ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ საუბრის მსგავსი კომუნიკაციის უნარი მანამდე განვითარდა, სანამ თანამედროვე ადამიანები ნეანდერტალელებსა და დენისოველებს გამოეყოფოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ლაპარაკი, დიდი ალბათობით, უკვე გადაშენებულ ჰომინინებსაც, შეეძლოთ.

ახალი კვლევის მიხედვით, ჩვენმა პრეისტორიულმა ნათესავებმა ჰომო საპიენსის ენა ვერ ისწავლეს, ამიტომ მას სრულად ვერ შეერივნენ. ეს, თავის მხრივ, მათი გაქრობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს. ნაშრომი ჯერ პრეპრინტია და რეცენზირება არ გაუვლია.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ადამიანურ ენას ერგოდიულობის თვისება აქვს. კერძოდ, გვაძლევს საშუალებას, მრავალი დიალექტი შევქმნათ, რომელთა ათვისებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. პლეისტოცენის ეპოქაში მცხოვრებ ადამიანთა ენობრივი სისტემები უცნობია, თუმცა კვლევის ავტორები ცდილობენ დაადგინონ, როდის გაჩნდა ერგოდიულობის უნარი. შემდეგ გავიგებთ, ჰქონდათ თუ არა ნეანდერტალელებს ის.

მეცნიერებმა თავდაპირველად პოლიფილიის მტკიცებულებების ძებნა დაიწყეს. პოლიფილია სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან განსხვავებული ტრადიციების შექმნას გულისხმობს, რომელიც საკუთარი იდენტობის გამოხატვას ემსახურება. ვარაუდობენ, რომ ეს ადამიანურ საზოგადოებას საშუალებას აძლევდა, "ჩვენ" და "ისინი" ერთმანეთისგან გაემიჯნათ, ანუ შიდა და გარე ჯგუფებს შორის მკაფიო საზღვარი გაევლოთ.

პოლიფილია შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს: ხელოვნებით, ჩაცმულობით, კვების წესებითა და ცხოვრების სტილით. მათ შორის ყველაზე ძლიერი ხერხი ენაა, რადგან ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია, უცხო ენას სრულფასოვნად, აქცენტის გარეშე, დაეუფლოს. სწორედ ამიტომ, მეტყველება ჯგუფური იდენტობის შესანიშნავი მაჩვენებელია.

ფოტო: New Scientist

ცნობილია, რომ ბავშვებს შეუძლიათ სრულყოფილად აითვისონ ნებისმიერი ენა, რომელიც ყოველდღე ესმით. გამოდის, ყველა ადამიანს თანდაყოლილი უნარი აქვს, რომ უცხო ჯგუფის ქცევები, ნორმები და კულტურა აითვისოს.

არქეოლოგიური მონაცემების შესწავლის საფუძველზე მეცნიერები ასკვნიან, რომ პოლიფილია დაახლოებით 50 ათასი წლის წინ გაჩნდა, როცა ევრაზიის ტერიტორიაზე ქვის აურიგნაციული ინდუსტრია გავრცელდა. არტეფაქტებზე განსხვავებული ორნამენტების არსებობა იმაზე მიანიშნებს, რომ ნივთებს ჯგუფების განსასხვავებლად იყენებდნენ.

რაც შეეხება ნეანდერტალელებს, მათ იარაღებსა და არტეფაქტებში ასეთი მრავალფეროვნება არ გვხვდება. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მათ საკუთარი ჯგუფისთვის დამახასიათებელი კულტურის შექმნის უნარი არ ჰქონდათ. ეს ტვინის ანატომიური განსხვავებებითაც შეიძლება აიხსნას. კერძოდ, თანამედროვე ადამიანისა და ნეანდერტალელის პრეფრონტალურ ქერქში სტრუქტურულმა განსხვავებები არსებობს, ამის გამო კი შეიძლება ჰომო საპიენსს მეტი შემოქმედებითობა (შესაბამისად, პოლიფილია) ეგრო.

წაიკითხეთ: რატომ აქვს თანამედროვე ადამიანს ნეანდერტალელზე პატარა თავი

საერთო ჯამში, ამ მიგნებების მიხედვით, ერგოდიულობა ჰომო საპიენსისა და ნეანდერტალელის გაყოფის შემდეგ გაჩნდა.

"შედეგად ნეანდერტალელებს არ შეეძლოთ, სათანადო დონეზე ესწავლათ ჰომო საპიენსის ენა ან სხვა, შორეულ ნეანდერტალელთა ჯგუფის, ენა", — წერენ ავტორები — "სავარაუდო უუნარობის გამო, რომ საპიენსებივით სრულფასოვნად ელაპარაკათ, ისინი სხვებისთვის უცხო ჯგუფად ჩამოყალიბდნენ. ამის გამო ნეანდერტალელები სხვა სახეობებს სრულად ვერ მოერგნენ, ამან კი მათ გაქრობას შეუწყო ხელი".

ნაშრომი პლატფორმა EcoEvoRxiv-ზეა ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.