ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ადრეული გალაქტიკის, სახელად SPT0418-47, სურათის შესწავლისას კორნელის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა მის კიდესთან უჩვეულო სიკაშკაშე შენიშნეს, რომელიც შორეული გალაქტიკა აღმოჩნდა.

ასტრონომთა გამოთვლების თანახმად, ეს სისტემა 1.4 მილიარდი წლისაა, ანუ საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა ის უკვე ვარსკვლავთა რამდენიმე პოპულაციას აერთიანებს. ავტორთა განცხადებით, აღნიშნული გალაქტიკა ქიმიური ელემენტებით მდიდარია, რაც ამგვარი ობიექტის შემთხვევაში მოულოდნელი იყო.

საქმე ისაა, რომ სამყარო განვითარების ადრეული ეტაპზე ელემენტების სიუხვით არ გამოირჩეოდა. ახალაღმოჩენილ გალაქტიკაში კი ნახშირბადს, ჟანგბადსა და აზოტს ვხვდებით, რომლებიც წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმეა. მსგავს გალაქტიკებს მეცნიერები ლითონით მდიდარს უწოდებენ, ხოლო ამგვარი მახასიათებლის შეძენა ვარსკვლავთა რამდენიმე თაობის არსებობას საჭიროებს.

ALMA-ს ობსერვატორიის მიერ გადაღებული, გრავიტაციულად ლინზირებული გალაქტიკა SPT0418-47.

ფოტო: ALMA (ESO/NAOJ/NRAO)

"ჩვენ ვხედავთ ნარჩენს მნათობთა სულ მცირე ორი პოპულაციისა, რომელიც სამყაროს არსებობის პირველ მილიარდ წელში გაჩნდა და მოკვდა. მსგავს რამეს, როგორც წესი, აქამდე არ ვაფიქსირებდით.

ვვარაუდობთ, რომ ამ გალაქტიკებში ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი ძალიან ადრეულ პერიოდში უნდა დაწყებულიყო და აქტიური ყოფილიყო. ეს აზოტისა და ჟანგბადის ასეთ თანაფარდობას ხსნის, რადგან ამგვარად იზომება, თუ მნათობთა რამდენი თაობა დაიბადა და მოკვდა", — ამბობენ მეცნიერები.

მათი თქმით, ახლახან გამოვლენილი, SPT0418-SE-ის სახელით ცნობილი გალაქტიკა სტატიის დასაწყისში ხსენებული, გრავიტაციულად ლინზირებული SPT0418-47-ის თანამგზავრია, რაზეც მათი სიახლოვე მიანიშნებს. ისინი ერთმანეთთან გრავიტაციულად ურთიერთქმედებს და არაა გამორიცხული, რომ შეერწყას კიდეც.

"ამ გალაქტიკას ჯერ კიდევ ვიკვლევთ. მონაცემებში მის შესახებ დამატებით ბევრი რამის გაგება შეგვიძლია", — აცხადებენ ავტორები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.