ბლოკადის დაწყების შემდეგ მეორედ მთიანი ყარაბაღი გაზის შეწყვეტის შესახებ იუწყება
მთიანი ყარაბაღის გაზმომარაგება ლაჩინის დერეფნის ბლოკადის დაწყების შემდეგ უკვე მეორედ შეწყდა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ელექტროენერგიის მომწოდებელი კაბელის დაზიანების შედეგად რეგიონში დენი ყოველდღიურად ითიშება.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რეგიონის სახელმწიფო მინისტრის, რუბენ ვარდანიანის მრჩეველმა, მესროპ არაკელიანმა აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის "დეპოპულაციაში" დაადანაშაულა.
რეგიონი ბლოკადაშია 12 დეკემბრიდან, როდესაც აზერბაიჯანელების ჯგუფმა, რომლებიც თავს "ეკო აქტივისტებად" მიიჩნევენ, მთიანი ყარაბაღის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადაკეტა.
რეგიონის გაზის მიმწოდებლის, არცახგაზის ინფორმაციით, სამშაბათს 13:00 საათზე მთიან ყარაბაღს გაზმომარაგება შეუწყდა. მთიანი ყარაბაღი გაზს სომხეთიდან აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გამავალი მილით იღებს.
რეგიონს გაზმომარაგება მანამდე სამი დღით, 13 დეკემბრიდან შეუწყდა, ლაჩინის დერეფნის გადაკეტვიდან ერთი დღის შემდეგ. სტეფანაკერტის ხელისუფლებამ ამ საკითხზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს დააკისრა და ქვეყანა "ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ტერორიზმში" დაადანაშაულა მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ინტერნეტის შეწყვეტა, ელექტროენერგიის დეფიციტი და რაციონირება
გასული კვირის განმავლობაში, მთიან ყარაბაღში სხვა კომუნალური პრობლემებიც წარმოიშვა.
12 იანვარს ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონისთვის ინტერნეტის მომწოდებელი კაბელი დაზიანდა იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც აზერბაიჯანელი "ეკო აქტივისტები" ლაჩინის დერეფანს ბლოკავდნენ. ინტერნეტის შეფერხება ერთი დღე გაგრძელდა და რუსი სამშვიდობოების შუამავლობით მოგვარდა. შედეგად, მთიანი ყარაბაღის სომხებს დაზიანებული კაბელის შეკეთების საშუალება მისცეს.
იმავე კვირის დასაწყისში, მთიანმა ყარაბაღმა განაცხადა, რომ დაზიანდა კაბელი, რომელიც რეგიონს სომხეთიდან ელექტროენერგიით ამარაგებს. მთიანი ყარაბაღის ოფიციალური პირების განცხადებით, კაბელის დაზიანება 9 იანვარს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხდა.
მას შემდეგ, მთიანი ყარაბაღი ეყრდნობა რეგიონში წარმოებულ ელექტროენერგიას, ძირითადად ჰიდროელექტროსადგურების მიერ, თუმცა ეს არ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას, რაც ელექტროენერგიის პერიოდულ შეწყვეტას იწვევს. 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონის ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა. ჰესებს, რომლებიც სტეფანაკერტის კონტროლის ქვეშ დარჩა, უსაფრთხოების საკითხების გამო პროდუქტიულობა შეუმცირდათ.
9 იანვარს დაწესებული ელექტროენერგიის დღიური ორსაათიანი შეწყვეტა 17 იანვარს შეიცვალა ელექტროენერგიის დღიური ოთხსაათიანი შეწყვეტით.
ბლოკადის დაწყებიდან მალევე, მთიან ყარაბაღში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი წარმოიშვა, რეგიონის მთავრობამ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ გარკვეული ძირითადი საკვები პროდუქტების რაციონირება 17 იანვარს დაიწყება.
მთავრობის ცნობით, ბლოკადამდე მთიანი ყარაბაღს სომხეთიდან ყოველდღიურად 400 ტონა საქონელი შემოჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ჯვრის და რუსეთის სამშვიდობო მანქანებს ბლოკადაში გავლის უფლება მიეცათ, რეგიონის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არასაკმარისია.
ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 700-მა ადგილობრივმა ბიზნესმა შეაჩერა ფუნქციონირება ბლოკადის შემდეგ, რეგიონის დაახლოებით 120 000 მცხოვრებიდან დაახლოებით 3 500-მა სამუშაო დაკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ გზის გადაკეტვისას აქტივისტები თავდაპირველად მოითხოვდნენ, აზერბაიჯანელ ექსპერტებს მთიანი ყარაბაღის კაშენის (დამირლი) და დრმბონის (ქიზილბულაგი) მაღაროების მონახულების უფლება ჰქონოდათ, შემდეგ მათი მოთხოვნები გაიზარდა და მოიცვა აზერბაიჯანის კონტროლი რუსეთის მიერ კონტროლირებად ლაჩინის დერეფანზე — აზერბაიჯანული საგუშაგო მთიან ყარაბაღში სატვირთო მანქანების შესვლისა და გასვლისთვის.
28 დეკემბერს, მთიანი ყარაბაღის მთავრობამ გამოაცხადა, რომ შეაჩერა ქაშენის სპილენძ-მოლიბდენის მაღაროს მუშაობა საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარებამდე და მოითხოვა გაეროს ინსპექტირების ჯგუფის გაგზავნა. განცხადებას არც აზერბაიჯანის ხელისუფლება და არც აქციის მონაწილეები არ გამოხმაურებიან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები