რა უნდა ვიცოდეთ Google-ის ახლად გამოშვებულ Pixel 10 სერიაზე — 8 მთავარი სიახლე
ფოტო: Made by Google
ცოტა ხნის წინ Google-მა Pixel 10 სერია გამოუშვა. კომპანიამ Made by Google-ის ღონისძიების ფარგლებში არაერთი ახალი მოწყობილობა წარადგინა, ამასთან ერთად კი ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მომუშავე ინოვაციური ფუნქციებიც გაგვაცნო. AI განახლებები Google-ის ყველა ახალ მოწყობილობაზე, მათ შორის ჭკვიან საათებსა და ყურსასმენებზეც, ვრცელდება.
სტატიაში გუგლის მთავარს სიახლეებს მიმოვიხილავთ; შეგიძლიათ უყუროთ Made by Google 2025 ღონისძიებასაც:
1. Pixel 10 Pro Fold
ჯერ კიდევ ღონისძიებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google Pixel 10 Pro Fold IP68 სტანდარტებს აკმაყოფილებს — იგი პირველი მტვერგამძლე და წყალგაუმტარი დასაკეცი ტელეფონია. Google-მა მოწყობილობის გარე ჩარჩოების ზომა შეამცირა, რამაც გარე ეკრანის ზომა 16.2 სანტიმეტრამდე გაზარდა. შიდა ეკრანის ზომა ისევ 20.3 სმ.-ია.
10 Pro Fold განახლებული Tensor G5 პროცესორითაა აღჭურვილი, რომელიც TSMC-თან თანამშრომლობით შეიქმნა. მოწყობილობას Qi2 უსადენო დატენის მხარდაჭერა აქვს.
10 Pro Fold-ის ფასი 1,799$-იდან იწყება. იგი ვერცხლისფერ და მწვანე ფერებშია ხელმისაწვდომი. ახალი მოწყობილობა მაღაზიებში ჩვეულებრივზე ოდნავ გვიან, 9 ოქტომბერს გამოჩნდება.
2. Pixel 10 Pro და 10 Pro XL
ახალ Pixel 10 Pro-სა და მის დიდ ვარიანტს ცვლილებები დიდად არ შეხებია. ისინი თითქმის წინამორბედების იდენტურია — ეკრანის ზომა იგივე დარჩა და 16-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებაც უცვლელია.
მთავარი განსხვავება ისაა, რომ ამ ორ მოდელს Tensor G5 ჩიპი და Qi2 უსადენო დატენის მხარდაჭერა აქვს. საინტერესოა, რომ 10 Pro XL-ის უსადენო დატენის სიჩქარე 25 ვატია, როცა 10 Pro-სთვის სიჩქარე 15 ვატამდეა შეზღუდული. კომპანიამ 10 Pro XL-ის 128-გიგაბაიტიანი ვერსია ამოიღო და მხოლოდ 256GB, 512GB და 1TB მეხსიერების მქონე ვარიანტები დატოვა.
10 Pro-ს საწყისი ფასი 999$-ია, 10 Pro XL-ისა კი — 1,119$. ორივე ტელეფონის წინასწარ შეკვეთა დღესვეა შესაძლებელი, აშშ-ის მაღაზიებში კი ისინი 28 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი. ეს სმარტფონები ვერცხლისფერ, მწვანე, თეთრ და შავ ფერებში გვხვდება.
3. Pixel 10
ჩვეულებრივ Pixel-ს პირველად ექნება Pixel Pro-ს მსგავსად სამი კამერა. Pixel 10-ს 48-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 13-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო სენსორი და 10.8-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი აქვს. პირველი ორი მახასიათებელი Pixel 9-სთან შედარებით გაუარესებულია.
სხვა მნიშვნელოვანი განახლებებია Qi2 უსადენო დატენის მხარდაჭერა, Tensor G5 ჩიპი, ოდნავ დიდი ბატარეა და ეკრანის 3 ათას ნიტამდე სიკაშკაშე. Pixel 10-ის საწყისი ფასი 799$-ია. იგი ინდიგოსფერ, ღია ცისფერ, ღია მწვანე და შავ ფერებშია ხელმისაწვდომი.
4. Pixelsnap აქსესუარები
რადგანაც Pixel 10-ის მთელ სერიას უსადენო დატენის ფუნქცია აქვს, Google-მა უამრავი ახალი Pixelsnap აქსესუარი შექმნა, რომელთა დატენაც Qi2 დამტენით შეიძლება. მათ შორისაა მობილურის Qi2-თან თავსებადი ჩასადები, უსადენო დამტენი და Pixelsnap დამტენი, რომელიც სადგამადაც გამოიყენება.
გარდა ამისა, Google-მა რგოლის ფორმის აქსესუარი წარადგინა, რომელიც მოწყობილობის უკანა მხარეს მაგრდება და ტელეფონის დასადგმელად გამოიყენება.
რგოლის ფორმის სადგამი.
ფოტო: Allison Johnson/The Verge
5. Pixel Watch 4
ტელეფონების სერიის გარდა, Google-მა ასევე წარადგინა Pixel Watch 4. ახალ ჭკვიან საათს უამრავი მნიშვნელოვანი განახლება აქვს. მათ შორისაა "გუმბათისებრი" ეკრანი, რომელიც 10%-ით მეტ ხილვად სივრცეს იძლევა და 16%-ით პატარა ჩარჩოები აქვს. ეკრანის სიკაშკაშე 50%-ით გაიზარდა და 3 ათას ნიტს მიაღწია.
Google-ის განცხადებით, Watch 4-ის ახალი ბატარეები 30-40 საათის განმავლობაში ძლებს. მოწყობილობის საწყისი ფასი 41 მმ.-იანი მოდელისთვის 349$-ია Wi-Fi-ისთვის, ხოლო LTE-ის ვერსიისთვის — 449$. 45 მმ-იანი ეკრანის მქონე საათისთვის ფასები 399$ და 499$-ია.
Pixel Watch 4.
ფოტო: Allison Johnson/The Verge
6. Pixel Buds 2A
ახალ ყურსასმენებში, Pixel Buds 2A-ში, არაერთი სიახლეა. ესენია: Google-ის Tensor A1 ჩიპი, დამტენი ჩასადების დამატებითი ბატარეა, ხმაურის დახშობის ფუნქცია და Gemini AI-ის მხარდაჭერა.
ყურსასმენებს გამჭვირვალობის რეჟიმი აქვს, რომელიც თქვენ გარშემო ხმის მოსმენის საშუალებას გაძლევთ. ზარების დროს ქარისა და ფონური ხმაურის შემცირებას ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს.
Pixel Buds 2A წინა მოდელებზე 30$-ით ძვირია და 129.99$ ღირს. იგი შავ და მეწამულ ფერებშია ხელმისაწვდომი, შეძენა კი 9 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.
7. Pixel Buds Pro 2
ახლად გამოშვებულ მოწყობილობებთან ერთად Goggle-მა გასული წლის Pixel Buds Pro 2-ც განაახლა. ამ ყურსასმენებს Adaptive Audio დაემატება. ეს არის ახალი ფუნქცია, რომელიც ხმას ავტომატურად არეგულირებს გარემოში ხმაურის სიძლიერის მიხედვით. მას Noise Protection ფუნქციაც დაემატება, რომელიც სმენის დასაცავად უეცარ ძლიერ ხმაურს ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა ან უარყოფა თავის დაქნევით ან გაქნევით იქნება შესაძლებელი.
8. ახალი AI ფუნქციები
ყველა მოწყობილობა, რომლებიც Google-მა ღონისძიებაზე აჩვენა გარკვეული ხარისხით AI-ზე მუშაობს. ამ მხრივ ყველაზე მეტი სიახლე ტელეფონებშია.
ახალ მოდელებს Magic Cue ფუნქცია აქვს, რომელიც დახმარებას ტელეფონში თქვენი აქტივობის მიხედვით გთავაზობთ. Google-მა ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ Pixel 10 Pro-სა და 10 Pro XL-ის კამერებში ჩააშენა. ეს საშუალებას იძლევა, გადიდებულ ფოტოებზე დეტალები აღვადგინოთ.
Pixel-ის ტელეფონები AI Camera Coach-ს გვთავაზობს, რომელიც ფოტოების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ტელეფონში AI-ზე მომუშავე ჟურნალისა და მთარგმნელის აპლიკაციებია ჩაშენებული. რაც შეეხება Pixel Watch 4-ს, აქ Google-მა ახალი, ჯანმრთელობის AI-ზე მომუშავე მწვრთნელი დაამატა.
ტექნოლოგიური ლიდერობისთვის ბრძოლაში Google-ის მხრიდან ეს სიახლეები დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ მეტს ამ სტატიიდან გაიგებთ.






კომენტარები