სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.

აფხაზეთის მთავრობის გამოცხადებული გეგმები "ანტირუსული განწყობების" წინააღმდეგ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შიშს აძლიერებს.

ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა განიხილეს "გარე მტრული ძალების" მიერ აფხაზეთში ანტირუსული განწყობების პროვოცირების მიზანმიმართული მცდელობები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პრესისათვის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ეს აღწერილი იყო როგორც "პირდაპირი საფრთხე [აფხაზეთის] სახელმწიფოებრიობისთვის".

კიუტმა გამოაცხადა, რომ ხელისუფლება მიიღებს "მკაცრ ზომებს", მაგრამ არ დააკონკრეტა რა მოიაზრება ამ ზომებში.

განცხადებამ ჟურნალისტების, ბლოგერების, საზოგადო მოღვაწეების და აფხაზეთის ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია. გაჩნდა შიში, რომ არ არსებობს ამ კანონმდებლობის საჭიროება და ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელისუფლების კრიტიკის ჩასახშობად ან საზოგადოების ყურადღების გასაფანტად.

ინიციატივამ საზოგადოების მხრიდან მხოლოდ მცირე მოწონება თუ დაიმსახურა.

"თუ მთავრობას ვაკრიტიკებ, ანტი რუსი ვარ?"


განცხადების შემდეგ დაიწყო ფართო მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისზეა გამიზნული ახალი ინიციატივა.

ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი სპეციალურად მიმართულია ჰარა ჰ-პიცუნდას ახალგაზრდულ ჯგუფზე, რომელიც 2022 წლის სექტემბრიდან ბიჭვინთის სახელმწიფო დაჩის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებს.

მას შემდეგ ჯგუფმა გააძლიერა ხელისუფლების სხვა ისეთი ქმედებების მიმართ კრიტიკა, რამაც აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევაში წვლილი შეიტანა.

პოპულარული ბლოგერი, თენგიზ ჯოპუა მათ შორისაა, ვინც ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთავრობის კრიტიკოსების მიმართ უფრო ფართო მიზნებისთვის.

"თუ მე მაწუხებს ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული კრიზისი და მაწუხებს ჩვენი დამოკიდებულება, რუსი გადასახადის გადამხდელის ზურგზე ჯდომა — ვარ თუ არა ანტირუსული ელემენტი?" — კითხულობს ის.

სხვები ვარაუდობენ, რომ ეს რუსეთის უცხოური აგენტების შესახებ კანონის ანალოგია. რუსული კანონი ფართოდ იქნა გამოყენებული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად. აფხაზეთის მთავრობას ჯერჯერობით არ წარუდგენია პარლამენტში კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებმა მისი შემუშავება მოითხოვეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ, ოპოზიციასთან დაკავშირებულმა საზოგადო მოღვაწეებმა და ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "მიუღებელია" ხალხის ანტირუსულად წარმოჩინება, რადგან ისინი გამოხატავდნენ მოსაზრებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პიცუნდას შეთანხმება ენერგოსისტემის პრივატიზების მცდელობა.

ისინი ასევე ეჭვქვეშ აყენებენ აფხაზეთში ანტირუსული განწყობების არსებობას. მოითხოვენ მთავრობამ "დეტალური ახსნა-განმარტება" გასცეს იმაზე, თუ რას გულისხმობენ ანტირუსულ განწყობებში, ასევე გასცენ დასავლური დაზვერვის სამსახურების სია, რომლებიც "აფხაზეთში გავლენის დამყარებას" ცდილობენ და იმ პირთა სახელები, ვინც მათთან მუშაობენ.

"ყველაზე პრორუსული ქვეყანა მსოფლიოში"

აფხაზეთში ბევრმა გააპროტესტა განცხადების წინაპირობა.

ოპოზიციის ლიდერმა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში ნებისმიერი ანტირუსული განწყობილება პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიემართება.

"[ის] მოგზაურობს რეგიონებში და ამყარებს კავშირს პიცუნდას სახელმწიფო დაჩის გადაცემასა და აფხაზეთში რუსების სამხედრო ყოფნასა და ფინანსურ დახმარებას შორის".

"უკანასკნელი 30 წლის მანძილზე არავის მიუყენებია ისეთი ზიანი რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებისთვის, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა გააკეთა სამ წელზე ნაკლებ დროში".

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე, ზურაბ სმირი ასევე დაინტერესდა, თუ რა საფუძველს ემყარება ეს განცხადება.

"რა ანტირუსულ განწყობებზეა საუბარი, როცა აფხაზეთი ყველაზე პრორუსული ქვეყანაა მსოფლიოში?", — იკითხა მან.

ის დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსები შეადგენენ მოსახლეობის მხოლოდ 9%-ს და აფხაზური სახელმწიფო ენაა, საზოგადოებრივი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, მათ შორის განათლებასა და პოლიტიკაში, რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

"პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის ყველა სხდომა რუსულ ენაზე იმართება, აფხაზები კი სხდომებზე დამსწრეთა 95%-ს შეადგენენ", — განაცხადა სმირმა და იკითხა: "ჩემი განცხადებებიც ანტირუსულია?"

თემურ ნადარაიაც კი, გალის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც, როგორც წესი, დასავლეთს აკრიტიკებს, თავის შეფასებაში ფრთხილია.

სანამ იმას ამტკიცებდა, რომ "შეუძლებელია ანტირუსული განწყობების ვერ შემჩნევა" რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მაგალითად მოჰყავდა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პოლონეთი და ჩეხეთი და თავს იკავებდა გამოცხადებული ზომების პირდაპირ მოწონებისგან.

"რა თქმა უნდა, არსებობს იმის საშიშროება, რომ ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება აღქმული იქნას როგორც ანტირუსული", — აღიარა მან.

"მაგრამ არა მგონია, რომ ეს მოხდეს", — დაწერა ფეისბუქზე.

კითხვა, თუ რას ნიშნავს ეს ნაბიჯი აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ბევრმა დასვა, მათ შორის ახრა ბჟანიამ, ყოფილმა დეპუტატმა და ახიაცას საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა.

"თუ მოგბეზრდათ ფსოუზე ნიშანი [აფხაზეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი რუსეთთან] — უბრალოდ თქვით რომ — დაგღალათ დამოუკიდებლობამ, კონსტიტუციამ, თქვენი მოქალაქეების უპირობო დაცვამ. რომ ეს უბრალოდ ძალიან ზედმეტია".