ქართველი ფოტოგრაფის მიერ აციმციმებული თბილისი — ინტერვიუ ნინი კაჭახიძესთან
თბილისის ნაცნობ ქუჩებზე სეირნობისას უზარმაზარი კორპუსების გახუნებული კედლები, აქა-იქ განათებული ფანჯრები, შუქნიშნები თუ მიწისქვეშა გადასასვლელის აციმციმებული აბრა იმდენად ნაცნობია, რომ მათთვის ყურადღების მიქცევა ხშირად მიჭირს. ყველაფერი თითქოს უკვე მრავალჯერ შესწავლილი და უცვლელი გარემოს განუყოფელი ნაწილია, რომელსაც დამოუკიდებელი "სიცოცხლე" და "ხასიათი" არ აქვს. ეს დამოკიდებულება ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფის, ნინი კაჭახიძის, იგივე Nina Nayko-ს ნამუშევრებმა შემიცვალა და ხუთი თითივით შესწავლილი ქალაქი ახალი თვალით დამანახა.
"ფოტოგრაფიით 13 წლის ასაკში დავინტერესდი, როცა შევამჩნიე, რომ განსხვავებული ხედვა მქონდა და მინდოდა, გარემოსადმი ჩემი ეს დამოკიდებულება სხვებისთვისაც გამეზიარებინა", — ასე იქცა შთამბეჭდავი მომენტების აღბეჭდვის პროცესი ნინის ჰობიდ, შემდეგ კი პროფესიადაც.
ფოტო: Nina Nayko
ნინი შთაგონებას იმ გარემოდან იღებს, რომელშიც დიდ დროს ატარებს. რადგანაც ხშირად არ მოგზაურობს, დედაქალაქის ქუჩები და შენობები მისი ობიექტივის ხშირი "სტუმრები" არიან. იქ, სადაც, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი იმალება, ნინი შთაგონების ნაპერწკლებს პოულობს და მათ თვალისმომჭრელად აციმციმებს.
ფოტო: Nina Nayko
ფოტო: Nina Nayko
"ჩემი შემოქმედების მიზანია ხალხს დავანახო, რომ ნაცრისფერ და მოსაწყენ გარემოშიც შეიძლება ბევრი საინტერესოს აღმოჩენა და შეგვიძლია, ამით რაღაც დადებითი მუხტი მივიღოთ. მიხარია, როცა მნახველი მეუბნება, რომ მე მას თბილისი სხვა თვალით დავანახე და შევაყვარე. მიუხედავად იმისა რომ ჩემი შემოქმედება სევდიანი და მელანქოლიური ხასიათის მატარებელია, მაინც დევს ის პოზიტიური აზრი, რომ ყველგან შეიძლება რაღაც კარგის ან საინტერესოს დანახვა", — ამბობს ნინი.
ურბანული გარემოს ფოტოები ახალ სიცოცხლეს სოციალური ქსელებისთვის შექმნილ ვიდეოებშიც პოულობენ. მუსიკის ფონზე აცეკვებული შუქები ციცინათელებს მოგაგონებთ, ზოგიერთი კადრი კი იმდენად იდუმალია, რომ თავი ფილმში გეგონებათ.
სამუშაო პროცესითაც დავინტერესდი — მინდოდა გამეგო იმ გზის შესახებ, რომელსაც ნინის ქართველი და უკვე უცხოელი გულშემატკივრების საყვარელი ფოტოები და ვიდეოები გადიან:
ფოტო: Nina Nayko
ფოტო: Nina Nayko
"სამუშაო პროცესი საკმაოდ სახალისო და სასიამოვნოა, პირველ რიგში ვგეგმავ, რომელ ქუჩაზე უნდა წავიდე, რომ კარგი ფოტომასალა შევაგროვო. ადგილზე მისვლის შემდეგ უბრალოდ გზას მივუყვები და ფოტოს ვუღებ ყველაფერს, რაც ცოტათი მაინც შთამაგონებს. უამრავი ფოტოდან 5-10 ფოტოს თუ შევარჩევ ვიდეოებისთვის. შემდეგ იწყება მათი დამუშავება — ეს ჩემი საყვარელი პროცესია. მიყვარს მხატვრული ფოტოები და თავს არ ვიზღუდავ მათ გარდაქმნაში. წინასწარ თითქმის არასდროს ვიცი, რა იქნება საბოლოო შედეგი".
ნინის ნამუშევრები ფირის ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვისაც კარგად ნაცნობი და საყვარელი იქნება, რადგან სწორედ ფირის ფოტოგრაფიაა მისი შთაგონების ერთ-ერთი წყარო:
"ჩემს შემოქმედებაზე, კერძოდ ფერების დამუშავებაზე, დიდი გავლენა აქვს ზოგადად ფირის ფოტოგრაფიას. ჩემთვის ბევრად კომფორტულია ციფრული აპარატი, ამიტომ ვცდილობ დამუშავების მეთოდებით გადმოვცე ის ფერები და ხასიათი, რაც ფირის ფოტოგრაფიაში ჭარბობს".
ურბანული გარემოს გარდა, ნინის ობიექტივში მზე, ზღვა და საქართველოს ბუნებაც ხვდება. მათ კი, ვისაც მრავალფეროვანი ნამუშევრების მხოლოდ სოციალურ ქსელებში ნახვა არ აკმაყოფილებს, მისი ფოტოწიგნის შეძენაც შეუძლია.
"ფოტოწიგნზე მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან მისი გამოცემა მხოლოდ ხალხის ინტერესსა და დაფინანსებაზე იყო დამოკიდებული და ეს მიზანი შესრულდა. ფოტოწიგნი 5 თავისა და 100-ზე მეტი სურათისგან შედგება, რომელთაც მყიდველი სურვილის შემთხვევაში ამოჭრის და პოსტერად გამოიყენებს. ბეტონის ქალაქი, ზაფხული, ზღვა, დაისი, საქართველოს ბუნება, ჩუმი საღამოები და ყველაფერი ის, რისი გადაღებაც მიყვარს, ამ წიგნშია შეკრებილი", — ამბობს ნინი.
ფოტო: Nina Nayko
ფოტო: Nina Nayko
შემოქმედებითობა, ინდივიდუალიზმი, კონკურენტუნარიანობა და საქმისადმი სიყვარული — ეს იმ თვისებების ჩამონათვალია, რომელიც, ნინის აზრით, კარგ და წარმატებულ ფოტოგრაფს უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ კონკურენტულ სფეროში თავის დამკვიდრება შეძლოს. დამწყებ ფოტოგრაფებს კი ურჩევს, მუშაობის პროცესში საკუთარი შემოქმედების მიზანიც ეძიონ და სოციალურ ქსელებში მეტად იაქტიურონ.
ინტერვიუს ბოლოს ნინის სამომავლო გეგმებზეც ვკითხე, რაზეც მიპასუხა, რომ საკუთარი ტექნიკის გაუმჯობესება და აუდიტორიისთვის კიდევ უფრო საინტერესო ნამუშევრების შეთავაზებაც უნდა. ამასთან ერთად სურს, ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს საგანმანათლებლო ვიდეოებიც შესთავაზოს და ამ გზით მსურველებს ფოტოებისა და ვიდეოების დამუშავებაში დაეხმაროს.
ფოტო: Nina Nayko
ფოტო: Nina Nayko
რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს (და იმედი მაქვს, სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენს სამომავლო გეგმებსაც), ამ ნამუშევრების დათვალიერებამ მომანდომა, ჩემთვის კარგად ნაცნობი ქუჩები და შენობები ხელახლა, ამჯერად, უფრო დაკვირვებით შევისწავლო, რათა მეც დავინახო ციცინათელები, რომლებიც ნინის ფოტოებში თვალისმომჭრელი და იდუმალი თბილისის სახეს ხატავენ.
კომენტარები