იუპიტერის 4 უდიდეს თანამგზავრზე პოლარული ციალი დაფიქსირდა
ასტრონომებმა იუპიტერის 4 უდიდეს ბუნებრივ თანამგზავრზე — ევროპაზე, განიმედზე, კალისტოსა და იოზე — ახალი პოლარული ციალი დააფიქსირეს, რომელიც სპექტრის ხილულ დიაპაზონში დაიმზირება. ეს მათი თხელი ატმოსფეროების შემადგენლობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის, მათ შორის ჟანგბადის, ნატრიუმისა და მცირე ოდენობით წყლის ორთქლის კვალზე.
მეცნიერებმა შთამბეჭდავი ნათება მაშინ შენიშნეს, როცა მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებული პლანეტის ჩრდილში მოქცეულ ამ ციურ სხეულებს კეკის ობსერვატორიის, დიდი ბინოკულარული ტელესკოპისა და აპაჩი-პოინტის ობსერვატორიის სპექტრომეტრებით/სპექტროგრაფებით აკვირდებოდნენ. მზის სხივების სიკაშკაშეს მოფარებულ ობიექტებზე სპეციალისტებს მკრთალი ავრორების დანახვა გაუმარტივდათ, რომლებიც იუპიტერის მძლავრი მაგნიტური ველის გავლენით წარმოიქმნება.
4-ვე გალილეისეულ თანამგზავრზე (როგორც სახელი მიანიშნებს, ისინი გალილეიმ აღმოაჩინა) ჟანგბადის ციალები გვხვდება, ზუსტად ისეთი, როგორსაც დედამიწაზე ვხედავთ. ამის მიუხედავად, რადგან მათზე ატმოსფერო ბევრად თხელია, ნათება უფრო მუქწითელია, ვიდრე მწვანე. განიმედსა და ევროპაზე ის ინფრაწითელ სპექტრშიც ვლინდება, რომელიც ადამიანის თვალისთვის უხილავია.
იოზე შედარებით მრავალფეროვანი ავრორებია, რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ ეს თანამგზავრი მზის სისტემაში ვულკანურად ყველაზე აქტიურ ობიექტად მიიჩნევა. მისი ზედაპირიდან მტვრისა და აირის ნაკადები იტყორცნება, მარილების შემცველი მატერია ასობით კილომეტრამდე ადის და ატმოსფეროში დაშლისას დამატებითი ფერების გაჩენას უწყობს ხელს. მათ შორისაა მოყვითალო-მონარინჯისფრო, რომელიც ნატრიუმს უკავშირდება და ინფრაწითელი, რომელიც კალიუმთან ასოცირდება და სხვაგან არასდროს დაფიქსირებულა.
"ავრორას სხვადასხვა ფერში ნათება ინფორმაციას გვაწვდის, თუ რისგან შედგება ამ ციური სხეულების ატმოსფეროები. ჩვენ იქ მოლეკულური ჟანგბადი შევნიშნეთ, ისეთი, როგორსაც დედამიწაზე ვსუნთქავთ და ის ყინულოვან თანამგზავრთა აირადი გარსის მთავარი კომპონენტია", — აცხადებენ ავტორები.
მიიჩნევა, რომ კალისტოზე, განიმედსა და ევროპაზე ყინულის სქელი ფენის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანეებია, რაც მათგან უკანასკნელის ატმოსფეროში არსებული წყლის წყარო შეიძლება იყოს. ამის მიუხედავად, ახალმა კვლევამ იქ მხოლოდ მცირე ოდენობით ორთქლი გამოავლინა, რამაც შესაძლოა, ამ საკითხზე ასტრონომების მოსაზრება შეცვალოს.
ავტორთა 2 ნაშრომი გამოცემაში The Planetary Science Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები