მეცნიერებმა 3D პრინტერით დაბეჭდეს გული, რომელიც ბუნებრივის მსგავსად მუშაობს
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა სამგანზომილებიანი პრინტერის მეშვეობით დაბეჭდეს ხელოვნური გული, რომელიც თითოეული პაციენტის ამავე ორგანოს მახასიათებლებს იმეორებს. ის ექიმებს ინდივიდუალიზებული თერაპიების დაგეგმვაში დაეხმარება.
სპეციალისტები თავდაპირველად პაციენტის გულის გამოსახულებას სამგანზომილებიან კომპიუტერულ მოდელად აქცევენ, შემდეგ კი პოლიმერზე დაფუძნებული საღებავის გამოყენებით ბეჭდავენ. შედეგად მიიღება რბილი, ელასტიკური გარსი, რომელიც ინდივიდუალური ორგანოს ხელოვნური ასლია. იმავე მეთოდით აორტის დაბეჭდვაცაა შესაძლებელი, რომელიც გულიდან სხეულში სისხლის მიმოქცევას უზრუნველყოფს.
მკვლევრებმა დაბეჭდილ გულსა და აორტას სპეციალური საფარველი შემოაკრეს, რომელიც სისხლის გადატუმბვის ფუნქციას იმეორებს. მისი შიდა სტრუქტურა ტკაცუნა ბურთულებიან შესაფუთს მოგვაგონებს, რომელშიც ჰაერი რიტმულად შედის და ბერავს, გული კი იკუმშება ისე, როგორც ბუნებრივად ხდება.
"ყველა გული განსხვავებულია. ვარიაციები შესამჩნევია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტები ავად არიან. ჩვენი სისტემის უპირატესობა ისაა, რომ არა მხოლოდ გულის ფორმის, არამედ მისი ფუნქციის გამეორება შეგვიძლია ფიზიოლოგიურადაც და დაავადების მხრივაც", — აცხადებენ ავტორები.
კვლევისთვის მეცნიერებმა აორტის სტენოზის მქონე 15 პაციენტის გულის გამოსახულებები გამოიყენეს და კომპიუტერული მოდელები სწორედ მათი მეშვეობით შექმნეს. სამგანზომილებიანი პრინტერისთვის საჭირო სპეციალურმა საღებავმა მათ საშუალება მისცა, რომ ელასტიკური გარსი დაებეჭდათ, რომელიც მარტივად შეიკუმშებოდა. ამის უზრუნველსაყოფად ავტორებმა გარშემო შემოსაკრავი საფარველი ჰაერის გადასატუმბი სისტემით აღჭურვეს.
მათი ნაშრომი გამოცემაში Science Robotics გამოქვეყნდა.
კომენტარები