მეცნიერები ფიქრობენ, რომ დამატებითი კიდურების ქონას ვუახლოვდებით
უნდა ველოდეთ თუ არა, რომ ადამიანთა სხეულებზე სამომავლოდ რობოტული ნაწილების დამატება მოხერხდება? როგორც The Guardian-ის სტატიიდან ჩანს, ზოგიერთი მეცნიერი სწორედ ასე ფიქრობს.
"თუკი საჭმლის მომზადებისას დამატებითი ხელი მოგინდებათ, რათა ბოსტნეულის დაჭრის პარალელურად სუპს მოურიოთ, შესაძლოა, დამატებითი რობოტული ხელის ტარებისა და დამოუკიდებლად მართვის საშუალება მოგეცეთ", — აცხადებს თამარ მაკინი, კოგნიტიური ნეირომეცნიერების პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.
ამ ტექნოლოგიის მაგალითი უკვე არსებობს: კემბრიჯის Plasticity Lab-ში მკვლევარმა დანი კლოდმა "მესამე ცერი" შექმნა, 3D მეთოდით დაბეჭდილი პატარა მოწყობილობა, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ხელს შეგვიძლია მივამატოთ.
ასევე იხილეთ: მესამე ხელი, რომელსაც გონებით გააკონტროლებთ — მეცნიერები ინოვაციურ იდეაზე მუშაობენ
მაგალითისთვის, შეგვიძლია, მისი საშუალებით ფინჯანი დავიკავოთ, ნამდვილი თითები კი კოვზით მის მოსარევად შემოვინახოთ.
თავისთავად, "მესამე ცერის" გამოყენება მეტად მნიშვნელოვან საქმეებშიც შეიძლება.
"ქირურგს გავესაუბრეთ, რომელიც ძალიან დაინტერესდა, მხრის ოპერაციის ჩატარებისას კამერა თავისი ასისტენტის ნაცვლად დაეჭირა", — ამბობს კლოდი — "სურდა, ორი ხელით სრულად ემართა ხელსაწყოები და პარალელურად კამერა სჭეროდა, რომლის მანიპულაციასაც ასევე კარგად შეძლებდა".
აუგმენტაციის მიზანი მაინცდამაინც დამატებითი კიდურების მიმაგრება არაა — ეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას ემსახურება, რომელთაც სხეულის ფუნქციურობის გაუმჯობესება სჭირდებათ.
"თუკი კიდური გაკლიათ, მისი ჩანაცვლების მაგიერ რატომ არ უნდა გვეცადა ხელშეუხებელი ხელის აუგმენტაცია, რათა მისით მეტის გაკეთება შეძლოთ?", — გვთავაზობს კლოდი.
მათი თქმით, ჯანმრთელი, ფუნქციური კიდურის აუგმენტაცია უფრო მარტივი გამოსავალი იქნება, ვიდრე დაკარგულის ჩანაცვლება. ამას გარდა, პროთეზები რთულ, ინვაზიურ და ძვირ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, რათა ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ინტერფეისები (BCI-ები) დაყენდეს მათ სამართავად.
სწორედ ამიტომ, "მესამე ცერს" კლოდი ტვინის იმპლანტანტებზე ეფექტიანად მიიჩნევს. მისი გამოგონება არა ტვინის იმპლანტანტებით, არამედ წნევის სენსორებით იმართება უსადენოდ, რომლებიც ფეხის ცერების ქვეშაა მოთავსებული.
კლოდის მიდგომას მაკინიც იზიარებს და მიიჩნევს, რომ ამ ტიპის კონტროლი BCI-ებზე გაცილებით ინსტინქტურია.
"სამიდან 97 წლამდე 600 ადამიანიდან მათმა 98%-მა შეძლო პირველი წუთიდანვე მისი გამოყენება, რაც ნიშნავს, რომ უკვე შეეძლოთ ობიექტების ინსტრუქციების შესაბამისად გადაადგილება", — დასძენს მაკინი — "არ მაგონდება ტვინის ჩიპი, რომელსაც ეს შეუძლია".
კომენტარები