8 გამორჩეული ქალი პერსონაჟი ქართული სერიალებიდან
თანამედროვე ქართული სერიალები "ქალთა სახეების" ნაკლებობას ალბათ არ უჩივიან. სხვა საკითხია, რამდენად არასტერეოტიპულად არიან ეს პერსონაჟები წარმოდგენილები — მაგალითად, ბექდელის ტესტის ერთ-ერთ კრიტერიუმს თუ გამოვიყენებთ, რამდენად ხშირადაა მათი საუბრის თემა "კაცები".
თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ქართულ სერიალებში ბევრი გამორჩეული ქალი პერსონაჟიც ვიხილეთ — გმირები, რომელთა ნაწილი მაყურებლისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა, ნაწილი კი, უბრალოდ, დასამახსოვრებელი სახე გახდა. ამ სტატიაში რამდენიმე ასეთ პერსონაჟს მოვუყარე თავი.
1. თინა (ჩცდ)
თინა ბრეგვაძე რომ ჩემი ცოლის დაქალების საუკეთესო პერსონაჟია, ამაზე აქამდეც გვისაუბრია. თუმცა, იგი ასევე ერთ-ერთი საუკეთესო ქალი გმირი გახლავთ ქართულ სერიალებში — გამოკვეთილად ინდივიდუალური, სამართლიანი, შეუპოვარი და პრინციპული ხასიათი ადასტურებს, რამდენად გამორჩეული სახეა ის. თინა, რომელსაც ზოგი "რადიკალური პოზიციების" მქონე ფემინისტად მიიჩნევდა, რეალურად, სერიალში მომხდარი ამბების ყველაზე მიუკერძოებლად და საღად შემფასებელია. ამდენად, მაკა ძაგანიას პერსონაჟის მონაწილეობით უამრავი სცენა ქალებისთვის (და არა მხოლოდ) სამაგალითო შეიძლება იყოს.
სხვადასხვა სიტუაციაში თინამ გვაჩვენა, როგორ შეიძლება იქცეოდეს შვილი, მეგობარი, უფროსი მეგობარი ან სულაც სრულიად უცხო ადამიანი. მისაბაძია პერსონაჟის თვისებაც, არ იმოქმედოს "ცხელ გულზე" და ყოველთვის რაციონალური გადაწყვეტილებების ერთგული დარჩეს. ალბათ სწორედ ამის დამსახურებაა, რომ პრობლემურ სიტუაციებთან მისი მიდგომები თითქმის ყოველთვის ამართლებს.
2. თამუნა (ხელოვნური სუნთქვა)
სანამ თამუნაზე ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მსახიობ ეკა დემეტრაძეს ჩცდ-შიც არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწია — ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც მარტოხელა დედობის პარალელურად ცხოვრების ახლიდან დაწყებას ცდილობს.
ნატაშკასგან სრულიად განსხვავებულია თამუნა ერაძე ხელოვნური სუნთქვიდან. ახალგაზრდა ჟურნალისტი და მწერალი სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია და, შესაბამისად, უფრო სიღრმისეულად ვეცნობით მის ყოველდღიურობას. პირველ ორ სეზონში თანაბრად ვიხილეთ თამუნას ორი საპირისპირო მხარე, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი, ასევე დაუცველი და, ნაწილობრივ, დაუდევარიც. თუმცა, ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონში უკვე დავინახეთ, რომ პერსონაჟი გაიზარდა და კიდევ უფრო ძლიერი გახდა — საყვარელი ადამიანის დაპატიმრების შემდეგ მის შვილზე მზრუნველობა ითავა და უსამართლობასთან დაპირისპირებასაც არ შეუშინდა.
3. მაკა (იდეალური დედა)
ზემოხსენებული ორი სერიალისგან განსხვავებით, იდეალურ დედას დრამაზე მეტად, კომიკური ელფერი დაჰკრავს. მართალია, სერიალში კომიკური სცენები ჭარბობს, თუმცა, მისი მთავარი გმირი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.
მაკა მიმინოშვილი, ერთი შეხედვით, ტიპური და არაფრით გამორჩეული პერსონაჟი გახლავთ, რომელსაც ჰყავს ოჯახი, აქვს სამსახური და მისი დღეც, ძირითადად, რუტინული საქმეებისგან შედგება. თუმცა, დასაწყისიდანვე ნათელი იყო, რომ იაკო ჭილაიას გმირს გარკვეულწილად არასრულფასოვნების განცდა აწუხებს; ფიქრობს, რომ არასდროსაა "საკმარისი" — არც თანამშრომელი, არც შვილი და არც დედა. კონტრასტისთვის სერიალში მაკას მიერ "ხალხის მტრებად" მოხსენიებულ გმირებსაც ვხედავთ— დედები, რომლებიც შვილებს მხოლოდ ავოკადოს სალათით კვებავენ და მეგობართან დარჩენისას თან უამრავ წიგნს ატანენ. თუმცა, თითქმის ყველა სერიის დასასრულს მაყურებელი რწმუნდება, რომ "იდეალურობისკენ" სწრაფვა, რეალურად, საზოგადოების მხრიდან თავსმოხვეული ცნებაა და ის მხოლოდ საწუხარს თუ გვიჩენს.
4. თამარი (შუა ქალაქში)
ნაწილობრივ კომიკური სერიალიდან სულ მთლად კომედიაზე გადავინაცვლოთ. ზოგადად, სიტკომებში სამაგალითო გმირების პოვნა რთულია და ეს არცაა საჭირო — აქ ხომ ყველაფერი უტრირებული და ჰიპერბოლიზებულია. ასეთი იყო თამარ ღლონტის პერსონაჟიც სერიალში შუა ქალაქში. ზოგიერთისგან გამიგია, ეკრანზე კი მართობს, მაგრამ მისნაირ მეზობელს ან მეგობარს არაფრით ვისურვებდიო. ამ ნათქვამს ნაწილობრივ მეც ვეთანხმები, მაგრამ მაინც მგონია, რომ დები ღლონტების გარეშე შუა ქალაქში ვერაფრით იქნებოდა შუა ქალაქში. მით უფრო, თამარის გარეშე, რომელიც, სხვათა შორის, ყოველთვის გამოირჩეოდა სიმტკიცითა და გამჭრიახობით. ამასთან, მისი ფრაზები საზოგადოებაშიც ძალიან პოპულარული გახდა (და დღემდე ასე რჩება), რაც მოწმობს, რამდენად საკულტოა თათული ედიშერაშვილის ეკრანული გმირი.
5. მარიკა (ყავა და ლუდი)
მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ეს სერიალი კარგად მახსოვს — ამისთვის მეტისმეტად პატარა ვიყავი მაშინ, პირველად რომ ვნახე ყავა და ლუდი. თუმცა, მშვენივრად მახსოვს ის ამბავი, რომ სერიალში ყველაზე მეტად მარიკა ჟღენტს ვგულშემატკივრობდი. მოგვიანებით, წლების შემდეგ, როცა ყავა და ლუდის რამდენიმე ეპიზოდს ისევ ვუყურე, დავრწმუნდი, რატომ იყო ნინო ბურდულის გმირი ასეთი გამორჩეული — მიზანდასახული, ინტელექტუალი და ცოტათი იდუმალი ბუნების მქონე ქალი პერსონაჟი იმდროინდელ ტელესივრცეში ჩვეული მოვლენა არ გახლდათ.
6. ქეთევანი (ტიფლისი)
კიდევ ერთი სამაგალითო ქალი პერსონაჟი ამ ჩამონათვალში ქეთევან ორბელიანია ტიფლისიდან. ნატო გაგნიძის გმირმა მაყურებელს პირველივე სცენით შეაყვარა თავი, თუმცა, შემდეგ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, როგორი შეუპოვარი ქალია ქეთევანი. გასათვალისწინებელია გარემოებებიც — იმის მიუხედავად, რომ პერსონაჟი არისტოკრატიული ოჯახიდანაა, იმ ეპოქაში ცხოვრობს, სადაც ქალების როლი საშინაო საქმიანობამდეა დავიწროებული. თუმცა, ტიფლისში ვიხილეთ, რომ ქეთევანი, თავისი ძმის მსგავსად, აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო პროცესებსა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. მეტიც, უპირისპირდებოდა იმ შეხედულებას, რომ ქალს პასიური როლი უნდა ჰქონოდა ოჯახსა და საზოგადოებაში. ამით მან ისეთი რეალური ისტორიული ფიგურებიც შეიძლება მოგვაგონოს, როგორებიც ბარბარე ჯორჯაძე და ანასტასია ერისთავი-ხოშტარია გახლდნენ.
7. ნელიკო (ჩცდ)
ნელიკოს ამ ჩამონათვალში ვერაფრით გამოვტოვებდით. მგონი, ისედაც ყველა ვთანხმდებით, რომ ქართულ სერიალებში მასზე კეთილშობილი პერსონაჟის პოვნა ძალიან ძნელია. ვფიქრობ, თავისი გულუბრყვილობის გამო, ბაია დვალიშვილის გმირი ხშირად შეცდომებსაც უშვებდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩცდ-ში იგი ყველაზე გამგები, თანამგრძნობი და გულთბილი პერსონაჟი იყო.
იტალიურ ეზოში მცხოვრები ნელიკო "სხვა დროის" შვილია — პირველ სეზონებში ჩანდა, რომ მისი დამოკიდებულებები, მაგალითად, ოჯახსა და გენდერულ როლებზე, ტრადიციულ ჩარჩოში იყო მოქცეული. მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, სიახლეებისადმი გახსნილი და ტოლერანტული ყოფილიყო. რასაკვირველია, ამაში დიდი როლი ითამაშა მისმა შვილმა, თინამაც. ცხოვრებაში კი ნელიკოსნაირი ადამიანის გვერდით ყოფნას ალბათ ყველანი ვისურვებდით...
8. ჩიკა (ჩცდ)
კიდევ ერთი გამორჩეული ქალი პერსონაჟი ჩემი ცოლის დაქალებიდან ჩიკა მეძმარიაშვილია. თამარ ღლონტის არ იყოს, მისმა ფანტასმაგორიულმა ფრაზებმა ხალხის ყოველდღიურ საუბრებში ადვილად დაიმკვიდრა ადგილი. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ანი ჩირაძის ელიტისტი და არცთუ სასიამოვნო გმირი ბევრმა შეიყვარა.
რეალურად, ამის მიზეზი მხოლოდ არაამქვეყნიური ფრაზები არ ყოფილა. ჩიკა მიზანდასახული და პრინციპული ქალი იყო, რომელიც თავის ჩანაფიქრს ბოლომდე მიჰყვებოდა და იშვიათად თუ უსმენდა (ან უშინდებოდა) სხვებს. სწორედ ასეთი შეუპოვარი ხასიათი იწვევდა აღფრთოვანებას, როგორც მის სამეგობროში, ასევე სერიალის მაყურებლებში.
კომენტარები