კვლევის თანახმად, სანაპიროს ჭუჭყიანი წყლიდან ბაქტერიები ჰაერშიც ვრცელდება
სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარა, რომლითაც დადგინდა, რომ სანაპირო წყლის დაბინძურება ზღვის წყლის აეროზოლით ატმოსფეროში ხვდება. შესაძლოა, იგი ხმელეთზე გავრცელდეს და ადამიანებამდეც მიაღწიოს. ნაშრომი გამოცემაში Environmental Science & Technology გამოქვეყნდა.
ზემოხსენებული აეროზოლი ბაქტერიებს, ვირუსებსა და სხვადასხვა ქიმიკატს შეიცავს. კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოკეანეში მდინარე ტიხუანის გავლით 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე დაახლოებით 13 მილიარდი გალონი დაბინძურებული წყალი მოხვდა.
"ტრადიციულად, სანაპირო წყლის დაბინძურებას მხოლოდ წყლის პრობლემად მიიჩნევდნენ. ხალხი მასში ცურვასა და სერფინგზე დარდობს, თუმცა შესუნთქვის საკითხზე არა, მიუხედავად იმისა, რომ აეროზოლები დიდ მანძილზე შეიძლება გადაადგილდეს და იმაზე ბევრად მეტ ადამიანზე იმოქმედოს, ვიდრე სანაპიროსა თუ წყალში მყოფებზე", — აცხადებს კიმ პრატერი, სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი.
2019 წლის იანვრიდან მაისამდე მკვლევართა გუნდმა იმპერიალ-ბიჩის სანაპირო აეროზოლები და მდინარე ტიხუანის ნიმუშები შეისწავლა. დნმ-ის სეკვენირებისა და მას-სპეტრომეტრიის გამოყენებით მათ ბაქტერიები და ქიმიკატები აღმოაჩინეს, რომლებიც სანაპირო წყლებში მდინარე ტიხუანიდან მოხვედრილ დაბინძურებულ წყლებს დაუკავშირეს.
"კვლევა აჩვენებს, რომ სანაპიროზე მცხოვრებ ხალხზე სანაპირო წყლების დაბინძურება მაშინაც კი ზემოქმედებს, როდესაც ისინი დაბინძურებულ წყალში არ შედიან", — აცხადებს მეთიუ პენდერგრაფტი, კვლევის ხელმძღვანელი.
როგორც დადგინდა, ოკეანის აეროზოლები მდინარე ტიხუანიდან წამოსულ ბაქტერიებსა და ქიმიკატებს შეიცავდა. თავისთავად, ეს არ მიანიშნებს იმაზე, დაბინძურებული აეროზოლის გამო ადამიანები ავადმყოფობენ — აღმოჩენილი ბაქტერიებისა და ვირუსების უმრავლესობა უსაფრთხო იყო.
მკვლევართა თქმით, დამატებითი კვლევაა საჭირო იმის განსასაზღვრად, თუ რა საფრთხეს უქმნის დაბინძურებული სანაპირო წყლები საზოგადოებას. ამისათვის ინფექციურობის, ზემოქმედების ხარისხისა და სხვა ფაქტორების განსაზღვრა იქნება საჭირო.
კომენტარები