ჟირაფების არა ერთი, არამედ 4 სახეობა არსებობს — ეს 10-წლიანი კვლევით დადასტურდა
ფოტო: Michael Brown
ცხოველების კლასიფიცირება საკმაოდ რთულია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. მრავალი სახეობა ტაქსონომიურ ცვლილებებს განიცდის, ეს კი მათი ქცევისა და ეკოლოგიის გაგებაში გვეხმარება. მსგავსი გადახედვა ახლახან ჟირაფებს შეეხო — 10-წლიანი შრომის შემდეგ ეს ცხოველები ოფიციალურად დაყვეს 4 განსხვავებულ სახეობად, როცა აქამდე ისინი ერთ სახეობად იყვნენ მიჩნეულნი.
"ეს კლასიფიცირება სიმბოლურ მნიშვნელობაზე მეტია", — განაცხადა დოქტორმა ჯულიან ფენესმა, ჟირაფების დაცვის ფონდის თანადამაარსებელმა და დირექტორმა — "ჟირაფის ყოველ სახეობას სხვადასხვა საფრთხე ემუქრება. ახლა უკვე შეგვიძლია, მათი საჭიროებების შესაბამისად დაცვის კონკრეტული სტრატეგიები შევიმუშაოთ. ეს აფრიკის ქვეყნებსა და გლობალურ საზოგადოებას საშუალებას აძლევს, სანამ გვიანი არ იქნება, მოქმედება დაიწყონ".
ოფიციალურ კლასიფიცირებას დიდი ხნის განმავლობაში, 2016 წლიდან, გეგმავდა ჟირაფებისა და ოკაპის სპეციალისტთა ჯგუფი (GOSG). პროცესში ამ ცხოველების გენეტიკა და თავის ქალის ფორმები გამოიკვლიეს. ამ დროის განმავლობაში ნიმუშები აფრიკის ჟირაფების სხვადასხვა პოპულაციებიდან აიღეს, მათ შორის: ნიგერიიდან, ჩადიდან, სამხრეთ სუდანიდან და სხვა.
"ჟირაფები აფრიკისთვის სიმბოლური ცხოველები არიან. ჩვენი გენეტიკური ანალიზები აჩვენებს, რომ ჟირაფის სახეობებს შორის განსხვავებები ისეთივე მკაფიოა, როგორც ყავისფერ და პოლარულ დათვებს შორის", — განაცხადა პროფესორმა აქსელ იანკემ სენკენბერგის ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის კვლევის ცენტრიდან.
მთელი ამ დროის განმავლობაში ჟირაფს მხოლოდ ერთ სახეობად მიიჩნევდნენ, რომელსაც 9 ქვესახეობა ჰქონდა. კლასიფიცირების შედეგად ჩამოყალიბებული 4 სახეობა კი ასეთია: მასაის, ჩრდილოეთის, ბადისებრი და სამხრეთის.
ჩრდილოეთის ჟირაფს სამი ქვესახეობა აქვს: დასავლეთ აფრიკული (peralta), კორდოფანის (antiquorum) და ნუბიელი (camelopardalis); მასაისას — ლუანგვის (thornicrofti); სამხრეთისისას — სამხრეთ აფრიკული (giraffa) და ანგოლიური (angolensis).
თითოეული ეს სახეობა განსხვავებული საფრთხის ქვეშაა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიხედვით, ოთხი სახეობიდან სამი უკვე გადაშენების საფრთხის წინაშეა.
"ოთხი სახეობის აღიარება აუცილებელია არამხოლოდ ზუსტი შეფასებისთვის, არამედ მათ დასაცავადაც. რაც უკეთ გავერკვევით ჟირაფის ტაქსონომიაში, მით უკეთ შევძლებთ, მათი მდგომარეობა შევაფასოთ და დაცვის სტრატეგიები შევიმუშაოთ", — აღნიშნა მაიკლ ბრაუნმა, GOSG-ის თავმჯდომარემ.

კომენტარები