ლეონარდო და ვინჩი გრავიტაციის მნიშვნელობას ნიუტონზე 1 საუკუნით ადრე ხვდებოდა — კვლევა
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ გრავიტაციის თეორია ისააკ ნიუტონს ეკუთვნის, რომელმაც მისი ფორმულირება XVII საუკუნის მეორე ნახევარში შეძლო. ამით მან, ფაქტობრივად, ფიზიკა განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა და ისტორიაში სახელიც დაიმკვიდრა.
უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ლეონარდო და ვინჩი გრავიტაციის ფუნდამენტურ ასპექტებს ნიუტონზე 100 წელზე მეტი ხნით ადრე იაზრებდა. მსგავსი დასკვნა მეცნიერებმა მისი დიაგრამებისა და ჩანახატების საფუძველზე გამოიტანეს. მათ შორისაა სამკუთხედები, რომლებზეც ბუნებრივ, განსაზღვრულ და თანაბარზომიერ მოძრაობას შორის კავშირია წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ გრავიტაცია აჩქარების ფორმის სახითაა გაგებული.
ლეონარდო ამ ყველაფერს ქილიდან ქვიშის ჩამოყრის მაგალითზე განიხილავდა. ის მიხვდა, რომ თუ ჭურჭელს ჰორიზონტალურ სიბრტყეზე იმავე სიჩქარით გადააადგილებდა, რითაც ძალა, რომელიც ქვიშას ქვემოთ უბიძგებს, მარცვლები სამკუთხედის ჰიპოტენუზას წარმოქმნიდა. ჩამოვარდნილი ობიექტის ამ ცვალებადი სისწრაფის გააზრება დედამიწის გრავიტაციული მუდმივას დასადგენად უმნიშვნელოვანესი ეტაპია.
"დაახლოებით 500 წლის წინ ლეონარდო და ვინჩი გრავიტაციის საიდუმლოსა და აჩქარებასთან მისი კავშირის ამოხსნას გონებამახვილური ექსპერიმენტებით ცდილობდა, რომლებსაც საფუძვლად მხოლოდ მისი წარმოსახვა და ოსტატური ექსპერიმენტული მეთოდები ედო", — აცხადებენ ავტორები.
ლეონარდო ხვდებოდა, რომ რაღაცას მიაგნო, მაგრამ არ იცოდა, რას. ეს იმიტომ, რომ ის უწყვეტი ძალის არისტოტესეულ გაგებას ეყრდნობოდა. თანაც, მაშინ ინერციის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ობიექტი ერთი მიმართულებით მოძრაობს, სანამ საწინააღმდეგო ძალასთან შევა ურთიერთქმედებაში, მეცნიერებაში ჯერ კიდევ არ იყო გაცნობიერებული,
და ვინჩის გამოთვლებში გარკვეული ხარვეზები იყო. ამის მიუხედავად, მისი ექსპერიმენტების ლაბორატორიაში გამეორებამ გამოავლინა, რომ ლეონარდოს ალგორითმით, თანამედროვე მეთოდებთან და განტოლებებთან შედარებით, გრავიტაციული მუდმივა 97 პროცენტამდე სიზუსტით ითვლება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ და ვინჩიმ მოძრაობის კანონების სადემონსტრაციოდ ობიექტის ვარდნის დინამიკა ისე აჩვენა, რომ გრავიტაციული მუდმივას (აჩქარების ცვლილების ტემპი) ზუსტი მნიშვნელობის ცოდნის აუცილებლობა აიცილა თავიდან. თუკი ის ფურცელზე წარმოდგენილ ექსპერიმენტებს განახორციელებდა, შესაძლოა, გრავიტაციული მუდმივას ეფექტი თავისუფალი ვარდნის გარეშე პირველს წარმოეჩინა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Leonardo გამოქვეყნდა.
კომენტარები