ფულით ბედნიერების "ყიდვა" შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში — კვლევა
ყველა ვთანხმდებით, რომ ფინანსური რესურსების ქონა მათ არქონას ნამდვილად სჯობს. ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელს თუ გავითვალისწინებთ, ცოტა სასაცილოც კია იმის გაფიქრება, რომ ფულით ბედნიერებას ვერ "იყიდი".
მეორე მხრივ, შეიძლება თუ არა, ძალიან მდიდარი ადამიანებიც ისევე იყვნენ უბედურები, როგორც დანარჩენები? მაშინაც მოაქვს ფულს ბედნიერება, როდესაც შემოსავალი ისედაც ძალიან მაღალია? ამ საკითხების შესწავლა პენსილვანიისა და პრინსტონის უნივერსიტეტების მკვლევრებმა გადაწყვიტეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
მეცნიერების დასკვნა შემდეგნაირად ჟღერს: რაც მეტია შემოსავალი, ადამიანთა უმრავლესობისათვის მით მაღალია ბედნიერების დონეც, მაგრამ გააჩნია, რამდენად ბედნიერი ხართ თავიდან.
"გამონაკლისია ის ხალხი, რომლებიც ფინანსურად შეძლებულნი, თუმცა უბედურები არიან", — გვიხსნის მეთიუ კილინგსვორთი, კვლევის მთავარი ავტორი — "მაგალითად, თუკი მდიდარი და უბედური ხართ, მეტი ფულის შოვნა ვერ დაგეხმარებათ. სხვა დანარჩენებისთვის მეტი ფული მეტ ბედნიერებასთან ასოცირდება სხვადასხვა ხარისხით".
სანამ ახალი კვლევა ჩატარდებოდა, მეცნიერებს რამდენიმე ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო მიგნება ჰქონდათ. ქვემოთ მოყვანილი კვლევები აშშ-ში ჩატარდა, ამიტომ მოყვანილი რიცხვითი მაჩვენებლები საქართველოზე არ განზოგადდება.
2010 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ფულს ნამდვილად შეუძლია ბედნიერების მოტანა, თუმცა მხოლოდ მანამ, სანამ წლიური შემოსავალი $75 000-ს მიაღწევს — სწორედ ამ რაოდენობის შემდეგ აღარ უკავშირდება მეტი ფული მეტ ბედნიერებას. დაახლოებით იგივე შედეგი დაიდო 2018 წელს ჩატარებული კვლევით: როდესაც $75 000 წლიური შემოსავალი მიიღწევა, ბედნიერებასა და სიმდიდრეს შორის კავშირი წყდება.
მეორე მხრივ, ამაზე სხვა კვლევები არ მეტყველებს. მეტიც, თავად კილინგსვორთის ერთ-ერთი ნაშრომით 2021 წელს სრულებით საპირისპირო გამოიკვეთა: ბედნიერება მაშინაც კი მატულობს, როდესაც წლიური შემოსავალი $75 000-ს ბევრად აღემატება, ამის შეწყვეტის მტკიცებულება კი არ არსებობს.
მაშ, რომელია მართალი?
კვლევის ავტორებმა 2021-ისა და 2010-ის ნაშრომები გადააფასეს და შემდეგი ჰიპოთეზა წამოაყენეს — ხალხი ორ კატეგორიად დაიყოფა: დიდ, ბედნიერ ჯგუფად და პატარა, უბედურ ჯგუფად. მათი თეორიით, პირველი კოჰორტის შემთხვევაში ფულის მატებასთან ერთად ბედნიერების დონეც გაიზრდება; მეორე ჯგუფში ბედნიერების დონე შემოსავალთან ერთად მხოლოდ გარკვეულ მაჩვენებლამდე გაიზრდება, შემდეგ კი მატება შეწყდება.
ამ შემთხვევაში იმ კვლევების ინტერპრეტაცია იცვლება, რომლებშიც $75 000-იანი მაჩვენებელი იყო მოყვანილი. კილინგსვორთის განმარტებით, 2010 წლის მონაცემებში, სადაც ბედნიერების დონის ზრდა წყდება, ადამიანებს ბედნიერების ისედაც იდეალური მაჩვენებლები ჰქონდათ. შესაბამისად, მონაცემები ბედნიერების კანონზომიერებას მხოლოდ ნაკლებად ბედნიერ ადამიანებში გვიჩვენებს და არა ბედნიერების ზოგად ტენდენციას.
"როგორც კი შენიშნავ, ორი ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი მიგნება მაინცდამაინც ერთმანეთთან შეუთავსებელი არაა", — განაგრძობს ის — "როდესაც 2021 წლის მონაცემებში უბედურ ადამიანებში ბედნიერების ტენდენციას დავაკვირდით, შევნიშნეთ, რომ იგივე კანონზომიერება 2010 წელსაც შეიმჩნეოდა; ბედნიერება შედარებით მკვეთრად იმატებს შემოსავალთან ერთად, შემდეგ კი სტაბილურ მდგომარეობას აღწევს".
მაშასადამე, ემოციური კეთილდღეობა შემოსავალს ნამდვილად უკავშირდება. როგორც პროფესორი ბარბარა მელერსი, კვლევის თანაავტორი, გვეუბნება, ფუნქცია ადამიანებში ემოციური კეთილდღეობის დონის შესაბამისად განსხვავდება. იგი სამ სხვადასხვა ურთიერთმიმართებას გამოყოფს:
- ყველაზე უბედურ ადამიანებში ბედნიერების დონე მანამ მატულობს, სანამ წლიური შემოსავალი $100 000-ს მიაღწევს, შემდეგ კი სტაბილურ მდგომარეობას აღწევს;
- შედარებით კარგ ემოციურ მდგომარეობაში მყოფებისთვის კავშირი ამ ზღურბლის მიღმაც წრფივია;
- ყველაზე ბედნიერი ხალხის შემთხვევაში, შესაძლოა, $100 000-იანი ნიშნულის გადაჭარბების შემდეგ სიმდიდრემ ბედნიერება უფრო მეტადაც კი მოიტანოს.
როგორც ჩანს, ფულს ბედნიერების მოტანა ნამდვილად შეუძლია, თუმცა დიდი უპირატესობა მაშინ გაქვთ, თუკი ემოციურად თავიდანვე სტაბილური ხართ. როგორც კილინგსვორთმა აღნიშნა, ამ შემთხვევაშიც კი სრულებით შესაძლებელია, მდიდარი და უბედური იყოთ.
"ფული ბედნიერების მხოლოდ ერთი დეტერმინანტია სხვა ბევრიდან", — დასძენს ის — "ფული არაა ბედნიერების საიდუმლო, თუმცა, ალბათ, ცოტათი შეუძლია ამის ხელშეწყობა".
კომენტარები