"რობოტ ადვოკატს" სასამართლოს სხდომაზე ვეღარ ვიხილავთ — რა ხდება
თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტარტაპ DoNotPay-ის მიერ შექმნილი AI ხელსაწყო, "რობოტი ადვოკატი", ბრალდებულებს იურიდიულ მომსახურებას გაუწევდა. პირველი ასეთი სხდომა 22 თებერვალს კალიფორნიის შტატში უნდა შემდგარიყო, თუმცა მარეგულირებელი ორგანიზაციებისაგან მიღებული გაფრთხილებების გამო გეგმა ჩაიშალა.
ასევე იხილეთ: მსოფლიოში პირველად, ხელოვნური ინტელექტი ბრალდებულს იურიდიულ მომსახურებას გაუწევს
სტარტაპ DoNotPay-მ, კერძოდ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტი შექმნა, რომლის გამოყენებასაც სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში მოიაზრებდნენ.
AI ადვოკატი შემდეგნაირად მუშაობს: ბრალდებული ჭკვიან სათვალეს ატარებს, რომელიც სხდომის მიმდინარეობას იწერს და აანალიზებს; შემდეგ იგი შესაბამის პასუხებს აგენერირებს და განსასჯელს ყურში პატარა სპიკერის საშუალებით გადასცემს. სისტემა ტექსტის რამდენიმე AI გენერატორს ეფუძნება, მათ შორის, ChatGPT-სა და DaVinci-ს.
საქმე ისაა, რომ ჯოშუა ბრაუდერმა, სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა, რამდენიმე წერილი მიიღო, რომლებშიც შესაძლო თავისუფლების აღკვეთისა და სასამართლო დევნის შესახებ იყო საუბარი.
"შტატის ადვოკატთა რამდენიმე ორგანიზაცია გვემუქრება", — აცხადებს ბრაუდერი — "ერთმა ისიც კი თქვა, რომ რაიონული პროკურორის ოფისისთვის მიმართვა, სარჩლის წარდგენა და თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა შესაძლებელი".
შტატის ადვოკატთა ორგანიზაციები ადვოკატებისათვის ლიცენზიებს გასცემს და მათ საქმიანობას არეგულირებს, რათა ხალხი ხარისხიანი მომსახურებით იყოს უზრუნველყოფილი. მათ, კერძოდ, აღნიშნეს ის, რომ ამგვარი უნებართვო პრაქტიკები ზოგიერთ შტატში 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ოლქის ციხეში.
ბრაუდერმა არ დააკონკრეტა, კერძოდ რომელმა ორგანიზაციებმა გაგზავნეს წერილები. ცნობილია, რომ DoNotPay-ს რამდენიმე ასეთი ასოციაცია იძიებს, რომელთა მოვალეობაშიც შესაძლო უნებართვო პრაქტიკების შესწავლაც შედის.
როგორია გამოსავალი?
ბრაუდერის თქმით, ნაცვლად სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებისთვის AI-ის გამოყენებისა, DoNotPay სამედიცინო და სხვა სახის გადასახადების, ასევე საკრედიტო პრობლემების მქონე ადამიანებს დაეხმარება. ხალხის უმრავლესობას იურიდიულ დახმარებაზე ხელი ნაკლებად მიუწვდება, ამიტომ სტარტაპის დირექტორს იმედი მაინც აქვს, რომ სასამართლოს სხდომებზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მოხერხდება.
ამას სასამართლოს სხდომის დარბაზის წესებიც აბრკოლებს: პროცესის მიმდინარეობისას აუდიოჩანაწერის გაკეთება შტატებში უმეტესად აკრძალულია. მეორე მხრივ, DoNotPay-ის მიერ შექმნილი ინსტრუმენტები (რომლებიც რეალურ სხდომაზე არასოდეს გამოუცდიათ) სწორედ დავის ჩაწერას მოითხოვს, რათა მანქანური დასწავლის ალგორითმმა უკუკავშირი დააგენერიროს.
"ვფიქრობ, ხელსაწყოსთვის "რობოტი ადვოკატის" შერქმევამ არაერთი ადვოკატი გააღიზიანა", — ამბობს ბრაუდერი — "თუმცა, მგონია, მთლიან სურათს ვერ ხედავენ. ტექნოლოგიები ვითარდება, სასამართლოს სხდომის დარბაზის წესები კი ძალიან დრომოჭმულია".
საგულისხმოა ისიც, რომ, გარდა კანონთან დაკავშირებული პრობლემებისა, ზოგი ეჭვქვეშ DoNotPay-ის მომსახურების ეფექტიანობასაც აყენებს — მომხმარებლები იუწყებიან, რომ ინსტრუმენტის საბაზისო ფუნქციებით სარგებლობისას ისინი, ასე თუ ისე, არადამაკმაყოფილებელ პასუხებს იღებენ.
მეორე მხრივ, ბრაუდერი საკმაოდ სენსაციური გზებით ცდილობს ხოლმე საზოგადოების ყურადღების მიქცევას: ახლახან მან საჯაროდ განაცხადა, რომ $1 მილიონს გადაუხდიდნენ ადვოკატს, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს სხდომაზე AirPods-ების თანხლებით, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პასუხებით წარდგებოდა.
არსებული ორაზროვნების მიუხედავად, ბრალდებულთათვის AI ადვოკატი საკმაოდ გამოსადეგი შეიძლება აღმოჩნდეს, ჩვენ კი ამასობაში ისღა დაგვრჩენია, სტარტაპისა და მისი პროდუქტის მომავალს მივადევნოთ თვალი.
კომენტარები