება ჩიხში?

როდესაც "ვეძებ" სავსეა იმ ადამიანების ისტორიებით, რომლებიც აცხადებენ, რომ ადამიანებით ვაჭრობის შედეგად დაკარგეს ოჯახის წევრები, ბევრს აინტერესებს, რატომ არ აკეთებს ხელისფულება მეტს გამოძიებისთვის.

გარდა ფინანსთა სამინისტროს მიერ ბარავკოვის ტრეფიკინგში სავარაუდო მონაწილეობის გამოძიებისა, ხელისუფლებამ ახალშობილებით ვაჭრობა 2003 წელს გამოიძია — სხვათა შორის, იმავე წელს, საქართველოში კრიმინალიზებული გახდა ადამიანებით ვაჭრობა — თუმცა ამ გამოძიების შესახებ მცირე საჯარო ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

საქართველომ მხოლოდ 2006 წელს მიიღო სპეციალური ანტიტრეფიკინგის კანონი.

მანამდე ადამიანებით ვაჭრობა კლასიფიცირებული იყო როგორც "ნაკლებად სერიოზული დანაშაული", ამბობს ბექა თაკალანძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.

"[ადამიანით ვაჭრობა] ისჯებოდა ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად — თუ ქმედებას მოჰყვა სერიოზული შედეგები, როგორიცაა არასრულწლოვნის სიკვდილი — ამ შემთხვევაში, დანაშაული ისჯებოდა ათ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთით," — განუცხადა თაკალანძემ OC Media-ს.

თაკალანძე ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი ხანდაზმულობის ვადა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ბრალდებების გამოძიებას იმ პირების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ადამიანებით ვაჭრობაში.

"დღევანდელი კანონმდებლობით, ასეთ დანაშაულს 30-წლიანი ხანდაზმულობის ვადა აქვს", — ამბობს თაკალანძე.

მწირია საჯარო ინფორმაცია 2003 წლის საქმის ან 2015 წელს ალექსანდრე ბარავკოვის გამოძიების შესახებ; თუმცა, მუსერიძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ რამდენიმე საქმეს იძიებს.

სამინისტრომ OC Media-ს დაუდასტურა, რომ მორიგი გამოძიება 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. თამუნა მუსერიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ, შესაძლოა, აღმოაჩინა ახალი საქმეები.

"ალბათ, რადგან აღმოვაჩინეთ საქმეები, რომლებზეც ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ იყო გასული, ალბათ ამიტომაც დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხით", — განაცხადა მან.

თავად მუსერიძემ ჯერ ვერ იპოვა პასუხები, რომლებსაც ეძებს. მისი ძიება ექვსი წლის წინ დაიწყო, როცა დედა გარდაიცვალა და მათ სახლში დაბადების ორი მოწმობა იპოვა.

"მივედი იუსტიციის სახლში და აღმოჩნდა, რომ ოფიციალურად არ არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ დედამ იმშობიარა".

თავდაპირველად ახლობლები, რომელთაგანაც თამუნა პასუხების მიღებას ცდილობდა, ამ ფაქტს მტრულად შეხვდნენ. "საბოლოოდ, მათ მითხრეს, რა ხდებოდა", — ამბობს თამუნა.

"მე ჯერ კიდევ ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს".

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.