ბოლო რამდენიმე წელიწადში ხელოვნური ინტელექტი საგრძნობლად განვითარდა, რაც ისეთ პროგრამებში გამოიხატება, როგორიცაა Midjourney, DALL-E 2 და ChatGPT. ამგვარი სისტემები უკვე მრავალ სფეროში გამოიყენება და გამონაკლისი არც ასტრონომიაა. მეცნიერები მათი მეშვეობით ისეთი სიგნალების გამოვლენას ცდილობენ, რომლებიც შესაძლოა, მონაცემთა ზღვაში შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

ეს ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი არამიწიერი სიცოცხლის ძიებაში უკვე აქტიურადაა ჩართული. სპეციალისტებმა გამოიყენეს AI, რომელიც არაბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოქმნილი სიგნალების დასაფიქსირებლადაა გაწვრთნილი. რადიოტელესკოპთა მიერ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისას ის ისეთ დეტალებს აქცევს ყურადღებას, რომელთაც ტრადიციული ალგორითმები გვერდს უვლის. შესაბამისად, კლასიფიკაციაში მათი ჩართვა ეფექტიანია.

რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი "გონიერი" არაა და "ფიქრის" უნარიც არ გააჩნია. ის კონკრეტულ მიზანსაა მორგებული და ადამიანების მიერ წინასწარ განსაზღვრულ დავალებას ასრულებს. ამ შემთხვევაში, ეს რადიო "ტექნოხელწერის" აღმოჩენაა, ჰიპოთეზური სიგნალების, რომელთა წყაროც უცხოპლანეტური ცივილიზაციის ტექნოლოგიაა.

ფოტო:

Getty

მეცნიერთა თმით, ეს თივის ზვინში ნემსის პოვნას შეიძლება შევადაროთ, რადგან რადიოტელესკოპთა მეშვეობით ძალიან დიდი მოცულობის მონაცემები გროვდება და მათში ხშირად "იჭრება" ტელეფონების, WiFi-ისა და სატელიტების სიგნალებიც. ამ უკანასკნელთა გამოცალკევება/იდენტიფიცირება აუცილებელია, რომ შეცდომაში არ შევიდეთ, AI კი ამას ადამიანზე ბევრად სწრაფად აკეთებს.

სისტემის გასაწვრთნელად ავტორებმა მას ჯერ სიმულირებული სიგნალების შემცველი მონაცემები გააანალიზებინეს, ხოლო შემდეგ "თივასა" და "ნემსს" შორის არსებული სხვაობა ასწავლეს. ბოლოს ის 150 ტერაბაიტი მოცულობის ინფორმაციაზე გამოცადეს, რის შედეგადაც ხელოვნურმა ინტელექტმა 20 515 საინტერესო სიგნალი გამოავლინა. აქედან 8-ს "ტექნოხელწერის" მახასიათებლები ჰქონდა და ტელეფონებს, WiFi-ის ან სატელიტებს არ უკავშირდებოდა.

მკვლევრები ამბობენ, რომ რადიოტელესკოპებით ამ სიგნალების ხელახლა დაფიქსირება ვერ მოხერხდა. ისინი მათზე დაკვირვებას კიდევ განაგრძობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ საქმე რადიო დაბრკოლების უჩვეულო ფორმასთან გვაქვს, ანუ ჩვენსავე ტექნოლოგიასთან.

ამის მიუხედავად, ასტრონომები უფრო მეტი ხელსაწყოს გამოყენებას გეგმავენ, რათა უკეთ შეისწავლონ ადგილები, საიდანაც სიგნალები მოდის. გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნებული ახალი ნაშრომი ცხადყოფს, რომ ხელოვნური ინტელექტი აღნიშნულ პროცესს საგრძნობლად გაამარტივებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.