შესაძლოა, ევროპაში შავი ჭირი მხოლოდ ვირთხებს არ გაუვრცელებიათ — კვლევა
1347-1353 წლებში ევროპაში შავი ჭირი მძვინვარებდა, რამაც მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მუდმივი ეპიდემიების პერიოდი მე-19 საუკუნემდე გაგრძელდა.
პანდემიის გამომწვევ ფაქტორებზე საუბრისას, ყველაზე ხშირად გვესმის ვერსია, რომ ის ვირთხებმა გაავრცელეს. მართლაც, მსოფლიოს ზოგ ნაწილში Yersenia Pestis, ბაქტერია, რომელიც შავ ჭირს იწვევს, ველურ მღრღნელებსა და მათ რწყილებში გვხვდება. ამას ცოცხალ "რეზერვუარსაც" უწოდებენ ხოლმე.
შავი ჭირი მართლაც მღრღნელებში იწყება და შემდეგ ადამიანსაც შეიძლება გადაედოს. ევროპა ერთ დროს, სავარაუდოდ, მართლაც იყო ამ რეზერვუარების მასპინძელი. მიუხედავად ამისა, არსებობს ალბათობა იმისა, რომ შავი ჭირი მუდმივად აზიიდან შემოდიოდა. ის, თუ რომელი სცენარია ჭეშმარიტი, დღემდე მეცნიერული დავის საგანია.
ახალი კვლევის მიხედვით, ევროპაში არსებული გარემო პირობები შავ ჭირს ცხოველების "რეზერვუარებით" ხანგრძლივად არსებობის საშუალებას არ მისცემდა. მაშ, რატომ გაგრძელდა პანდემია საუკუნეების განმავლობაში და რატომ შეიწირა კონტინენტის მოსახლეობის თითქმის ნახევარი?
კვლევა ორივე სცენარს აერთიანებს. მეცნიერების ვარაუდით, ევროპაში არსებულ რეზერვუარებთან ერთად დაავადების გავრცელებაში მისი აზიიდან მუდმივი შემოსვლა იღებდა მონაწილეობას.
ევროპული კლიმატი
იმის გასარკვევად, გაძლებდა თუ არა მღრღნელებში არსებული დაავადება ევროპის ტერიტორიაზე დიდი დროის განმავლობაში, მეცნიერებმა ნიადაგის თავისებურებები, კლიმატური პირობები, ლანდშაფტის სხვადასხვა ტიპი და მღრღნელების არაერთი სახეობა იკვლიეს. ეს ყველაფერი შავი ჭირის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს.
მაგალითად, როგორც ჩანს, ნიადაგში ზოგი ელემენტის კონცენტრაცია (რკინა, სპილენძი, მაგნიუმი), დაბალი ტემპერატურა, დაბალი ნალექიანობა და ზღვის დონიდან რაც შეიძლება მაღლა ყოფნა ცოცხალი საცავის გამძლეობას აძლიერებს.
მკვლევართა შედარებით ანალიზზე დაყრდობით, ევროპის ტერიტორიაზე 1348 წლიდან მე-19 საუკუნემდე მღრღნელებში შავი ჭირი მუდმივად ვერ შენარჩუნდებოდა. მეტიც, ამის შანსი დღევანდელი კლიმატის პირობებში უფრო მაღალია, ვიდრე მაშინ იყო.
ამის საპირისპიროდ, ჩინეთისა და აშშ-ის დასავლეთის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიებზე Yersenia Pestis-ის გადარჩენისათვის ხელსაყრელი ყველა ბუნებრივი მდგომარეობა არსებობს.
შესაბამისად, ცენტრალურ აზიაში მღრღნელების რეზერვუარები ათასწლეულის განმავლობაში შეძლებდნენ გადარჩენას. უძველეს დნმ-სა და წერილობით ჩანაწერებზე დაყრდნობით, როცა შავმა ჭირმა ევროპაში შემოაღწია, აქ მან ადგილობრივ მღრღნელებში გადმოინაცვლა, რაც მას ხანგრძლივად შენარჩუნების შესაძლებლობას უსპობდა.
თუ ამ ფაქტორებს გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, შავი ჭირის პანდემიის ხანგრძლივობას ხელი აზიიდან მისმა მუდმივმა იმპორტმა შეუწყო. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული ორი სცენარი აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი არ არის.
რადიკალური განსხვავება
შავი ჭირის გავრცელებაში ვირთხების როლის დასანახად, შეგვიძლია დაავადების გავრცელების სხვადასხვა შემთხვევა განვიხილოთ.
პირველი პანდემია მე-6 საუკუნეში დაიწყო და მე-8 საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა. მეორე პანდემიამ (ყველაზე მომაკვდინებელი) 1330-იან წლებში იფეთქა და თითქმის 5 საუკუნე გრძელდებოდა. მესამე პანდემიის დაწყების თარიღად 1894 წელი ითვლება და ის დასრულებული ჯერ ისევ არ არის.
პანდემიებს შორის იყო დაავადების ბუბონური ფორმაც, როცა ბაქტერია ადამიანის ლიმფურ სისტემას აზიანებდა. პნევმონიურ ფორმაში კი ის ფილტვებში გვხვდება.
ყველაზე მომაკვდინებელი მეორე პანდემია იყო, რომელიც დანარჩენებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებით. შედარებისთვის, მეორე პანდემიის შედეგად სიკვდილის მაჩვენებელი 50% იყო, ხოლო მესამეს შემთხვევაში ეს 1%-ია.
მეორე პანდემია განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ საოცარი ტემპებით ვრცელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებსა და სხვა დასახლებებს შორის მიმოსვლა შუა საუკუნეებში ბევრად ნაკლებად ინტენსიური იყო, შავი სიკვდილი ევროპას თანამედროვე პანდემიებზე სწრაფად მოედო. იმ პერიოდის ქრონიკებსა და ექიმების ჩანაწერებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი გავრცელების მაჩვენებელი 1830-იანი წლების ქოლერასა და 1918-20 წლებში მიმდინარე ესპანური გრიპისას ბევრად აჭარბებდა.
ეს ფაქტი ვირთხების დანაშაულს უფრო ამსუბუქებს. ვირთხები იმაზე ბევრად ნელა მოძრაობენ, ვიდრე კონტინენტზე დაავადება მოძრაობდა. შესაბამისად, შეიძლება ყველაფერი აზიაში ვირთხებით დაიწყო, თუმცა ევროპაში დატრიალებული ტრაგედია ადამიანების კისერზეა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ შავი ჭირის ბუბონური ფორმა სწორედ ადამიანების გამო გავრცელდა და უფრო ვირთხებზე მეტად რწყილებისა და ტილების დამსახურებაა. ერთი სიტყვით, მთელი ამ დროის განმავლობაში მღრღნელებს, დიდი ალბათობით, ზედმეტ ტვირთს ვკიდებდით.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები